კონკურენციის სააგენტო

info-gca@competition.ge
(032) 2 440 770 (EXT 21-74)

მიმდინარე

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი - “საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა”

2017 წლის 17 იანვარს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი - „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა” დაიწყო. პროექტის ხანგრძლივობა ორი წლის ვადით განისაზღვრება და მას საერთაშორისო კონსორციუმი ახორციელებს, რომელსაც “Business and Strategies Europe” ხელმძღვანელობს, ხოლო ერთ-ერთი წევრი ლიტვის რესპუბლიკის კონკურენციის საბჭოა.

პროექტის მიზანია გააძლიეროს სააგენტოს ინსტიტუციონალური განვითარება, ხელი შეუწყოს ეკონომიკურ წინსვლას და მომხმარებელთა კეთილდღეობას, ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით და DCFTA-ის დებულებების შესაბამისად.

პროექტის ძირითად ამოცანას, სააგენტოს თანამშრომლებისათვის პროფესიული შესაძლებლობების გაუმჯობესების მეშვეობით, კონკურენციის კანონის ეფექტიანი აღსრულების ხელშეწყობა წარმოადგენს. პროექტი სამ ძირითად მიზანს ემსახურება:

  • გაზარდოს და გააძლიეროს კონკურენციის სააგენტოს სამართლებრივი, ეკონომიკური და ტექნიკური შესაძლებლობების ეფექტიანობა, რაც უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ კონკურენციის პოლიტიკის სათანადოდ აღსრულებას, ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკისა და DCFTA-ის დებულებების შესაბამისად (კომპონენტი 1);
  • გააუმჯობესოს თანამშრომლობა კონკურენციის სააგენტოსა და დარგობრივ მარეგულირებლებს შორის (კომპონენტი 2);
  • ხელი შეუწყოს ქართულ საზოგადოებაში კონკურენციის კულტურის დამკვიდრებას (კომპონენტი 3).

პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტები და ლიტვის რესპუბლიკის კონკურენციის საბჭოს მაღალი რანგის წარმომადგენლები დაეხმარებიან როგორც საქართველოს კონკურენციის სააგენტოს, ასევე სხვა დაინტერესებულ უწყებებს (სამინისტროები, დარგობრივი მარეგულირებლები, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულებაში ჩართული საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლები), რათა გაძლიერდეს კონკურენციის სააგენტოს შესაძლებლობები, გაუმჯობესდეს საკანონმდებლო ჩარჩო, მოხდეს ქართულ ბაზარზე სამართლიანი და კონკურენტული ბიზნეს გარემოს კონსოლიდირება.

საერთო ჯამში, პროექტი შესაძლებელია დაიყოს შემდეგ ძირითად მოდულებად:

- დეტალური მეთოდოლოგიისა და საქმიანობის სამოქმედო გეგმის მომზადება;

- ხარვეზების ანალიზის ჩატარება;

- საკანონმდებლო რეფორმების პრინციპების და ასოცირების შეთანხმების (მათ შორის, DCFTA) ამსახველი ცვლილებების შეტანა მოქმედ კანონმდებლობაში;

- სახელმძღვანელო დოკუმენტების შექმნა;

- საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების ორგანიზების სტრატეგიების მომზადება;

- კონკურენცია და სახელმწიფო შესყიდვები;

- კონკურენცია და სასამართლო სისტემა;

- ინფორმაციული სისტემების მართვა (MIS);

- გაუმჯობესებული თანამშრომლობა დარგობრივ მარეგულირებლებთან;

- კონკურენციის კულტურისა და ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში.

პროექტის შედეგები ასევე ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობისა და მომხმარებელთა კეთილდღეობის უზრუნველყოფას. მეტიც, პროექტი დაეხმარება კონკურენციის სააგენტოს ინსტიტუციონალური ჩარჩოს გაძლიერებაში და უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას კონკურენციის საკითხებზე, კონკურენციის პოლიტიკის როლსა და მის მნიშვნელობაზე.

პროექტს ხელმძღვანელობს საორგანიზაციო კომიტეტი, რომელიც უზრუნველყოფს პროექტის მიმართულებებსა და ღონისძიებებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას, პროექტის მსვლელობის დროს დაბრკოლებების განხილვას და ხელს უწყობს პროექტის იმპლემენტაციას. საორგანიზაციო კომიტეტის წევრები, პროექტის განმახორციელებელ გუნდთან, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და საქართველოს კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად არიან - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები.

პროექტის ფარგლებში, 2017 და 2018 წლის მანძილზე, გაიმართა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება და გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები პროექტის მიზნების მისაღწევად, განხორციელდა არსებული რეგულაციებისა და ქართული საკანონდებლო ჩარჩოს ანალიზი, შემუშავდა რეკომენდაციები საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. განხორციელდა მაღალი რანგის ოფიციალური პირებისა და ექსპერტების სამუშაო ვიზიტები საქართველოში, რომელთაც გამართეს შეხვედრები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან.

2017 წელი

კონკურენციის სააგენტოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით, განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:

  • შედგა 3 სტაჟირება და კონკურენციის სააგენტოს 4 თანამშრომელს საშუალება მიეცა, ადგილზე გასცნობოდა უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ევროპის მოწინავე ქვეყნების კონკურენციის ორგანოების მუშაობას. 2 კვირიან სტაჟირებებს უმასპინძლეს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD), გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციამ (UNCTAD) და ავსტრიის კონკურენციის უწყებამ;
  • შედგა 1 კვირიანი სასწავლო ვიზიტი ევროკომისიის კონკურენციის გენერალურ დირექტორატში (DG Competition), რომელშიც სააგენტოს 7-მა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. მათ საშუალება ჰქონდათ, დასწრებოდნენ კონკურენციის გენერალური დირექტორატის მიერ ორგანიზებულ ტრენინგთა ციკლს და მიეღოთ დეტალური ინფორმაცია უწყების საქმიანობის კონკრეტული მიმართულებების თაობაზე. ვიზიტის ფარგლებში, შედგა მნიშვნელოვანი შეხვედრები, მათ შორის გენერალური დირექტორატის უმაღლესი თანამდებობის პირთან - იოანეს ლეიტენბერგერთან და დამყარდა აუცილებელი საერთაშორისო კონტაქტები;
  • კონკურენციის საკითხებზე მომუშავე მოწვეული ევროპელი ექსპერტების მიერ, სააგენტოს თანამშრომელთათვის ჩატარდა 12 ტრენინგი, კონკურენციის კანონმდებლობის და პოლიტიკის სხვადასხვა აქტუალურ თემატიკაზე. სააგენტოს თანამშრომლებს საშუალება მიეცათ, მიეღოთ საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ყველა ინფორმაცია და პასუხები მათთვის საინტერესო ნებისმიერ შეკითხვაზე. სააგენტოს თანამშრომლებმა, ასევე, გაიარეს პროგრამა „სტატა“, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა აისეტში (ISET), რომლის მეშვეობითაც, პროგრამული უზრუნველყოფის ძირითად პრინციპებს და საშუალებებს გაეცნენ;
  • პროექტის ფარგლებში, განხორციელდა 4 მნიშვნელოვანი საერთაშორისო ვიზიტი; სააგენტოს თავმჯდომარესა და წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ, დასწრებოდნენ კონკურენციის საერთაშორისო ქსელის (ICN) წლიურ კონფერენციას პორტოში, OECD-ის მიერ ორგანიზებულ კონკურენციის გლობალურ ფორუმს პარიზში, ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის წლიურ შეხვედრას ვაშინგტონში და გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის ორგანოს (UNCTAD) კონკურენციის პოლიტიკის შესახებ მთავრობათაშორისი ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრას ჟენევაში.

2017 წლის მანძილზე, ევროკავშირის დახმარების პროექტის ფარგლებში, გაიმართა 8 ღონისძიება, რომელთა მიზანს კონკურენციის სააგენტოს ცნობადობის გაზრდა და საზოგადოებაში კონკურენციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. სემინარებისა და პრეზენტაციების სამიზნე აუდიტორიას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, ბიზნეს სექტორის, საკონსულტაციო კომპანიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები შეადგენდნენ.

2018 წელი:

კონკურენციის სააგენტოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით, განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:

  • შედგა 3 სტაჟირება, რომელთა ფარგლებშიც კონკურენციის სააგენტოს 6 თანამშრომელს საშუალება მიეცა, ადგილზე გასცნობოდნენ გერმანიის, ავსტრიის, პორტუგალიისა და რუმინეთის კონკურენციის უწყებების მუშაობასა და მიეღოთ ინფორმაცია კონკურენციის პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე.
  • შედგა 1 კვირიანი სასწავლო ვიზიტი ევროკომისიის კონკურენციის გენერალურ დირექტორატში (DG Competition), რომელშიც სააგენტოს 7-მა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. მათ საშუალება ჰქონდათ, დასწრებოდნენ კონკურენციის გენერალური დირექტორატის მიერ ორგანიზებულ ტრენინგთა ციკლს და მიეღოთ დეტალური ინფორმაცია უწყების საქმიანობის კონკრეტული მიმართულებების თაობაზე. ვიზიტის ფარგლებში, შედგა მნიშვნელოვანი შეხვედრები, მათ შორის გენერალური დირექტორატის უმაღლესი თანამდებობის პირთან - იოანეს ლეიტენბერგერთან, ასევე, DG Near-ის წარმომადგენელთან. სააგენტოს წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტს ფარგლებში ასევე ეწვიენ ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს (CJEU). მათ გამართეს შეხვედრები მოსამართლეებთან, სადაც განხილულ იქნა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში არსებული გამოწვევები, მიდგომები და დამკვიდრებული პრაქტიკა. აღსანიშნავია, რომ ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მოსამართლეების ჩართულობით დაიგეგმა სამომავლო ღონისძიებები, რომელთა მიზანიც სააგენტოს გაძლიერება და კონკურენციის პოლიტიკის მიმართულების ცნობიერების ამაღლებაა.
  • კონკურენციის საკითხებზე მომუშავე მოწვეული ევროპელი ექსპერტების მიერ, სააგენტოს თანამშრომელთათვის ჩატარდა 11 ტრენინგი, კონკურენციის კანონმდებლობის და პოლიტიკის სხვადასხვა აქტუალურ თემატიკაზე. კერძოდ, ტრენინგები შეეხო კონცენტრაციებს, სახელმწიფო დახმარებას, ჯარიმების დაკისრებასა და დაანგარიშების წესს, ბაზარზე შესვლის ადმინისტრაციულ და დისკრიმინაციულ ბარიერებს, საქმის მოკვლევის ეტაპებს კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებებთან მიმართებით, ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგს და სხვა.
  • პროექტის ფარგლებში, განხორციელდა 5 მნიშვნელოვანი საერთაშორისო ვიზიტი; სააგენტოს თავმჯდომარესა და წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ, დასწრებოდნენ კონკურენციის საერთაშორისო ქსელის (ICN) წლიურ კონფერენციას დელიში, OECD-ის მიერ ორგანიზებულ კონკურენციის მე-17 გლობალურ ფორუმს პარიზში, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის ორგანოს (UNCTAD) კონკურენციის პოლიტიკის შესახებ მთავრობათაშორისი ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრას ჟენევაში, კონკურენციის დღის აღნიშვნას ავსტრიისა და ბულგარეთის კონკურენციის უწყებებში.

2018 წლის განმავლობაში, ევროკავშირის პროექტის მეშვეობით გაიმართა 13 ღონისძიება, რომელთა მიზანს წარმოადგენდა კონკურენციის სააგენტოს ცნობადობის გაზრდა და საზოგადოებაში კონკურენციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება. ღონისძიებების სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენდნენ ბიზნეს სექტორის, მარეგულირებელი ორგანოების (საქართველოს ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია და საქართველოს ეროვნული ბანკი), სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ასევე ადვოკატთა ასოციაციის წევრები, მოსამართლეები, დარგობრივი ასოციაციების წევრები და სხვა დაინტერესებული პირები.

ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით, 2018 წლის 28-29 სექტემბერს ასევე გაიმართა მეორე საერთაშორისო კონფერენცია კონკურენციის პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე, რომელსაც ესწრებოდნენ ევროკავშირის ქვეყნების კონკურენციის უწყებების, აკადემიური წრეების, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

პროექტის ხელშეწყობითა და საერთაშორისო ექსპერტების აქტიური ჩართულობით შემუშავდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი, რომლის მიზანია ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება საქართველოში. დაგეგმილი ცვლილებების ფართო საზოგადოებისათვის გასაცნობად, 2018 წლის 27 სექტემბერს გაიმართა მრგვალი მაგიდა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, მარეგულირებელი ორგანოების, ბიზნესომბუდსმენის, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, OECD-ის, UNCTAD-ისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონკურენციის ორგანოების წარმომადგენლების მონაწილეობით.