კონკურენციის სააგენტო

info-gca@competition.ge
(032) 2 440 770 (EXT 21-74)

სააგენტოს შესახებ

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიქმნა კონკურენციის სააგენტო და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კონკურენციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის N288 დადგენილების შესაბამისად, დამტკიცდა მისი დებულება.

კონკურენციის სააგენტო არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ - მინისტრის მიერ დანიშნული თავმჯდომარე. კონკურენციის სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საზოგადოების წინაშე.

სააგენტოს მიზანია საქართველოში ბაზრის ლიბერალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის ხელშეწყობა. კერძოდ:

ა) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ბაზარზე შესვლის ადმინისტრაციული, სამართლებრივი და დისკრიმინაციული ბარიერების დაუშვებლობა;

ბ) ბაზარზე ეკონომიკური აგენტის თავისუფალი დაშვებისათვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა

გ) ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის დაუშვებლობა

დ) ეკონომიკური აგენტების საქმიანობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვა;

ე) დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა;

ვ) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ეკონომიკური აგენტებისათვის ისეთი ექსკლუზიური უფლებამოსილების მინიჭების დაუშვებლობა, რომელიც იწვევს კონკურენციის არამართლზომიერ შეზღუდვას;

ზ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალური საჯაროობის, ობიექტურობის, არადისკრიმინაციულობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.