კონკურენციის სააგენტო

info-gca@competition.ge
(032) 2 440 770 (EXT 21-74)

დასრულებული

EBRD-ის მიერ დაფინანსებული პროგრამა „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერა და ადვოკატირება“ - 2017

2017 წელს წარმატებულად გაგრძელდა 2016 წელს დაწყებული თანამშრომლობა კონკურენციის სააგენტოსა და EBRD-ს შორის. შედგა რამდენიმე შეხვედრა კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ბატონ ნოდარ ხადურსა და EBRD-ის დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში, ბატონ ბრუნო ბალვანერას შორის, სადაც განხილულ იქნა შემდგომი თანამშრომლობის საკითხები.

2017 წელს, EBRD-ის დაფინანსებით, განხორციელდა პროექტი - „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერა და ადვოკატირება“. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების ორგანიზება ამერიკულმა კომპანიამ „IOS Parnters, Inc"-მა განახორციელა.

პროექტის ფარგლებში, გაიმართა შემდეგი ღონისძიებები:

1) გასვლითი 2 დღიანი სემინარი ჟურნალისტებისათვის - 2017 წლის 29-30 ივნისს გაიმართა. ღონისძიება კახეთში, კაჭრეთში ჩატარდა და მას ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ძირითადი ტელევიზიებისა და ინტერნეტ-გამოცემების ეკონომიკური პროფილით მომუშავე 30-მდე ჟურნალისტი დაესწრო. ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ, მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია და პასუხები მედიისათვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე, გაცნობოდნენ კონკურენციის სამართლის პრინციპებს, სააგენტოს თანამშრომლებთან და მოწვეულ ექსპერტებთან ერთად. ღონისძიების მიზანს მასმედიის წარმომადგენლებისათვის კონკურენციის თემატიკის გაცნობა, ცნობიერების ამაღლება და კონტაქტების დამყარება წარმოადგენდა.

2) სემინარი თანამშრომლობის პროგრამის (Leniency) თემატიკაზე - 2017 წლის 22 სექტემბერს ჩატარდა, რომელსაც საქართველოში მოქმედი ბიზნეს კომპანიების 40 წარმომადგენელი დაესწრო. მათ საშუალება ჰქონდათ, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი (ფრანგი და ჩეხი) ექსპერტებისგან მიეღოთ ინფორმაცია თანამშრომლობის პროგრამის სიკეთეების შესახებ და გაცნობოდნენ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, სხვადასხვა ქვეყნებში თანამშრომლობის პროგრამის ფუნქციონირების თაობაზე.

3) პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია კონკურენციის სფეროში - კონფერენცია სახელწოდებით „კონკურენციის პოლიტიკა - თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები“ 2017 წლის 17-18 ნოემბერს გაიმართა და საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და პრაქტიკული რეალიზაციის 25 წლის იუბილეს მიეძღვნა.

კონფერენციის ფარგლებში, 17 ნოემბერს, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადურმა, 6 ქვეყნის - ბელარუსის, ესტონეთის, ლატვიის, მოლდოვას, ჩეხეთისა და რუმინეთის კონკურენციის უწყებების ხელმძღვანელებთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.

ღონისძიებას 20-ზე მეტი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი (ავსტრია, ბელარუსი, თურქეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, მოლდოვა, ჩეხეთი, რუმინეთი, უკრაინა და ა.შ.) და ორასამდე მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის: ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყებების, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, უზენაესი სასამართლოს, აკადემიური წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მაღალი რანგის პირები.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შარვაშიძე; საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე; ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, ოპერაციული ხელმძღვანელი, ლორენცო ჩიარი; ევროკავშირის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“, B&S Europe-ს დირექტორი, რაფაელ კომენჟი.

პლენარული სესიისა და 4 სამუშაო სექციის ფორმატში, მოხდა კონკურენციის სამართლისა და პოლიტიკის საკითხებზე ნაშრომების წარმოდგენა და ანალიზი. ყურადღება გამახვილდა საქართველოში კონკურენციის კუთხით არსებულ ძირითად გამოწვევებზე, მათ შორის საკანონმდებლო ხარვეზების ნაწილზე, აღნიშნული ხარვეზების დაძლევის გზებსა და მომავალ საკანონმდებლო ინიციატივებზე.

კონფერენციის მეორე დღეს გაიმართა გასვლითი ღონისძიება კახეთში, სადაც ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორმა, ამერიკის ფედერალური ვაჭრობის კომისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა - ვილიამ კოვაჩიჩმა გააკეთა მოხსენება ჯანსაღი კონკურენციის მნიშვნელობისა და კონკურენციის ეფექტიანი პოლიტიკის წარმართვის საკითხებზე.

კონფერენციის ორგანიზატორები, საქართველოს კონკურენციის სააგენტოსთან ერთად, იყვნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს კონკურენციის ინსტიტუტი.