კონკურენციის სააგენტო

info-gca@competition.ge
(032) 2 440 770 (EXT 21-74)

განცხადებები

საქართველო საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს კონკურენციის პოლიტიკა: ტენდენციები და გამოწვევები

თბილისი, 28-29 სექტემბერი, 2018 - საქართველოს კონკურენციის სააგენტო და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ევროკავშირის მხარდაჭერით, საერთაშორისო კონფერენციას "კონკურენციის პოლიტიკა: ტენდენციები და გამოწვევები" მართავენ.

კონფერენცია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეებს ეძღვნება. ღონისძიება მიზნად ისახავს გაზარდოს მოსახლეობის ცნობიერება კონკურენციის საკითხებზე, წარმოაჩინოს ჯანსაღი კონკურენციის მნიშვნელობა ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის.

ღონისძიების ფარგლებში გააფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს კონკურენციის სააგენტოს და ბულგარეთის, საბერძნეთის და უკრაინის კონკურენციის უწყებებს შორის. ასევე მემორანდუმი გაფორმდება საქართველოს კონკურენციის სააგენტოსა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს შორის.

კონფერენციას 200-ზე მეტი მონაწილე ესწრება, მათ შორის: საქართველოს მთავრობის და პარლამენტის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების, ბიზნეს ასოციაციების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და 30-მდე მაღალი რანგის პირი სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყებიდან.

კონფერენციას გახსნის საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური. სიტყვით გამოვლენ: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსი, ევროკავშირის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ გუნდის ხელმძღვანელი, B&S Europe-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე,ექსპერტები გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციიდან (UNCTAD), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციიდან (OECD) და სხვ.

ღონისძიებაზე მონაწილეები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას და იმსჯელებენ კონკურენციის პოლიტიკის ტენდენციებზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე. კონკურენციის პოლიტიკა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის, მომხმარებლის კეთილდღეობის ზრდისა და ბიზნესგარემოს შექნისათვის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) დებულებების შესაბამისად, რომელთა მიზანი "ევროკავშირსა და საქართველოს შორის ბაზრის ხელმისაწვდომობის გაზრდაა".

დამატებითი ინფორმაცია

პროექტი "საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა" წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის - „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) და მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის" დამატებითი ზომების ნაწილს.

პროექტის მთავარი ამოცანაა დაეხმაროს საქართველოს კონკურენციის სააგენტოს შესაძლებლობების განვითარებაში, გააუმჯობესოს თანამშრომლობა სააგენტოსა და დარგობრივ მარეგულირებლებს შორის და უზრუნველყოს საქართველოში კონკურენციის კულტურის ამაღლება ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკისა და DCFTA-ის შესაბამისად.

2017 წელს კონკურენციის სააგენტო ახორციელებდა 6 საქონლის/მომსახურების ბაზრის მოკვლევას, რომელთაგან 5 დასრულდა 2017 წელს; სააგენტომ გასცა 10 რეკომენდაცია, ასევე სააგენტოში მიმდინარეობდა საქონლის/მომსახურების 5 ბაზრის მონიტორინგი. 2017 წლის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ განიხილა მოსალოდნელი კონცენტრაციის 2 შეტყობინება და 1 განცხადება სახელმწიფო დახმარების თაობაზე. კონკურენციის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, ჩატარდა 12 სემინარი/კონფერენცია.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით

საქართველოს კონკურენციის სააგენტო

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს PR-მენეჯერი ხატია წიკლაური (577 255515)