კონკურენციის სააგენტო

info-gca@competition.ge
(032) 2 440 770 (EXT 21-74)

სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა დაასრულა

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა, რომელიც მხოლოდ ბანკების მიერ გაცემული წინასწარი ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საბანკო გარანტიების მოთხოვნას შეეხებოდა, დაასრულა.

მოკვლევის ფარგლებში, ელექტრონულ ტენდერებთან მიმართებაში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის დარღვევის ფაქტი დადგინდა.

შესაბამის ბაზარზე, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, როგორც შემსყიდველ ორგანიზაციებს, ასევე საქართველოს ბიზნესომბუდსმენს რეკომენდაციები წარედგინათ.

ბრძანება

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვის ბაზრის მოკვლევა დაასრულა

საქართველოს კონკურენციის სააგენტოში შპს ,,სიტროენ ჯორჯიას“ საჩივრის საფუძველზე მიმდინარე მოკვლევა დასრულდა. საკითხის შესწავლის შედეგად, კონკურენციის სააგენტომ დაადგინდა, რომ სადავო პერიოდში, მოპასუხე კომპანიების მხრიდან, კონკურენციის შესახებ კანონის მე-7 მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონდა.

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ, შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ ორი რეკომენდაცია შეიმუშავა.

მიღებული რეკომენდაციები ითვალისწინებს შემდეგს:

1. შემსყიდველი ორგანიზაციების ცნობიერების ამაღლების მიზნით სატენდერო პირობების და ბაზრის კვლევის მეთოდიკის დანერგვას/სრულყოფას;

2. საკანონმდებლო წინადადების შემუშავებას, რათა შემსყიდველ ორგანიზაციებს დაევალოთ ბაზრის კვლევის დოკუმენტის ატვირთვა ელექტრონულ სისტემაში, ტენდერის გამოცხადებისას.

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება “ამერიტექისა“ და „სმაილის“ კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობაზე

საქართველოს კონკურენციის სააგენტოში, 2018 წლის 11 ივნისს, შპს „ამერიტექსა“ და შპს „სმაილს“ შორის მოსალოდნელი კონცენტრაციის შესახებ წინასწარი შეტყობინება შემოვიდა.

სააგენტომ შესაბამის ბაზარზე არსებული ვითარების შესწავლისა და მოსალოდნელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის დადგენის მიზნით, გამოითხოვა და დაამუშავა ინფორმაცია, როგორც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან(საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, შემოსავლების სამსახური), ასევე შესაბამის ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტებისგან. მიღებული მასალების შესწავლისა და საერთაშორისო პრაქტიკის გაანალიზების საფუძველზე, სააგენტომ ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების საბაზრო წილები დაადგინა და მოსალოდნელი კონცენტრაციის შედეგები შეაფასა.

მონაცემების შესწავლისა და ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად კონკურენციის სააგენტომ გადაწყვეტილება მიიღო - შპს „ამერიტექისა“ და შპს „სმაილის“ როგორც დამოუკიდებელი ეკონომიკური აგენტების მიერ ერთობლივი საწარმოს დაფუძნების გზით განსახორციელებელი კონცენტრაცია, კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.

ბრძანება

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ, „დიზაინ ჰაუსის“ საჩივრის საფუძველზე, კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევა დაადასტურა

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ, მოკვლევის ფარგლებში მიღებული მასალებისა და ინფორმაციების დამუშავებისსაფუძველზე, შპს „დნას“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11³ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისდარღვევის ფაქტი დაადასტურა, რომელიც სოციალურ ქსელ Facebook-ზე შპს „დიზაინ ჰაუსის“ რეპუტაციისა და ინტერესისშემლახველი ცნობების გავრცელებაში გამოიხატება.

კანონდარღვევის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად, შპს „დნას“ დაევალა - დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სოციალურ ქსელFacebook-ის გვერდიდან იდენტური/მსგავსი პოსტის/პოსტების წაშლა, რომელიც მომხმარებელს შპს „დიზაინ ჰაუსის“ შესახებ არასწორ ინფორმაციას აწვდის. მოკვლევას საფუძვლად 2017 წლის პირველ დეკემბერს, შპს „დიზაინ ჰაუსის“ მიერწარმოდგენილი საჩივარი დაედო.

ბრძანება

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზრის ხელახალი მოკვლევა დაასრულა

საქართველოს კონკურენციის სააგენტოში საავტომობილო საწვავის ბაზრის ხელახალი მოკვლევა დასრულდა, რომელიც საქართველოს სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით ხორციელდებოდა. როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, სააგენტოს 2015 წლის გადაწყვეტილება ბათილად ცნო და უწყებას საქმის გარემოებების ხელახალი მოკვლევა და ანალიზი დაავალა.

როგორც თავდაპირველი, ასევე, მიმდინარე მოკვლევის ფარგლებში მიღებული ადმინისტრაციული წარმოების მასალების ანალიზის შედეგად, სააგენტომ დაადგინა შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის", შპს "რომპეტროლ საქართველოს", შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას", სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ და შპს "ლუკოილ ჯორჯიას" მიერ „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის („კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი) დარღვევის ფაქტი.

სააგენტომ ასევე დაადგინა შპს "რომპეტროლ საქართველოს", შპს "ლუკოილ ჯორჯიას" და შპს „L ოილის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევა - ფრენშაიზინგის/ქველიცენზიის ხელშეკრულებების შესაბამისად ფასების განსაზღვრის საკითხთან მიმართებაში.

კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევისთვის ზემოთ ჩამოთვლილ ეკონომიკურ აგენტებს ჯამში სამ მილიონამდე ლარის ოდენობით ჯარიმა შეეფარდათ.

ბრძანება

გორის ტაქსებით მომსახურების ბაზარზე მოქმედი კომპანიების საჩივარზე მოკვლევა არ დაიწყო

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ გორის ტაქსებით მომსახურების ბაზარზე მოქმედი 11 ეკონომიკური აგენტის ერთობლივ საჩივარზე, რომელიც „ტექნოკომის“ შესააძლო არაკეთილსინდისიერ ქმედებებს შეეხებოდა, მოკვლევა არ დაიწყო.

მომჩივანთა პოზიციით, ადგილი ჰქონდა არაკეთილსინდისიერ კონკურენციას, რომელიც მათთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი მძღოლებისათვის თითოეულ გამოძახებაზე 0.5-თეთრიანი დანამატის დაწესებასა და ამ გზით მძღოლების გადაბირებაში გამოიხატებოდა.

იქიდან გამომდინარე, რომ საჩივარში აღწერილი ქმედებები „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 113 მუხლით განსაზღვრულ ჩარჩოს სცდებოდა, მოკვლევის დაწყებაზე მომჩივან კომპანიებს უარი ეთქვათ.

ბრძანება

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ მოკვლევის დაწყებაზე უარი განაცხადა

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ „კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრის“ განცხადებაზე, რომელიც "ტავ ურბან საქართველოს“ მიერ სარეგისტრაციო მოსაკრებლის ფასის განსაზღვრის პროცესში დომინირებული მდგომარეობის სავარაუდო ბოროტად გამოყენების ფაქტს შეეხებოდა, მოკვლევა არ დაიწყო.

„კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრმა" შესაბამისი განცხადებით სააგენტოს აპრილში მიმართა.

საკონსულტაციო შეხვედრისას განმცხადებელს განემარტა, რომ „ტავ ურბან საქართველო“ რელევანტური მოპასუხე არ არის, ვინაიდან სარეგისტრაციო მოსაკრებლის ფასს განსაზღვრავენ თავად ავიაკომპანიები და არა - აეროპორტის მმართველი კომპანია, რასაც განმცხადებელი თავადვე დაეთანხმა.

შესაბამისად, კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საკითხზე მოკვლევა არ დაიწყო.

ბრძანება

„კურორტ საირმის“ მიერ დომინირებული მდგომარეობის სავარაუდო ბოროტად გამოყენების ფაქტთან დაკავშირებულ საჩივარზე მოკვლევა არ დაიწყო

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ საირმის ტერიტორიაზე მოქმედი 6 ეკონომიკური აგენტის - სასტუმროთა მფლობელების საჩივარზე, რომელიც „კურორტი საირმის“ მიერ დომინირებული მდგომარეობის სავარაუდო ბოროტად გამოყენებას შეეხებოდა, მოკვლევა არ დაიწყო.

მომჩივანთა პოზიციით, კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა მოპასუხის რამდენიმე ქმედებაში გამოიხატებოდა, მათ შორის: პარკის ტერიტორიაზე კონკურენტი სასტუმროების დამსვენებელთა და არსებული წყლის ბიუვეტთან დაშვების შეზღუდვა, დაშვებისთვის საფასურის დაწესება; საკურორტო პოლიკლინიკასა და სარელაქსაციო ცენტრში მომსახურების დისკრიმინაციული ფასების დაწესება და ა.შ.

საქმის მასალების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ წყლის ბიუვეტთან დაშვების პრობლემას ადგილი არ ჰქონია. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან კონსულტაციების შედეგად კი დადგინდა, რომ ხსენებული ტერიტორია/ობიექტები წარმოადგენს „კურორტი საირმის“ საკუთრებას, რომელიც მას 2011 წელს სახელმწიფოსგან გადაეცა. მოპასუხეს არ აქვს რაიმე სახის საინვესტიციო ვალდებულება, რომ მის საკუთრებაში არსებული ტერიტორიით ნებისმიერ პირს უსასყიდლოდ სარგებლობის უფლება მისცეს. შესაბამისად, საჩივარში წარმოდგენილი ბრალდებების დაუსაბუთებლობის მოტივით, სააგენტომ მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმა გადაწყვიტა.

ბრძანება

საქართველოს კონკურენციის სააგენტო „ალტასა“ და „მეტრომარტის“ კონცენტრაციას დათანხმდა

2017 წლის 18 ოქტომბერს, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს წარედგინა შპს „ალტასა“ და შპს „მეტრომარტს“ შორის დაგეგმილი კონცენტრაციის შესახებ შეტყობინება.

შესაბამის ბაზარზე არსებული ვითარების შესწავლისა და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების მიზნით, კონკურენციის სააგენტომ გამოითხოვა და მიიღო ინფორმაცია როგორც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან(საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, შემოსავლების სამსახური), ასევე შესაბამის ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტებისგან.

მიღებული დოკუმენტაციისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე, სააგენტომ დაადგინა ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების საბაზრო წილები და კონცენტრაციის დონე, რომელიც გამოითვალა საცალო და საბითუმო სფეროს კომპანიათა წლიური ერთობლივი შემოსავლების მიხედვით.

სააგენტოს ხელთ არსებული მონაცემების შესწავლის, ასევე შესაბამისი დაწესებულებების წარმომადგენლებსა და ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად, მიღებულია გადაწყვეტილება - შესაბამის ბაზარზე, კონცენტრაციის დონე მნიშვნელოვნად არ იცვლება და დაგეგმილი კონცენტრაცია ნორმალურ კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.

გადაწყვეტილება სს „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ 2017 წლის 18 ოქტომბრის განცხადების საფუძველზე მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ

2017 წლის 18 ოქტომბერს, საქართველოს კონკურენციის სააგენტოში (შემდგომში „სააგენტო“) წარმოდგენილ იქნა სს ,,საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ განცხადება, შპს „საქართველოს ფოსტასა“ და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის შესახებ.

წარმოდგენილი განცხადების დასაშვებობის შესწავლისა და მოკვლევის დაწყების მიზანშეწონილობის განსაზღვრის ეტაპზე, სააგენტომ გააანალიზა როგორც განმცხადებლის პოზიცია, ასევე მის მიერ დასახელებული პირების (ფოსტისა და სატრანსპორტო კომპანიის) მხრიდან წარმოდგენილი არგუმენტაცია.

ვინაიდან ორივე კომპანია წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს და არა სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ისინი ვერ იქნებიან განხილულნი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით დარეგულირებულ სუბიექტებად. შესაბამისად, ვერ შეფასდება მათ მიერ ამ ნორმის მოთხოვნათა დარღვევის საკითხიც.

კანონის 24-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტო უარს ამბობს განცხადების ან/და საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე, თუ არ არსებობს ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში, სახეზე იყო სწორედ ეს გარემოება, კერძოდ, არ არსებობდა სააგენტოს მიერ მოკვლევის დაწყებისათვის შესაბამისი კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი.

ამდენად, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 13 ნოემბრის N04/303 ბრძანებით, სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება სს „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ განცხადების საფუძველზე მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ.

ბრძანება

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება სს „კონდოტე დაკვას“ 2017 წლის 4 სექტემბრის საჩივრის საფუძველზე მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ

2017 წლის 4 სექტემბერს სსიპ - კონკურენციის სააგენტოში (შემდგომში - „სააგენტო“) წარმოდგენილ იქნა სს „კონდოტე დაკვას“ საჩივარი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის (შემდგომში - „გზების დეპარტამენტი“) მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის შესახებ. აღნიშნული საჩივარი ეხებოდა, დონორი ორგანიზაციის - რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სახსრებით, საგზაო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ტენდერის უკანონობის საკითხს. კერძოდ, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მიერ ეკონომიკური აგენტისათვის ისეთი შეღავათის დაწესებას, რომელმაც მას კონკურენტებთან (პოტენციურ კონკურენტებთან) შედარებით უპირატესობას ანიჭებს და ზღუდავს კონკურენციას (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა).

ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის შედეგად, სააგენტომ დაადგინა, რომ განსახილველ ტენდერში პირობების დადგენა, პროცედურების დაცვის კონტროლი და გამარჯვებულის გამოცხადება განხორციელდა დონორის პირობებით, მისივე სახელმძღვანელო წესების საფუძველზე და მასთანვე შეთანხმებით. დეპარტამენტის მიერ ტენდერის რომელიმე ეტაპისა და პროცედურის დარღვევა გამოიწვევდა შესყიდვის პროცედურის არასწორ წარმართვას და დონორს შეეძლო უარი განეცხადებინა სესხის გამოყოფაზე, რაც არ მომხდარა.

აღნიშნული მოცემულობა, სააგენტოს პრაქტიკით, კერძოდ, მისი თავმჯდომარის 2017 წლის 5 სექტემბრის N04/248 ბრძანებით დამტკიცებული გადაწყვეტილების შესაბამისად, განხილული და შეფასებულია, როგორც კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევიდან გამონაკლისი, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში, სატენდერო დოკუმენტაციის შინაარსის განსაზღვრა მთლიანად დამოკიდებულია გარეშე პირზე - დონორზე და არა შესაბამის სახელმწიფო უწყებაზე.

ამდენად, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 20 ოქტომბრის N04/288 ბრძანებით, სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება სს „კონდოტე დაკვას“ საჩივრის საფუძველზე მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ.

ბრძანება

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება ბათუმში გარე სარეკლამო საქმიანობასთან დაკავშირებით

შპს ,,ლიბოს“ საჩივრის საფუძველზე, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 12 ივლისის N04/182 ბრძანებით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის თაობაზე, სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. საჩივარი ქ. ბათუმში გარე სარეკლამო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხებოდა.

კონკურენციის სააგენტომ მოკვლევის პროცესში, მოპასუხე მხარეების, სახელმწიფო უწყებებისა და შესაბამისი ეკონომიკური აგენტებისგან, ყველა საჭირო ინფორმაცია გამოითხოვა. განხორციელდა პროცედურებით დადგენილი ახსნა-განმარტებების მიღება და საქმის გარემოებების შესწავლის, ანალიზის საფუძველზე, მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება.

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებით დაგეგმილი კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია

2017 წლის 22 აგვისტოს, საქართველოს კონკურენციის სააგენტოში, წარმოდგენილ იქნა „ცემენტ ინვესტ ბის”და „ჰაიდელბერგ ცემენტ სენტრალ იუროფ ისთ ჰოლდინგის“ დაგეგმილი კონცენტრაციის შესახებ წილთა შეძენის შეტყობინება.

მიღებული დოკუმენტაციისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე, შესაბამის დაწესებულებათა წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად, სააგენტოს მიერ შესაბამის ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების რაოდენობა და მათი წილობრივი მონაცემები განისაზღვრა. დაწესებულებათა წლიური ბრუნვების მიხედვით გამოთვლილ იქნა კონცენტრაციისდონე.

მიღებული მასალების შედეგად დადგინდა, რომ კონცენტრაციის განხორციელების შედეგად, შესაბამის ბაზარზე, კონცენტრაციის დონე არ იცვლება და დაგეგმილი კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.

კონკურენციის სააგენტომ სადაზღვევო კომპანია უნისონის საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა დაასრულა

სს „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ საჩივრის საფუძველზე, კონკურენციის სააგენტომ, „კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაძლო დარღვევის ფაქტზე, მოკვლევა განახორციელა.

მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვებში ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის პირობად მხოლოდ საბანკო დაწესებულებების მიერ გაცემული საბანკო გარანტიების წარდგენის მოთხოვნა სააგენტომ კონკურენციის შემზღუდველად მიიჩნია. სააგენტოს პოზიციით, ამ მოთხოვნის დაწესებით, შემსყიდველი ორგანიზაციები საბანკო დაწესებულებებს უპირატეს მდგომარეობაში აყენებენ სადაზღვევო კომპანიებთან შედარებით.

მოკვლევის ფარგლებში განხილულ ტენდერებთან მიმართებით, დადასტურდა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, ხაშურის მუნიციპალიტეტის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტი.

სააგენტოს გადაწყვეტილების მიხედვით, შემსყიდველ ორგანიზაციებს, საქართველოს მთავრობასა და სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს, ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით, განსახილველად სავალდებულო რეკომენდაციები წარედგინათ.

მოკვლევა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს 2017 წლის 5 სექტემბრის N04/248 ბრძანებით დასრულდა, რომლის საფუძველზეც, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნა დამტკიცებული.

ბრძანება

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის ბაზარზე მიმდინარე მოკვლევის შესახებ

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის „საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებით უზრუნველყოფის პროგრამის“ შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის საფუძველზე, 2016 წლის 23 აგვისტოს N139 ბრძანებით, კონკურენციის სააგენტომ საკუთარი ინიციატივით დაიწყო საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის ბაზრის მოკვლევა, შპს „ვი ქომის“ (შპს „ბ&ბ“), შპს „ნიშის“, შპს „თაიმსერვისის“ და შპს „მაიჯიპიესის“ მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის ფაქტზე.

ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მოკვლევის პერიოდში, სააგენტომ გამოითხოვა ყველა საჭირო ინფორმაცია, როგორც ეკონომიკური აგენტებისგან, ასევე სახელმწიფო უწყებებისგან. განხორციელდა ახსნა-განმარტებების მიღება მოკვლევის უშუალო მხარეებისგან. გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრები ბაზარზე მომსახურების პოტენციურად მომწოდებელ ეკონომიკურ აგენტებთან და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან.

საბოლოოდ, მოკვლევის მიმდინარეობის პროცესში მიღებული მოცულობითი ინფორმაციის დამუშავება/ანალიზის შედეგად, სააგენტომ 2017 წლის 23 ივნისის N04/167 ბრძანებით დამტკიცებული გადაწყვეტილების შესაბამისად დაადგინა, რომ არ იკვეთება მოპასუხე ეკონომიკური აგენტების მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევის ფაქტი. ასევე დაადგინდა, რომ შპს „მაიჯიპიესს“ შეეზღუდა ტენდერში მონაწილოების შესაძლებლობა, რაც წარმოადგენს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევას. შესაბამისად, საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის ბაზარზე, სახელმწიფო შესყიდვების პროცესში, კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარედგინა განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია.

ბრძანება

კონკურენციის სააგენტომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ გასაცემი სახელმწიფო დახმარება კონკურენციის კანონმდებლობის მოთხოვნებთან თავსებადად მიიჩნია

სააგენტოს მიერ მოძიებული და მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ, ა(ა)იპ ,,ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრისათვის“ 90 000 ლარის ოდენობის სახელმწიფო დახმარების გაცემა, ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების უმნიშვნელო ოდენობისა და სახელმწიფო დახმარების გაცემის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის №529 დადგენილების მოთხოვნებთან შესაბამისობაშია.

2016 წლის 26 დეკემბერს, საქართველოს კონკურენციის სააგენტოში, 2017 წლის ბიუჯეტიდან ა(ა)იპ „ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრისათვის“ გასაცემი თანხის კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განცხადება იქნა წარმოდგენილი, როგორც წარმოდგენილი განცხადებიდან გაირკვა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ 2017 წლის ბიუჯეტიდან გასაცემი სახელმწიფო დახმარება მოხმარდება: 1) მევენახეობაში - გურული ვაზის ენდემური ჯიშების მოძიებას და პოპულარიზაციას; 2) ხეხილის სადემონსტრაციო ნაკვეთის გაფართოება-განვითარებას; 3) სასათბურე მეურნეობის მოწყობას; 4) მარადმწვანე ხე-მცენარეების ნერგების გამოყვანას; 5) ჩაის კულტურის აღორძინება/პოპულარიზაციას. ასევე, დაინტერესებული სუბიექტებისათვის, საკონსულტაციო და სემინარული ხასიათის შეხვედრების ორგანიზებას.

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება ფოთის პორტის წინააღმდეგ მიმდინარე მოკვლევის საქმეზე

ფოთში მოქმედი 14 სატერმინალო კომპანიის ერთობლივი საჩივრის საფუძველზე, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 21 ივნისის N81 ბრძანებით, დაწყებულ იქნა მოკვლევა სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ (შემდეგში - ფოთის პორტი) მიერ ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის (დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) სავარაუდო დარღვევის თაობაზე. მოგვიანებით, მომჩივანთა მოთხოვნა გაიზიარა და სააგენტოს დამატებითი ინფორმაცია წარმოუდგინა ექვსმა საზღვაო ხაზმაც.

საჩივარი შეეხებოდა ფოთის პორტის მიერ გამოცემულ, 2016 წლის პირველი ივლისიდან ასამოქმედებელ ბრძანებას, რომელიც გულისხმობდა ფოთის პორტის მხრიდან საზღვაო ტვირთის (კონტეინერის) გემიდან სატრანსპორტო საშუალებაში გადმოტვირთვის, პორტის კუთვნილ ტერიტორიაზე ტრანსპორტირების და აღნიშნულ ტერიტორიაზე დასაწყობების მომსახურებებზე ერთიანი, ინტეგრირებული ტარიფის დაწესებას.

სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2016 წლის 24 ივნისის დროებითი განჩინებით, მოკვლევის დასრულებამდე შეაჩერა ფოთის პორტის ხსენებული ბრძანების ამოქმედება.

მოკვლევის პროცესში, სააგენტომ გამოითხოვა ყველა საჭირო ინფორმაცია სახელმწიფო უწყებებისა და შესაბამისი ეკონომიკური აგენტებისგან; განხორციელდა ახსნა-განმარტებების მიღება მომჩივანი სატერმინალო კომპანიების, ფოთის პორტის, საზღვაო ხაზებისა და გადამზიდავი სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებისგან; სათანადო კონსულტაციები მიღებული იქნა შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან; ასევე, სიტუაციის ადგილზე გაცნობის მიზნით, მოკვლევის ჯგუფის წევრები მივლენილ იქნენ ფოთის პორტსა და სატერმინალო კომპანიებში.

საბოლოოდ, საქმის გარემოებების ანალიზისა და შეჯერების საფუძველზე, სააგენტომ მიიჩნია, რომ ფოთის პორტის მხრიდან დაგეგმილი „ახალი სქემის“ ამოქმედებით შეიზღუდება ნავსადგურიდან გარე ტერმინალებში კონტეინერების სატრანსპორტო გადაზიდვისა და სატერმინალო მომსახურების ბაზრები, ისეთი ფორმით, რომელიც საზიანოა მომხმარებლის ინტერესებისათვის. სააგენტომ იმსჯელა შეზღუდვის გამართლების საკითხებზეც, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის გაუმჯობესების ასპექტში, თუმცა მიიჩნია, რომ ხსენებული ფორმით კონკურენციის შეზღუდვის ობიექტური გამამართლებელი გარემოებები სახეზე არ გვაქვს.

ამდენად, სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 21 აპრილის N04/91 ბრძანებით დამტკიცებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დადგინდა, რომ დაგეგმილი სახით კონტეინერების გადამუშავების ახალი სქემის ამოქმედება გამოიწვევს ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების დარღვევას. თუმცა, განხილულ შემთხვევაში, არ დადასტურდა ფოთის პორტის მხრიდან დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი, ვინაიდან კონკურენციის საწინააღმდეგოდ მიჩნეული კონტეინერების გადამუშავების ახალი სქემის ამოქმედება არ მომხდარა.

ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების, ასევე ფოთის პორტის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ფოთის პორტს, საზღვაო ხაზებსა და ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას სააგენტომ შესაბამისი რეკომენდაციები წარუდგინა.

ბრძანება

ქ. გორში ტაქსებით მომსახურების ბაზარზე კონკურენციის დარღვევის არსებობის შესახებ განცხადება სააგენტომ დაუშვებლად ცნო

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ, ქალაქ გორში, ტაქსებით მომსახურეობის ბაზარზე მოქმედი 11 სუბიექტის ერთობლივი განცხადება, „კატენას“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის (დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და არაკეთილსინდისიერი კონკურენცია) სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, დაუშვებლად ცნო.

სააგენტოს პოზიციით, მოპასუხედ დასახელებული კომპანიის მიერ, კონკურენციის კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის თაობაზე, განცხადება ინფორმაციას არ მოიცავს. სააგენტოს პოზიციას განმცხადებლებიც ეთანხმებიან და მიუთითებენ, რომ მათ მიზანს მოპასუხის სამომავლო არაკეთილსინდისიერ ქმედებათა პრევენცია წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ კონკურენციის სააგენტო უფლებამოსილია, უკვე განხორციელებული ქმედებების შესწავლის მიზნით და არა მოსალოდნელ დარღვევებთან მიმართებით, მოკვლევა დაიწყოს.

შესაბამისად, სააგენტომ დაადგინა, რომ სავარაუდო დარღვევის არსებობის თაობაზე, გონივრული ეჭვის სტანდარტი არ არის დაკმაყოფილებული, რის გარეშეც, კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოკვლევის დაწყების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ბრძანება

კონკურენციის სააგენტომ „აიპლუსის“ საჩივარზე მოკვლევა არ დაიწყო

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, „აიპლუსის“ საჩივრის საფუძველზე მოკვლევის დაწყებაზე სააგენტომ უარი თქვა.

საჩივრის დასაშვებობის შემოწმების პროცესში, სააგენტომ სახელმწიფო უწყებებისა და მხარეებისგან შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვა.

ადმინისტრაციული წარმოება დაწყებული იყო საჩივრის საფუძველზე, ხოლო, კონკურენციის კანონმდებლობა აწესებს მომჩივანი ეკონომიკური აგენტის ფორმალურ სტატუსს. აღნიშნული გამოიხატება იმაში, რომ მომჩივანს, კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის შედეგად, უნდა ადგებოდეს ზიანი და მასვე ევალება სამართალდარღვევის შესახებ მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც, ამ შემთხვევაში, დადასტურებული არ ყოფილა.

სააგენტო გამოთქვამს მზადყოფნას, მომჩივანი მხარის მიერ დამატებითი ინფორმაციისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, ხელახლა განიხილოს საჩივრის დასაშვებად ცნობის საკითხი.

"აიპლუსის" საჩივარი შეეხებოდა „აიტექნიკის“ მიერ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო ფაქტს, რაც, საჩივრის ავტორების მტკიცებით, Apple Store-ის სახელის უკანონო გამოყენებასა და „აიპლუსის“ წინააღმდეგ მიმართულ ცრუ კამპანიაში გამოიხატებოდა.

ბრძანება

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ სათამაშოების ბაზრის მოკვლევაზე უარი თქვა

„სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ წარმოდგენილი განცხადება, სათამაშოების ბაზარზე, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტზე მიუთითებდა.

კონკურენციის სააგენტოს მიერ, ევროკავშირის კანონმდებლობის შესწავლის, ეკონომიკურ აგენტებთან კონსულტაციისა და სახელმწიფო უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, მოკვლევის დაწყების გონივრული ეჭვი და სამართლებრივი საფუძველი არ დადასტურდა. შესაბამისად, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს“ უარი ეთქვა.

ბრძანება

კონკურენციის სააგენტომ Booking.com-ის საქმეზე მოკვლევა არ დაიწყო

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, ააიპ „კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრის“ განცხადების საფუძველზე, სააგენტომ მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

საკითხი Booking.com-ის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტს ეხებოდა, კერძოდ - ხელშეკრულებაში არსებული ე.წ. “MFN პირობების“ შეუთავსებლობას საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობასთან.

საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის მიზნით, სააგენტომ თვე-ნახევრიანი წინასწარი ადმინისტრაციული წარმოება ჩაატარა - გამოითხოვა და მიიღო ინფორმაცია მოპასუხე მხარისგან, საქართველოში მოქმედი სასტუმროებისგან; Booking.com-სა და ქართულ სასტუმროებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების პირობები შეისწავლა და ამ მიმართულებით საერთაშორისო პრაქტიკა გააანალიზა.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოში წარმოდგენილი განცხადება არ შეიცავს რაიმე კონკრეტულ მითითებას Booking.com-ის სახელშეკრულებო პირობებით საქართველოს ბაზარზე კონკურენციისთვის მიყენებული ზიანის შესახებ. სააგენტოს მიერ გამოკითხული ეკონომიკური აგენტებისაგან არც ერთს გამოუთქვამს უკმაყოფილება Booking.com-ის საქმიანობასთან მიმართებით; პირიქით, მათი უმრავლესობა Booking.com-ს საკუთარი მომსახურების საჯაროდ შეთავაზების ეფექტურ საშუალებად მიიჩნევს და ქართული ტურისტული ბიზნესის განვითარებაში აღნიშნული პლატფორმის მნიშვნელოვან როლზე მიუთითებს.

მნიშვნელოვანია, რომ Booking.com-მა სამართალდარღვევის არსებობა კატეგორიულად უარყო, თუმცა გამოთქვა მზადყოფნა, ევროკავშირის ქვეყნებში დამტკიცებული სავალდებულო პირობები საქართველოს ტერიტორიაზეც ნებაყოფლობით გაავრცელოს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ბაზარზე Booking.com-ი ოპერირებას იმ პირობებით გააგრძელებს, რომლებიც ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების კონკურენციის ორგანოების მიერ დადგენილი და აპრობირებულია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კონკურენციის სააგენტომ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე, მოკვლევის დასაწყებად, გონივრული ეჭვი არ არსებობს. ამასთან, სააგენტო გეგმავს,მოქმედი ეკონომიკური აგენტების საქმიანობის საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ბაზრის მონიტორინგი განახორციელოს.

ბრძანება

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს შეფასებით, მგზავრთა ავიაგადაყვანის ბაზარზე კონკურენტული გარემოა და არსებული ბაზარი ვითარდება

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადურის ბრძანებით, მგზავრთა ავიაგადაყვანის ბაზრის მონიტორინგის ანგარიში დამტკიცდა. სააგენტოს ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ ბაზრის მონიტორინგის ანგარიშში, 2014-2016 წლებში, აეროპორტებისა და მოქმედი ავიაკომპანიების მიხედვით, საქართველოში მგზავრთა ავიაგადაყვანის ბაზარზე არსებული მდგომარეობა, კონკურენტული გარემო გაანალიზდა და შეფასდა.

მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ აეროპორტებში მგზავრთბრუნვა ყოველწლიურად იზრდება, საერთაშორისო ავიაკომპანიებისთვის მოთხოვნადი, ხოლო მომხმარებლისათვის, მაღალი კონკურენციიდან და ხელმისაწვდომი ფასებიდან გამომდინარე, მისაღები და კომფორტული ხდება. რაც ამ ბაზრის განვითარების მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს.

გამომდინარე იქიდან, რომ კონკურენციის შემზღუდველი პირობები და ხელოვნურად შექმნილი ბარიერები არ არსებობს, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს შეფასებით, მგზავრთა ავიაგადაყვანის ბაზარზე კონკურენტული გარემოა და არსებული ბაზარი ვითარდება.

ბრძანება

„კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრს“ მოკვლევის დაწყებაზე უარი ეთქვა

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 28 დეკემბრის ბრძანების შესაბამისად, „კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრს“, მის მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე, მოკვლევის დაწყებაზე უარი ეთქვა.

2016 წლის 24 ნოემბრის განცხადების მიხედვით, ორგანიზაცია მიუთითებდა „კრედიტინფო საქართველოსა“ და მის კლიენტ კომპანიებს შორის შესაძლო „კარტელურ“ გარიგებაზე, რაც „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას წარმოადგენს.

ერთ თვიანი ანალიზის (მათ შორის, საერთაშორისო პრაქტიკისა და ევროსასამართლოს გადაწყვეტილების მიმოხილვის) შედეგად, სააგენტომ დაადგინა, რომ ხსენებულ საკითხზე მოკვლევის დაწყებისათვის, აუცილებელი გონივრული ეჭვის სტანდარტი დაკმაყოფილებული არ არის.

ბრძანება

კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებით, შპს “სიტროენ ჯორჯიას“მოკვლევის დაწყებაზე უარი ეთქვა

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 23 დეკემბრის ბრძანების შესაბამისად, შპს“სიტროენ ჯორჯიას“, წარდგენილი საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე უარი ეთქვა.

2016 წლის 9 ნოემბრის საჩივარი, სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვის ბაზარზე, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტს ეხებოდა.

ბრძანება

ინფორმაცია კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 25 მარტის N39 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული მოკვლევის შედეგების შესახებ

განცხადების ზოგადი ანოტაცია

2016 წლის 16 თებერვალს, ა(ა)იპ „ალიანსი პროგრესული ჯანდაცვისათვის“ (ს/კ 404504880) მიერ სსიპ - კონკურენციის სააგენტოში წარმოდგენილ იქნა განცხადება - სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე.

განცხადების თანახმად, რეგულირების სააგენტოს მხრიდან ადგილი აქვს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებების კონკურენციის შეზღუდვის კუთხით ინტერპრეტაციას.

კერძოდ, განმცხადებლის პოზიციით, რეგულირების სააგენტო მიზანმიმართულად ზღუდავს სამედიცინო პრეპარატების ,,პარალელურ იმპორტს“, ანუ განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით შემოტანას ქვეყანაში. აღნიშნულის დასტურად განმცხადებელს მოყვანილი აქვს სტატისტიკა 2014 წლამდე და 2014 წლის შემდგომ.

განმცხადებელი ასახელებს ოთხ ძირითად მიზეზს, რის გამოც 2014-2015 წლებში კომპანიებს უარს ეუბნებოდნენ ე.წ. პარალელურ იმპორტზე. პირველი მიზეზია პარალელური იმპორტით შემოსატანი ფარმაცევტული პროდუქტის უკვე დაშვებული პროდუქტისგან განსხვავება შეფუთვაში რაოდენობის მიხედვით, მეორე მიზეზი - განსხვავება სავაჭრო დასახელებაში, მესამე მიზეზი - განსხვავება ინსტრუქციაში, ხოლო მეოთხე მიზეზი - განსხვავება სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის, ე.წ. „ფილიალის“, დასახელებაში. განმცხადებელი ოთხივე მიზეზს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და განცხადებაში მოჰყავს შესაბამისი არგუმენტაცია.

გარდა ამისა, განმცხადებელი ასახელებს რამდენიმე პრეპარატს, რომელთა შემთხვევაშიც სვამს კონკრეტულ პრობლემას. კერძოდ, მიიჩნევს, რომ რეგულირების სააგენტომ უკანონოდ თქვა უარი მათ ,,პარალელურ იმპორტზე“ და შესაბამისად, ამით ხელი შეუშალა კონკურენციის განვითარებას ბაზარზე მსხვილ და წვრილ მოთამაშეებს შორის. ამ კუთხით მოკვლევის ჯგუფმა განიხილა Enap H, Lorista და Atarax-ის ქეისები.

მოკვლევის შედეგი

2016 წლის 30 სექტემბერს, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის N168 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა მოკვლევის ჯგუფის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მოკვლევის პროცესში არ გამოიკვეთა რაიმე ცალსახა მტკიცებულება იმისა, რომ რეგულირების სააგენტომ მიზანმიმართულად შეზღუდა პარალელური იმპორტი, როგორც ეკონომიკური აგენტების მხრიდან ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედების/ოპერირების ფორმა.

სააგენტოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია პარალელური იმპორტის, როგორც ინსტიტუტის შეზღუდვას იმგვარად, რომ იგი (სააგენტო) ზღუდავდეს ამ მიმართულებით ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების სამეწარმეო საქმიანობასა და დამოუკიდებლობას (მე-10 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი), ან ამ პროცესს არგებდეს ერთ, ან რამდენიმე ეკონომიკურ აგენტს იმგვარად, რომ არსებითად შეიზღუდოს კონკურენცია ფარმაცევტულ ბაზარზე (მე-10 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი).

რაც შეეხება ცალკეულ შემთხვევებს, მოკვლევის ჯგუფმა შეაფასა ორივე მხარის არგუმენტები და მიჩნია, რომ Enap-H-სა და Atarax-ის შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია კანონის დარღვევას, ხოლო პრეპარატ Lorista-სთან დაკავშირებულ შემთხვევაში გამოვლინდა რეგულირების სააგენტოს მხრიდან არსებითად თანასწორი შემთხვევების მიმართ არათანასწორი მოპყრობა, რაც დაკვალიფიცირდა, როგორც „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის დარღვევა.

გამოკვეთილი პრობლემები

მოკვლევის პროცესში გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა, რომელიც რეალურად არსებობს შესაბამის ბაზარზე და რომელთა მოგვარების გარკვეული ბერკეტები არის ჯანდაცვის სამინისტროსა და რეგულირების სააგენტოს ხელში. კერძოდ:

1. თითქმის ყველა ექსპერტი, რომელთანაც სააგენტოს ჰქონდა საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრა, მიუთითებდა, რომ საქართველოში არსებობს წამლის მიკვლევადობის სისტემის სერიოზული ნაკლი, რაც სხვა ბევრ შედეგთან ერთად, განაპირობებს იმასაც, რომ რეგულირების სააგენტოს უწევს მედიკამენტების უწყებრივ რეესტრში დამატებისას სხვადასხვა გარეგნულ ნიშნებზე (როგორიცაა დასახელება, შეფუთვა, რაოდენობა შეფუთვაში) დამოკიდებული გადაწყვეტილების მიღება და ფალსიფიკაციისგან თავის ამგვარად დაცვა.

2. უცხოურ მარეგულირებლებთან კოორდინაციის დაბალი ხარისხი - როგორც მოკვლევის პროცესში გამოიკვეთა, რეგულირების სააგენტოს კონტაქტისა და ინფორმაციის პროაქტიულად მიმოცვლის ხარისხი არ შეესაბამება იმ ვადებს, რომელიც დაწესებულია პარალელური იმპორტის შესახებ შეტყობინების განხილვისათვის (5 დღე). აღნიშნული ხშირად განაპირობებს იმას, რომ გადაწყვეტილების მიღება სახელმწიფო ორგანოს უწევს ზოგადი ინფორმაციისა და გარეგნული ნიშნების საფუძველზე, რაც ქმნის იმის საშიშროებას, რომ მასზე არ აისახოს საკითხთან დაკავშირებული უახლესი კვლევები და ან ცვლილებები, რომლებიც შედის ინსტრუქციაში საზღვარგარეთის ქვეყნებში.

3. პარალელური იმპორტის სისტემის არასაკმარისი მოქნილობა - პარალელური იმპორტის ინსტიტუტი მთლიანად მიბმულია ეროვნული და აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაციის მექანიზმებზე. ეს მისი სახელწოდებიდანაც ცხადი ხდება, ვინაიდან „..პარალელურად“ სწორედ უკვე რეგისტრირებული მედიკამენტების იმპორტი ხორციელდება. არის შემთხვევები, როდესაც კომპანიები აუქმებენ ძირითად (მაგ. ეროვნული რეჟიმით) რეგისტრაციას, რათა არ მისცენ კონკურენტებს აღნიშნული მედიკამენტის მარტივი, პარალელური იმპორტის წესით საქართველოში შემოტანის საშუალება. აღნიშნული სისტემა დახვეწას საჭიროებს, იმგვარად, რომ შესაძლებელი ხდებოდეს ,,განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით“ რეესტრში დამატებული მედიკამენტისთვის აღიარებითი რეჟიმით გათვალისწინებული რეჟიმის გამარტივებული გავლა ისეთ შემთხვევებში, როდესაც სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი ეროვნული რეჟიმით რეგისტრაციას აუქმებს.

4. განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით პროდუქტის შემოტანის მიმართ მოქმედი რეგულაციები არ არის ცალსახა და არ აკმაყოფილებს წინასწარ განჭვრეტადობის კრიტერიუმებს. არ არის ცალსახად ჩამოყალიბებული მიდგომა, რაც მთლიან პროცესს აქცევს რეგულირების სააგენტოს დისკრეციის ფარგლებში, ეს კი ხელს უშლის პროცესის გამჭვირვალობასა და წინასწარ განჭვრეტადობას, ხოლო უსაფრთხოების სტანდარტებს ვერ ამაღლებს.

ხსენებული პრობლემების მოგვარებისა და შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მოკვლევის ჯგუფმა შეიმუშავა განსახილველად სავალდებულო 10 რეკომენდაცია, რომელიც წარედგინა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს.

ბრძანება

ინფორმაცია – სსიპ - კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 14 ივნისის №78 ბრძანების შესაბამისად განხორციელებული საქმის მოკვლევის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ

2016 წლის 18 აპრილს სსიპ - კონკურენციის სააგენტოში წარმოდგენილ იქნა სს „ს.ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის“ (შემდგომში კვლევითი ინსტიტუტი) საჩივარი შპს „სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის კვლევის ინსტიტუტის“ (შემდგომში კვლევის ინსტიტუტი) მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-113 სავარაუდო დარღვევის ფაქტზე. საჩივარში მითითება კეთდებოდა მე-113 მუხლის „ა“, „გ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების დარღვევის შესახებ, თუმცა მოკვლევის პროცესში წარმოდგენილი მასალების და არსებული ფაქტობრივი გარემოებების სპეციფიკის გათვალისწინებით, სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია მოპასუხე ეკონომიკური აგენტის ქმედებების მე-113 მუხლის „დ“ ქვეპუნქტთან მიმართებით შეფასებაც.

მხარეების მიერ წარმოდგენილი და სააგენტოს მიერ მოპოვებული მასალების, ვერბალური და ვიზუალური ინფორმაციის დამუშავების შედეგად გამოვლინდა:

  • პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის მიერ ე.წ „ფლაერების“ მეშვეობით ვრცელდებოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კვლევითი ინსტიტუტის სრული კოლექტივი (რომელიც შემდგომ დაზუსტდა, ერთი თანამშრომლის გარდა, სრული კოლექტივი) გადავიდა ახალ მისამართზე და საქმიანობას აგრძელებდა ახალი დასახელებით;
  • სოციალური ქსელის მეშვეობით ვრცელდებოდა განცხადება, რომ კვლევით ინსტიტუტში აღარ ფუნქციონირებდა სტაციონარი, ვინაიდან იქ აღარ მუშაობდა ინსტიტუტის არც ერთი გამოცდილი ექიმი და ლაბორანტი;
  • ადგილი ქონდა კვლევითი ინსტიტუტის ლოგოს გამოყენებას, როგორც ლოგოს საქპატენტში რეგისტრაციამდე, ისე რეგისტრაციის შემდეგ.

  • მითითება კეთდებოდა პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის მიერ „90 წლიანი ტრადიციის“ გაგრძელებაზე იმის გათვალისწინებით რომ ინსტიტუტი შეიქმნა 2015 წელს.

ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლიობით მომხმარებლისათვის იქმნება შთაბეჭდილება, რომ სს „ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა“ შეიცვალა მდებარეობა და საქმიანობას აგრძელებს ახალ მისამართზე. ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების საფუძველზე სააგენტო მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-113 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტს.

რაც შეეხება დანარჩენ ქვეპუნქტებს, მათთან მიმართებით დამუშავებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მონაცემების გათვალისწინებით, სააგენტომ მიიჩნია რომ ადგილი არ ჰქონდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-113 მუხლის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების დარღვევას. ხოლო, ვინაიდან მომჩივანი მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები სააგენტომ მოპასუხე მხარის ქმედებები „გ“ ქვეპუნქტთან მიმართებით არ შეაფასა.

საბოლოოდ, სააგენტოს მიერ დავალდებულებულ იქნა მოპასუხე ეკონომიკურ აგენტი, უზრუნველყოს კანონდარღვევის აღმოფხვრა და მომავალშიც არ დაუშვას და თავი შეიკავოს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალების გამოყენებით - სს „ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის“ შესახებ ისეთი ინფორმაციის გავრცელებისაგან (მათ შორის, არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო ან აშკარად ყალბი რეკლამის საშუალებით), რომელიც მომხმარებელს არასწორ წარმოდგენას უქმნის და ამით გარკვეული ეკონომიკური ქმედებისაკენ უბიძგებს.

ბრძანება

ა(ა)იპ “კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრი“-ს განცხადება სს „საპარტნიორო ფონდი“-ს მიერ სს „ჰუმანითი ჯორჯია“-სათვის ერთი მილიონი ლარის გაცემით „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით

მ/წ 6 და 8 აპრილს, სსიპ კონკურენციის სააგენტოში ა(ა)იპ “კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრ”-მა წარმოადგინა განცხადება, სს „საპარტნიორო ფონდი“-ს მიერ სს „ჰუმანითი ჯორჯია“-სათვის ერთი მილიონი ლარის გაცემით „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 და მე-13 მუხლების დარღვევის შესახებ.

კონკურენციის სააგენტოს მიერ მოძიებული ინფორმაციების განხილვისა და საქართველოში მოქმედი კონკურენციის კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ სს „საპარტნიორო ფონდი“-ს მიერ სს ,,ჰუმანითი ჯორჯია“-სთვის თანხის გადაცემა ექცევა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით დაშვებულ იმ სახელმწიფო დახმარებებში, რომლებიც არ საჭიროებენ სააგენტოსთან შეთანხმებას.

ხსნებულიდან გამომდინარე, არ გამოიკვეთა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა მხრიდან ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 და მე-13 მუხლების დარღვევა. კერძოდ, სს „საპარტნიორო ფონდი“-ს მიერ სს ,,ჰუმანითი ჯორჯია“-სთვის“ ერთი მილიონი ლარის გაცემა, დღეს მოქმედი კონკურენციის კანონმდებლობის შესაბამისად, არ სჭირდებოდა სსიპ კონკურენციის სააგენტოსთან შეთანხმებას.

ინფორმაცია სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“-ს მიერ სს „ჯიპისი“-ს აქციათა 100%-ის შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ

2016 წლის 16 მარტს, სსიპ - კონკურენციის სააგენტოში სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“-სა დასს ,,ჯიპისი“-ს მიერ წარმოდგენილ იქნა შეტყობინება ეკონომიკურ აგენტთა კონცენტრაციის შესახებ, რაც გულისხმობს სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“-ს მიერ სს „ჯიპისი“-ს აქციათა 100%-ს შეძენას ფიზიკური პირების: დავით გორდაძის, ლევან კანკიას, დავით კიკნაძის, გიორგი კილაძის, დავით კილაძის, გიორგი მეგრელიშვილის, ლიანა ტყემალაძის, ვაჟა ცინცაძის და ზაზა ცინცაძისგან წილთა შეძენის გზით.

სააგენტოს მიერ ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებადი 500-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულებიდან, ფარმაცევტული და სადაზღვევო კომპანიებიდან, სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან, სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოდან, სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურიდან და სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა დასკვნის მომზადებისათვის აუცილებელი ყველა ინფორმაცია.

გარდა ხსენებულისა, აქტუალურ საკითხებზე კონსულტაციების მიღების მიზნით, სააგენტომ შეხვედრები გამართა - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლებთან.

მიღებული დოკუმენტაციის დამუშავების, საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის, შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებათა წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად, სააგენტოს მხრიდან განისაზღვრა შესაბამისი ბაზრის პროდუქციული, გეოგრაფიული საზღვრები და დროითი ჩარჩოები. დაზუსტდა ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების რაოდენობა და მათი წილობრივი მონაცემებიც. კერძოდ, გამოკვეთილ იქნა ოთხი ძირითადი ბაზარი: 1. ამბულატორიული მომსახურების ბაზარი; 2.სტაციონარული მომსახურების ბაზარი; 3. ფარმაცევტული კომპანიების პროდუქციის (სამკურნალო, არასამკურნალო და სხვა საშუალებების) რეალიზაციის ბაზარი; 4. სამედიცინო სადაზღვევო მომსახურების ბაზარი.

ამბულატორიულ, სტაციონალურ და ფარმაცევტულ ბაზრებზე კომპანიათა წილები და კონცენტრაციის დონე გამოთვლილ იქნა დაწესებულებათა წლიური ბრუნვების გათვალისწინებით, ხოლო სადაზღვევო ნაწილში - მოზიდული პრემიების მიხედვით.

სააგენტოს ხელთარსებული მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ამბულატორიული მომსახურების, სტაციონალური მომსახურების და ფარმაცევტული კომპანიების პროდუქციის რეალიზაციის ბაზრები დაბალკონცენტრირებულია და შესაბამისად, კონცენტრაციაში მონაწილე და მათთან დაკავშირებულ კომპანიათა წილებიც არ არის მაღალი. რაც შეეხება სამედიცინო სადაზღვევო მომსახურების ბაზარს, იგი ზომიერად კონცენტრირებულია და სს ,,საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“-ს საკუთრებაში არსებულ სს ,,სადაზღვევო კომპანია იმედი ელ“-ს დომინირებული მდგომარეობა უკავია.

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის მიერ 2014 წლის 30 სექტემბერს №30/09-3 ბრძანებით დამტკიცებული ,,ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებები“-ს 21-ე მუხლის თანახმად, არაჰორიზონტალური კონცენტრაციის შემთხვევაში, არსებითად არ იზღუდება ეფექტიანი კონკურენცია, თუ არაჰორიზონტალური კონცენტრაციის შედეგად შექმნილი ეკონომიკური აგენტი თითოეულ შესაბამის ბაზარზე, რომელზეც ის მოქმედებს, არ მიიღებს 30%-ზე მეტ საბაზრო წილს და თითოეულ ასეთ ბაზარზე HHI ინდექსი ნაკლებია 2250-ზე, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ:

  1. საბაზრო ძალის, ან ინოვაციური პოტენციალის გამო, მოსალოდნელია კონცენტრაციაში მონაწილე ეკონომიკურ აგენტთა წილის მნიშვნელოვანი ზრდა.
  2. ბაზრის მონაწილეთა შორის არსებობს მნიშვნელოვანი ჯვარედინი თანამონაწილეობა, რაც გულისხმობს ბაზრის მონაწილე ეკონომიკური აგენტების მიერ ერთმანეთის წილების ფლობას, ასევე ხელმძღვანელი პირების მიმოცვლას;
  3. სახეზეა ბაზრის მონაწილეთა შორის წარსულში არსებული არაერთჯერადი ხასიათის შეთანხმებული მოქმედებები, ან სხვა ურთიერთხელშეწყობის ნიშნები;
  4. კონცენტრაციაში მონაწილეობს ეკონომიკური აგენტი, რომელიც საბაზრო სტრუქტურაში მისი პოზიციის გათვალისწინებით, მაღალი ალბათობით ხელს უშლიდა ან მომავალში შეუშლის ხელს ბაზრის დანარჩენ სუბიექტს შორის კოორდინირებული მოქმედების განხორციელებას ან ასეთი მოქმედების ხარისხის გაზრდას.

უნდა აღინიშნოს, რომ სს ,,სადაზღვევო კომპანია იმედი ელ“-ის დომინირებული პოზიციის მიუხედავად, სამედიცინო სადაზღვევო მომსახურების ბაზარი ზომიერად კონცენტრირებულია (HHI ინდექსი ნაკლებია 2250-ზე) და ამ ეტაპზე არ იკვეთება კონცენტრაციაში მონაწილე კომპანიების წილების მნიშვნელოვანი ზრდის, ჯვარედინი თანამონაწილეობის გზით ერთმანეთის წილების ფლობის, ხელმძღვანელი პირების მიმოცვლისა და კონკურენტებისათვის ხელის შეშლის შესაძლებლობის ნიშნები. ნიშანდობლივია ისიც, რომ ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა მონაწილეთა შორის წარსულში არსებული არაერთჯერადი ხასიათის შეთანხმებული მოქმედებების, ან სხვა ურთიერთხელშეწყობის ფაქტებიც. შესაბამისად, კონკურენციის სააგენტო მიიჩნევს, რომ მოსალოდნელი კონცენტრაცია შეიძლება მიჩნეულ იქნას კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად, ოთხივე განხილული ბაზრის მიხედვით.

ამასთან, გადაწყვეტილების მიღებისას, გათვალისწინებულ იქნა ის გარემოებაც, რომ კონცენტრაციაში მონაწილე ეკონომიკურ აგენტთა განმარტებით, წარმოდგენილი შერწყმა ნეგატიურად არ აისახება მომსახურეობის ფასზე და ხელს შეუწყობს დარგის ბიზნესის განვითარებას. ასევე, ადგილი ექნება ქვეყნის მასშტაბით სარეალიზაციო ქსელებისა და პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას, მომსახურების სერვისების გაუმჯობესებას, ხარჯების ოპტიმიზაციას, ეფექტიანობის, სამუშაო ადგილების ზრდას და ა.შ.

თანახმად ზემოხსენებულისა, კონკურენციის სააგენტოს 2016 წლის 28 აპრილის N57 ბრძანების შესაბამისად, სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“-ს მიერ შპს „ჯიპისი“-ს აქციათა 100%-ის შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაცია მიჩნეულ იქნა კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად,

ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ჰორიზონტალური კონცენტრაციის შემდგომ, სს „სადაზღვევო კომპანია იმედი ელ“ შეინარჩუნებს დომინირებულ მდგომარეობას სამედიცინო სადაზღვევო მომსახურების ბაზარზე, მას დაევალა ყოველი მომდევნო წლის იანვრის თვის ბოლომდე, სსიპ - კონკურენციის სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია იმ გარიგებების თაობაზე, რომლებმაც შესაძლოა მნიშვნელოვნად შეზღუდონ კონკურენცია შესაბამის ბაზარზე.

ბრძანება

სსიპ - კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება ნავთობკომპანიების საქმეზე ძალაში დარჩა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად არ დააკმაყოფილა შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“-ს სარჩელი და ძალაში დატოვა კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 14 ივლისის N81 ბრძანება, რომლის მიხედვითაც, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს“ დაეკისრა 14 381 385 ლარის ოდენობის ჯარიმა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება, გადაწყვეტილება და შეთანხმებული ქმედება) დარღვევისათვის.

ინფორმაცია კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 13 ნოემბრის N178 ბრძანების შესაბამისად წარმოებული მოკვლევის შედეგების შესახებ

სსიპ - კონკურენციის სააგენტომ დაასრულა კიდევ ერთი საქმის მოკვლევა, რომელიც მიმდინარეობდა "შპს "დუთი ფრი ჯორჯია“-ს საჩივრის დასაშვებად ცნობის, მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის ჯგუფის შექმნის შესახებ" კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 13 ნოემბრის N178 ბრძანების შესაბამისად, სს „თბილისის თამბაქო“-ს მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის ფაქტზე.

საჩივარი ეხებოდა მოპასუხის - სს „თბილისის თამბაქო“-ს მხრიდან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების მფლობელი კომპანიების მიმართ არათანასწორი მოპყრობის სავარაუდო ფაქტს. კერძოდ, მომჩივანი და მისი კონკურენტი კომპანია შპს „დიუთი ფრი ალიანსი“ ფლობენ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებს (Duty Free) წითელი ხიდის, სადახლოს და სარფის საბაჟო გამშვები პუნქტების ტერიტორიაზე. როგორც საჩივარში იყო აღნიშნული, საქართველოში სიგარეტის მწარმოებელმა უმსხვილესმა კომპანიამ სს ,,თბილისის თამბაქომ“ 2015 წლის ზაფხულში მომჩივანს ცალმხრივად გაუწყვიტა სიგარეტ „პირველის“ მიწოდებაზე ხელშეკრულება და მის კონკურენტ კომპანიასთან - შპს „დიუთი ფრი ალიანს“-თან გააფორმა ექსკლუზიური კონტრაქტი პროდუქტის მიწოდებაზე.

აღნიშნულ საკითხზე შექმნილი მოკვლევის ჯგუფის მიერ განხორციელდა მონაცემთა გამოთხოვის (შემოსავლების სამსახური, სტატისტიკის ეროვნული სამსახური, შესაბამისი ეკონომიკური აგენტები) და დამუშავების პროცედურები, ფაქტების გარკვევისა და ანალიზის პროცესი. გაიმართა ახსნა-განმარტების სხდომები და დამუშავდა საერთაშორისო პრაქტიკა რელევანტურ საკითხებთან მიმართებით.

ასევე, ჩატარდა ე.წ Duty Free პუნქტების მომხმარებელთა გამოკითხვა თამბაქოს პროდუქტის ჩანაცვლებადობის დადგენის მიზნით. კერძოდ, იმის გასარკვევად, მომხმარებელთა გადმოსახედიდან, წარმოადგენს თუ არა ქართული წარმოების ფილტრიანი სიგარეტი ცალკე პროდუქციულ ბაზარს და ხომ არ არის მის ჩამნაცვლებელი პროდუქტი ქვეყანაში იმპორტირებული სხვა ფილტრიანი სიგარეტი.

სააგენტოს მიერ შემუშავებული საბოლოო გადაწყვეტილება დაეყრდნო შემდგომ გარემოებებს:

სააგენტომ შესაბამის გეოგრაფიულ ბაზრად მიიჩნია არა განსახილველი საქონლის წარმოებისა და გაყიდვის ზოგადი არეალი, არამედ მომჩივანის ეკონომიკური საქმიანობის ტერიტორია, კერძოდ - საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე არსებული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტები. ამავდროულად, სააგენტომ ცალ-ცალკე ბაზრად მიიჩნია სადახლოს, წითელი ხიდისა და სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე არსებული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტები, იმის გათვალისწინებით, რომ ჩამოთვლილთაგან თითოეული ტერიტორია წარმოადგენს სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის ზონას, სადაც მომხმარებელი ხვდება სასაზღვრო კონტროლის გავლის შემდეგ და ამავდროულად, ეს ტერიტორია შემოსაზღვრულია. შესაბამისად, კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, აღნიშნული ბაზარი (თითოეული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ტერიტორია) წარმოადგენს იზოლირებულ ბაზარს, რომელსაც გააჩნია შესვლის მაღალი ბარიერები, რაც განაპირობებს მის ცალკე გეოგრაფიულ ბაზრად ჩამოყალიბებას. ანალოგიური მიდგომა შეინიშნება საზღვარგარეთის ქვეყნებშიც, მათ შორის ევროკომისიის მხრიდან.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, შესაბამის გეოგრაფიულ ბაზრად განისაზღვრა თითოეული ის თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ტერიტორია (სასაზღვრო გამშვები პუნქტის ნეიტრალური ზონა), სადაც შპს ,,დუთი ფრი ჯორჯია“-სა და შპს ,,დიუთი ფრი ალიანს“-ს გააჩნიათ თანაკვეთა, კერძოდ, სადახლოს, წითელი ხიდისა და სარფის საბაჟო გამშვები პუნქტების ტერიტორია.

ამავდროულად, ვინაიდან ყველა აღნიშნულ პუნქტზე გაყიდვებისა და ბიზნესის წარმოების სპეციფიკა ერთი და იგივეა და ბაზარზე მოქმედი სუბიექტები ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან, სამივე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის რაოდენობრივი მახასიათებლები მოკვლევის ჯგუფმა განიხილა ჯამურად და ამ ფორმით გამოთვალა ეკონომიკურ აგენტთა წილები.

რაც შეეხება ბაზრის პროდუქციულ საზღვრებს, სააგენტომ ამ შემთხვევაში ჩანაცვლებადობის საკითხზე მსჯელობისას ყურადღება მიაქცია ფილტრიანი სიგარეტის მოთხოვნის ელასტიკურობას ფასის ცვლილების მიმართ, ასევე ჩაატარა სპეციალური გამოკითხვა მომხმარებელთა ქცევის კვლევის მიზნით შესაბამის გეოგრაფიულ ბაზარზე და გაითვალისწინა საერთაშორისო პრაქტიკა და ევროკომისიის ქეისები, რომელიც მიესადაგებოდა განსახილველ შემთხვევას. აღნიშნულის საფუძველზე, მოკვლევის ჯგუფმა მიიჩნია, რომ სიგარეტი ,,პირველი“, და ზოგადად, ქართული წარმოების ფილტრიანი სიგარეტი არ ქმნის ცალკე ბაზარს და შესაბამის პროდუქციულ ბაზრად მიჩნეულ იქნა ფილტრიანი სიგარეტის ბაზარი.

შესაბამის ბაზარზე წილის გამოთვლა მოხდა შპს ,,დიუთი ფრი ალიანსი“-სა და შპს ,,დუთი ფრი ჯორჯია“-ს მიერ 2015 წლის იანვრიდან სექტემბრამდე (სწორედ ამ პერიოდშია მოქცეული ის თარიღი, როდესაც სს ,,თბილისის თამბაქო“-მ შპს ,,დუთი ფრი ჯორჯია“-ს შეუწყვიტა ხელშეკრულება) ჯამურად გაყიდული ფილტრიანი სიგარეტების რაოდენობიდან, რის შედეგადაც, დადგინდა, რომ სს ,,თბილისის თამბაქო“-ს წილი შესაბამის გეოგრაფიულ ბაზარზე მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა დომინირებული მდგომარეობის არსებობის დასადასტურებლად საჭირო მაჩვენებელს და დადგინდა, რომ განსახილველი ქმედების დროს (და არც მის შემდგომ) სს ,,თბილისის თამბაქო“-ს არ გააჩნდა დომინირებული მდგომარეობა შესაბამის ბაზარზე.

სააგენტომ საკითხი შეისწავლა და შეაფასა ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლთან მიმართებით, ვინაიდან საჩივარი სწორედ ამ მუხლის სავარაუდო დარღვევის შესახებ იყო წარმოდგენილი.

კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, ერთი ან რამდენიმე (ჯგუფური დომინირების შემთხვევაში) ეკონომიკური აგენტის მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება დაუშვებელია. ამავდროულად, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად შეიძლება ჩაითვალოს გარკვეული სავაჭრო პარტნიორებისთვის იდენტურ ტრანზაქციებზე დისკრიმინაციული პირობების დაწესება, რითაც ხდება მათი არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩაყენება;

კანონის მე-6 მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადგეს ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, საჭიროა მინიმუმ ორი ძირითადი პირობის დაკმაყოფილება: 1. ეკონომიკური აგენტის, ან ეკონომიკურ აგენტთა ჯგუფის დომინირებული მდგომარეობის არსებობა შესაბამის ბაზარზე. 2. აღნიშნული დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება.

სააგენტომ მიუთითა, რომ აღნიშნული ორი წინაპირობიდან პირველი არ არის დაკმაყოფილებული, ვინაიდან სახეზე არ გვაქვს სს ,,თბილისის თამბაქო“-ს შესაბამის ბაზარზე დომინირებული მდგომარეობა - მისი წილი სააგენტოს მიერ განსაზღვრულ შესაბამის ბაზარზე X-%-ს არ აღემატება. შესაბამისად, შეუძლებელია სახეზე იყოს დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება იმ ეკონომიკური აგენტის მიერ, რომელსაც აღნიშნული დომინირებული მდგომარეობა არ გააჩნია.

მიუხედავად ზემოთქმულისა, სააგენტომ მაინც შეიმუშავა მხარეთა და დაინტერესებულ მხარეთათვის პრევენციული მნიშვნელობის მქონე შეფასება განსახილველი ქმედებისა. კერძოდ, სააგენტომ განიხილა ქმედების კანონთან შესაბამისობა ჰიპოთეტური დომინირებული მდგომარეობის შემთხვევაში.

მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს ეკონომიკური აგენტის მხრიდან პარტნიორის შერჩევა. კერძოდ, სს ,,თბილისის თამბაქო“-ს მხრიდან ხორციელდება მის მიერ წარმოებული პროდუქციის მიწოდება ვერტიკალურად დაკავშირებულ ბაზარზე მოქმედი ორი ეკონომიკური აგენტიდან ერთ-ერთისათვის. ხსენებული ქმედება ცალსახად წარმოადგენს არსებითად თანასწორი ეკონომიკური აგენტების მიმართ არათანასწორ მიდგომას, ანუ დისკრიმინაციას. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ სახეზე გვექნებოდა სს ,,თბილისის თამბაქო“-ს დომინირებული მდგომარეობა შესაბამის ბაზარზე, აღნიშნული ქმედება, მაღალი ალბათობით, სააგენტოს მხრიდან განიხილებოდა, როგორც „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დარღვევა.

გადაწყვეტილებაში სააგენტომ ყურადღება გაამახვილა ასევე შეფასების იურიდიულ ფარგლებზე, კერძოდ, მიუთითა, რომ რადგან მომჩივანის მიერ სააგენტოში შემოტანილი საჩივრის მოპასუხეა სს ,,თბილისის თამბაქო“, ხოლო ნორმა, რომელთან მიმართებითაც მოთხოვნილი იყო საკითხის შეფასება, არის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი, ხელშეკრულების შეფასება განხორციელდა სწორედ სს ,,თბილისის თამბაქო“-ს მიერ კანონის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევის ჭრილში. შესაბამისად, ხსენებული არ გულისხმობს იმას, რომ სააგენტოს წინამდებარე გადაწყვეტილებით შეფასებულია შპს ,,დიუთი ფრი ალიანსი“-ს მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, ან სს ,,თბილისის თამბაქო“-სა და შპს ,,დიუთი ფრი ალიანსი“-ს მხრიდან ერთობლივად ამავე კანონის მე-7 მუხლის დარღვევის არსებობა-არარსებობის საკითხი.

საბოლოოდ,

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-6 მუხლების, 171 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის, „საქმის მოკვლევის წესისა და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 30 სექტემბრის N30/09-5 ბრძანებით დამტკიცებული პროცედურის 23-ე მუხლის შესაბამისად, სააგენტომ გადაწყვიტა, რომ განხილულ შემთხვევაში, არ იქნა დადგენილი სს ,,თბილისის თამბაქო“-ს მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დარღვევის ფაქტი.

ბრძანება

ინფორმაცია შპს „ალტა“-სა და შპს „ევროტექნიკს ჯორჯია“-ს მიერ ერთობლივი საწარმოს - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაფუძნების გზით განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ

2016 წლის 18 იანვარს სსიპ კონკურენციის სააგენტოში შპს „ალტა“-სა და შპს „ევროტექნიკს ჯორჯია“-ს მიერ წარმოდგენილ იქნა შეტყობინება ეკონომიკურ აგენტთა კონცენტრაციის შესახებ, რაც გულისხმობს აღნიშნული კომპანიების მიერ ერთობლივი საწარმოს - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაფუძნებას.

საგენტოს მიერ, სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მეშვეობით იდენტიფიცირდა ყველა ის ეკონომიკური აგენტი, რომელმაც განახორციელა ე.წ. „თეთრი“ და „შავი“ ტექნიკის იმპორტი 10 000 ლარს ზევით. ასევე, სააგენტომ სსიპ სტატისტიკის ეროვნული სამსახურისგან გამოითხოვა ინფორმაცია ელექტროტექნიკის ადგილობრივი მწარმოებლების შესახებ.

საბოლოო ჯამში, ეკონომიკურ აგენტთა მოსალოდნელი კონცენტრაციის თაობაზე სააგენტოში წარმოდგენილი შეტყობინების შესახებ, ეცნობა ელექტროტექნიკის იმპორტიორ და ადგილობრივ მწარმოებელ 200-მდე ეკონომიკურ აგენტს, რომელთაგანაც გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ტექნიკის იმპორტის/რეალიზაციის ოდენობის შესახებ და პოზიცია მოსალოდნელ კონცენტრაციასთან დაკავშირებით.

მიღებული დოკუმენტაციის დამუშავებისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის, შედეგად, სააგენტოს მხრიდან განისაზღვრა შესაბამისი ბაზრის პროდუქციული, გეოგრაფიული საზღვრები და დროითი ჩარჩოები. გარდა ამისა, დაზუსტდა ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების რაოდენობა, მათი წილობრივი მონაცემები 2014-2015 წლების მიხედვით და დადგინდა ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებლები.

გამოკვეთილ იქნა სამი ძირითადი ბაზარი: 1. კომპიუტერული და მობილური ელექტროტექნიკის (ე.წ. ,,შავი ტექნიკა“) ბაზარი; 2. საოჯახო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის (ე.წ. ,,თეთრი ტექნიკა“) ბაზარი; 3. ელექტროტექნიკის მონტაჟთან დაკავშირებული მომსახურების ბაზარი.

სააგენტოს ხელთარსებული მონაცემების შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ორივე სახის ელექტროტექნიკის იმპორტის ბაზარი დაბალი კონცენტრაციით ხასიათდება და შესაბამისად, კონცენტრაციაში მონაწილე კომპანიათა წილებიც მცირეა.

რაც შეეხება ელექტროტექნიკის მონტაჟთან დაკავშირებული მომსახურების ბაზარს, სააგენტოს ხელთარსებული მონაცემების შესაბამისად, იგი მაღალკონცენტრირებულია და კონცენტრაციაში მონაწილე სუბიექტების ერთობლივი წილიც მაღალია. თუმცა, ეკონომიკური აგენტებისგან მიღებული მწირი ინფორმაციის გამო, სააგენტო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ ელექტროტექნიკის იმპორტის ოფიციალური მაჩვენებლების ანალიზის შედეგებს. არასრული მონაცემებიდან გამომდინარე, ანალოგიური მიდგომა დააფიქსირდა ელექტროტექნიკის რეალიზაციის მოცულობის მონაცემებთან მიმართებაშიც.

ბაზრის დაბალი კონცენტრაციის მაჩვენებლებისა და იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი კონცენტრაცია ნეგატიურად არ აისახება მომსახურების ფასზე, ხელს შეუწყობს აღნიშნული ბიზნესის განვითარებას, ადგილი ექნება ქვეყნის მასშტაბით ელექტროტექნიკის სარეალიზაციო ქსელებისა და სარეალიზაციო ასორტიმენტის გაფართოებას, სააგენტომ მოსალოდნელი კონცენტრაცია შეაფასა კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად.

გარდა ამისა, ვინაიდან, სააგენტოს მიერ მიღებული არასრული მონაცემების საფუძველზე, შპს ,,ალტა“-ს და შპს ,,ევროტექნიკს ჯორჯია“-ს ელექტროტექნიკის მონტაჟთან დაკავშირებული მომსახურების ბაზარზე და ელექტროტექნიკის რეალიზაციის მოცულობაში მაღალი ერთობლივი ხვედრითი წილები უფიქსირდებათ, მათ დაევალათ ყოველი მომდევნო წლის 30 იანვრამდე, სსიპ კონკურენციის სააგენტოს წარუდგინონ ინფორმაცია იმ ახალი გარიგებების თაობაზე, რომლებმაც შესაძლოა მნიშვნელოვნად შეზღუდონ კონკურენცია შესაბამის ბაზარზე.

ბრძანება

ინფორმაცია სსიპ - კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 23 მარტის №39 ბრძანების შესაბამისად განხორციელებული საქმის მოკვლევის თაობაზე

სსიპ - კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 23 მარტის N39 ბრძანების შესაბამისად, სააგენტომ საკუთარი ინიციატივით დაიწყო მოკვლევა - საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია ,,გლობალაგრო“-ს წევრების მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება, გადაწყვეტილება და შეთანხმებული ქმედება) სავარაუდო დარღვევის ფაქტზე.

მოკვლევის დაწყებას საფუძვლად დაედო ასოციაცია ,,გლობალაგრო“-ს განცხადების შესაბამისად, სააგენტოში მიმდინარე მოკვლევის ფარგლებში, ერთ-ერთ მოსამზადებელ სხდომაზე შპს ,,აგროსისტემები“-ს წარმომადგენლის მიერ დაფიქსირებული გარემოება - რომ ასოციაციის სხდომებზე, წევრების მხრიდან ადგილი ჰქონდა შპს ,,აგროსისტემები“-ს მიმართ ფქვილის სარეალიზაციო ფასების გაზრდის მოთხოვნას, რაც, მისი პოზიციით, წარმოადგენდა კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებაში კომპანიის ჩართვის მცდელობას.

2015 წლის 26 თებერვალს გამართულ ახსნა-განმარტების სხდომაზე გამოკვეთილი ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტების მიზნით, სააგენტოს მიერ საკუთარი ინციატივით დაწყებული მოკვლევის ფარგლებში, შესაბამის ეკონომიკურ აგენტებად განსაზღვრულ იქნენ საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია - „გლობალაგრო“-ს წევრები და მასთან დაკავშირებული პირები;

საქმის მოკლევის პროცესში, მოკვლევისათვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაციებთან ერთად, „გლობალაგრო“-ს მიერ წარმოდგენილ იქნა ასოციაციის წესდება, ასოციაციის სხდომის ოქმები 2009 წლიდან 2015 წლის ჩათვლით და ასოციაციის კრების ოქმები. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტომ მიიღო ახსნა-განმარტებები ბაზრის მონაწილეთაგან და ასოციაციის წევრებისგან. განხორციელდა სახელმწიფო სტრუქტურებიდან და ეკონომიკური აგენტებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძვლიანი დამუშავება.

მოკვლევის ჯგუფმა საქმის მოკვლევა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება, გადაწყვეტილება, შეთანხმებული ქმედება) შესაძლო დარღვევის ფაქტზე განახორციელა და შეისწავლა ხორბლის/ჭვავის ფქვილის შესაბამისი ბაზარი. შეთანხმებული ქცევის ეჭვის საფუძველს წარმოადგენდა ფქვილის ბაზარზე არსებული ფასწარმოქმნის პრაქტიკა.

ჩატარებული ანალიზისა და ექსპერტული შეფასებების შედეგად, შესაბამის პროდუქციულ ბაზრად განისაზღვრა ხორბლის და ჭვავის ფქვილის ბაზარი. ამასთან, მოკვლევის ჯგუფმა მიიჩნია, რომ ფქვილისთვის რელევანტურ გეოგრაფიულ ბაზარს წარმოადგენს საქართველოს მთლიანი ტერიტორია, რომელზეც შესაძლებელია თავისუფალი გადაადგილება და მყიდველს შესაძებლობა აქვს შეიძინოს აღნიშნული პროდუქტი - ხორბლის/ჭვავის ფქვილი.

მოკვლევის ჯგუფმა განიხილა ასევე შესაბამის ბაზარზე შესვლისა და გამოსვლის ინსტიტუციონალური, ტექნიკური და ფინანსური ბარიერები და დაასკვნა, რომ ხორბლის/ჭვავის ფქვილის სასაქონლო ბაზარისთვის, ეკონომიკური საქმიანობის დაგეგმვის თვალსაზრისით, შედარებით ნაკლებად არის დამახასიათებელი, როგორც ტექნიკური, ასევე ფინანსური ბარიერები. იგივე შეიძლება ითქვას ინსტიტუციონალურ ბარიერზეც.

მოვლევის ფარგლებში, სააგენტოს მიერ დამუშავდა შემდეგი საკითხები:

  • ფქვილის იმპორტი საქართველოში;
  • ხორბლის იმპორტი და ადგილობრივი წარმოება საქართველოში;
  • ფქვილის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე;
  • ხორბლის იმპორტის ღირებულებისა და ხორბლის ფქვილის საშუალო ფასების შედარებითი ანალიზი და ხორბლის ფქვილის გამოსავლიანობა;
  • „გლობალაგრო“-ს წევრი კომპანიების მიერ რეალიზებული ფქვილის ფასების ანალიზი;
  • შპს „აგრიკომი“-ს მიერ იმპორტირებული და რეალიზებული ხორბლის მონაცემები და შედარებითი ანალიზი;
  • წისქვილკომბინატების და ელევატორების სიმძლავრეები ადგილობრივ ბაზარზე.

სააგენტომ მოკვლევის მიზნებისათვის შეაფასა „გლობალაგრო“-ს წესდება და კრების ოქმები „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლთან მიმართებით და დაადგინა, რომ უშუალოდ „გლობალაგრო“-ს წესდებიდან და სხდომის ოქმებიდან, ასევე სააგენტოს მიერ მიღებული ახსნა-განმარტებების გათვალისწინებით, არ იკვეთება კონკურენციის შემზღუდავი შეთანხმებისთვის დამახასიათებელი, გონივრული ეჭვის შემცველი მტკიცებულებები და შესაბამის ბაზარზე „კარტელური“ გარიგების არსებობის ან არარსებობის დასამტკიცებლად საჭიროა ფასწარმოქმნისა და სხვა ფაქტორების დამატებითი ეკონომიკური ანალიზი.

ასოციაციის სხდომის ოქმების და მოკვლევის ჯგუფის მიერ მიღებული ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტო მივიდა დასკვნამდე რომ შპს „აგროსისტემები“-ს მიმართ, ასოციაციის წევრების მხრიდან მართლაც ჰქონდა ადგილი ფასის აწევის მოთხოვნას.

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიზნებისათვის, კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულების, შეთანხმების, გადაწყვეტილების მიზანი ან/და შედეგი უნდა იყოს კონკურენციის შეზღუდვა. შესაბამისად, სააგენტო შპს „აგროსისტემები“-ს მიმართ „გლობალაგრო“-ს წევრების მხრიდან განხორციელებული მოთხოვნის ფაქტს ფასების აწევის თაობაზე ცალსახად ვერ მიიჩნევს კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევად, თუ სახეზე არ იქნება სხვა აუცილებელი და საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებენ, რომ ასოციაციის წევრებს შორის მოქმედებდა კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმება (ე.წ. კარტელური შეთანხმება) და შპს „აგროსისტემები“-სთვის ფასის აწევის მოთხოვნა იყო ამ კომპანიის კარტელურ შეთანხმებაში ჩართვის მცდელობა. მით უფრო იმ პირობებში, რომ ასოციაციის წევრთა უმრავლესობა, მათ შორის, შპს „აგროსისტემები“-ც, ახსნა-განმარტების ოქმებში ხაზს უსვამდა ხორბლის ფქვილის ბაზრის გამჭვირვალეობას - რაც შესაძლებლობას აძლევს სხვა ეკონომიკურ აგენტებს, ჰქონდეთ ინფორმაცია მათი კონკურენტების ფასების შესახებ. შესაბამისად, სააგენტო საკითხის შეფასების უზრუნველსაყოფად და ფასების პარალელიზმის დასადგენად დააკვირდა ასოციაციის წევრი და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული ეკონომიკური აგენტების საბაზრო ქცევას.

„გლობალაგრო“-ს წევრი კომპანიების მიერ მოწოდებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, სააგენტოს მიერ განხორციელებული ფქვილის სარეალიზაციო ფასების შედარებითი ანალიზით ირკვევა, რომ კომპანიების მიერ დაფიქსირებული ფქვილის სარეალიზაციო ფასები უმეტეს შემთხვევაში განსხვავებულია და ქმნის საკმაოდ ფართო დიაპაზონს.

ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ არსებული სხვაობა ფასებს შორის აიხსნება თავისუფალი კონკურენციის არსებობის პირობებში მოთხოვნა-მიწოდების ძალების ზეგავლენით, რაც თავის მხრივ არ ადასტურებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევის ფაქტს. სამი წლის განმავლობაში დაფიქსირებული ფასების ფართო დიაპაზონი და ფასების პარალელიზმის არარსებობა ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს იმისა, რომ შესაბამის ბაზარზე ფასების სტრუქტურა ყალიბდებოდა ფასებზე მოქმედი საბაზრო ძალების გავლენით და არა კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმების არსებობის გზით.

ზოგადად, შესაძლებელია აღინიშნოს, რომ 2013 წლიდან მოყოლებული ფქვილის ბაზრის გახსნილობა, სასაქონლო ბაზარზე ახალი, ძლიერი კომპანიების შემოსვლა, სარეალიზაციო ფასების კუთხით აქტიური მეტოქეობა იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ხორბლის ფქვილის ბაზარზე კონკურენციას აქვს ადგილი და არ არსებობს მტკიცებულებები „გლობალაგრო“-ს წევრ კომპანიებს შორის კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმების არსებობის დასადასტურებლად.

შესაბამისად, სააგენტომ მიიჩნია, რომ შპს „აგროსისტემები“-ს მიმართ ასოციაციის წევრთა მხრიდან განხორციელებული მოთხოვნა - ამ უკანასკნელს აეწია ფასი - არ წარმოადგენდა კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებაში შპს „აგროსისტემები“-ს ჩართვის მცდელობას და ასოციაციის წევრები მოქმედებდნენ მათი საბაზრო პოზიციის გაუმჯობესების მიზნით. მით უფრო იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შპს „აგროსისტემები“-ს წარმომადგენლის პოზიციით, მსგავსი შემთხვევა 2013 წლის შემდეგ აღარ განმეორებული და კომპანიას არ გააჩნია პრეტენზიები „გლობალაგრო“-ს წევრების მიმართ.

მიუხედავად აღნიშნულისა, სააგენტოს პოზიციით, ასოციაციის წევრების მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება არ არის მიზანშეწონილი და ყოველთვის მისცემს კონკურენციის დაცვის ორგანოებს დაეჭვების საფუძველს, რადგან ინფორმაციის გახსნილობის ფარგლები არის ის საზომი, რომელიც მეწარმეს კონკურენტი ეკონომიკური აგენტის შემდგომი საბაზრო ქცევის პროგნოზირების საშუალებას აძლევს და რაც ზრდის „კარტელური შეთანხმების“ ფორმირების რისკს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააგენტომ შეიმუშავა რეკომენდაცია ასოციაცია „გლობალაგრო“-ს მიმართ.

ამასთან, ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს შემდგომი გაჯანსაღების მიზნით, გაცემულ იქნა რეკომენდაცია საქართველოს მთავრობის მიმართაც.

ბრძანება

ინფორმაცია - სსიპ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 6 მარტის №34 ბრძანების შესაბამისად განხორციელებული საქმის მოკვლევის თაობაზე

2015 წლის 12 თებერვალს სსიპ - კონკურენციის სააგენტოში (შემდგომში - სააგენტო) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან (შემდგომში - ეკონომიკის სამინისტრო) გადმოგზავნილ იქნა შპს „MG”-ის, უცხოური საწარმოს ფილიალის - „ვიბრო დიაგნოსტიკი FZE”-ის და შპს „ლუკოილ ჯორჯია“-ს წერილები, რომელთა შესაბამისადაც, კომპანიები ეკონომიკის სამინისტროს ატყობინებდნენ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტის შესახებ. კომპანიები აპელირებდნენ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

შპს „MG”-ის და შპს „ლუკოილ ჯორჯია“-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, შპს „MG”-ის საწვავი უნდა შეესყიდა ბათუმის ნავთობტერმინალში. სახელშეკრულებო პირობების შესასრულებლად, შპს „MG”-ის ესაჭიროებოდა შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს ტერიტორიაზე არსებული მისასვლელ ლიანდაგზე რკინიგზის ვაგონცისტერნის შეკვეთა და შესაბამისად, აღნიშნულ ტერიტორიაზე კონტრაგენტად დადგომა. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, შპს „ლუკოილ ჯორჯია“-მ და უცხოური საწარმოს ფილიალმა „ვიბრო დიაგნოსტიკ“-მა შპს „ბათუმის ნავთობტერმინალ“-ს მიმართეს შპს „MG“-ის კონტრაგენტად დადგომის მოთხოვნით, რაც არ იქნა დაკმაყოფილებული. შესაბამისად, განმცხადებლის ინფორმაციით, სახეზე იყო შერჩევითი მიდგომა შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს მხრიდან მისასვლელი ლიანდაგის სარგებლობასთან დაკავშირებული თანხმობის გაცემისას, რაც „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნათა დარღვევას, სახელდობრ - დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას წარმოადგენდა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 30 სექტემბრის №30/09-5 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტოს თავმჯდომარის მიერ 2015 წლის 6 მარტს გამოცემული N34 ბრძანების შესაბამისად, სააგენტომ საკუთარი ინიციატივით დაიწყო მოკვლევა შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს ტერიტორიაზე ეკონომიკურ აგენტთა დომინირებული მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტსა და საქართველოს შავი ზღვის პორტებში ნავთობტერმინლათა საქმიანობის ქვეყნის კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის უზრუნველსაყოფად.

მოკველვის პროცესში, სააგენტოს მიერ მოძიებულ იქნა ინფორმაცია კომპანიებს შორის საქართველოს სასამართლოებში არსებულ საქმეთა შესახებ და მიღებულ იქნა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 თებერვლის განჩინება (საქმე N728699-15) (განმცხადებლები - ლიბრა თრეიდინგ FZC და უცხოური საწარმოს ფილიალი ვიბრო დიაგნოსტიკ - VIBRO DIAGNOSTIK) და „მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ“ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 13 ივლისს მიღებული განჩინება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინება „მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ“. ზემოაღნიშნული დავის ფარგლებში, სასარჩელო მოთხოვნის დავის საგანს წარმოადგენდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვა.

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 332 მუხლის შესაბამისად, ეკონომიკურ აგენტს, სხვა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, პირდაპირ მიმართოს სასამართლოს, შესაბამის ორგანოს ან თანამდებობის პირს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის აღკვეთისა და დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო არ მიიღებს საჩივარს, თუ იმავე დავის საგანზე, იმავე მხარეთა შორის სასამართლო წარმოებაში არის საქმე.

მიუხედავად იმისა, რომ კონკურენციის სააგენტოს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, მიღებული აქვს საქმის მოკვლევის სპეციალური წესი, რაც დამტკიცებულია „საქმის მოკვლევის წესისა და პროცედურის დამტკიცების თაობაზე” სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 30 სექტემბრის N30/09-5 ბრძანებით, და ამასთან, საქმის მოკვლევა დაწყებულ იქნა არა საჩივრის, არამედ სააგენტოს ინიციატივის საფუძველზე, კონკურენციის სააგენტოს, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაცულ უნდა იქნეს ის ძირითადი პრიციპები, რაც მოცემულია საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში. შესაბამისად, საჩივრის მიღებაზე უარის თქმის ზოგადი საფუძველი, რომელიც გულისხმობს სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხილვის დაუშვებლობას, ვრცელდება სააგენტოზეც.

ხსენებულის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რომ კონკურენციის სააგენტოსათვის აღნიშნული გარემოება ცნობილი გახდა საქმის მოკვლევის დაწყების შემდგომ - 2015 წლის 17 ივლისს, ანუ მას შემდეგ, რაც შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს მიერ წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეთა შესახებ.

როგორც ზემოაღნიშნულიდან დგინდება, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჩივრის მიღებაზე უარის თქმის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული საფუძველი დადგა 2015 წლის 4 მარტს, ანუ იმაზე ადრე, ვიდრე გამოცემულ იქნებოდა სსიპ - კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 6 მარტის ბრძანება საქმის მოკვლევის დაწყების თაობაზე. თუმცა სააგენტომ შესაბამისი გარემოების შესახებ შეიტყო 2015 წლის ივლისში, რაც გახდა სააგენტოს მიერ ამ ნაწილში წარმოების შეწყვეტის საფუძველი.

ამავდროულად, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სააგენტოს მიერ მოკვლევის დაწყება მოხდა არა მხოლოდ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს ტერიტორიაზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტთა მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით, არამედ, ზოგადად, შავი ზღვის ტერიტორიაზე მოქმედ ტერმინალთა საქმიანობის კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც. ამდენად, დაწყებული მოკვლევის სრულად შეწყვეტის საფუძველი არ არსებობდა და წარმოება გაგრძელდა მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც ეხება შავი ზღვის ტერიტორიაზე მოქმედ ტერმინალთა საქმიანობის კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის განსაზღვრას სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 ნოემბრის N189 ბრძანების შესაბამისად.

მოკვლევის პროცესში სააგენტომ მიიღო ინფორაცია, როგორც სხვადასხვა უწყების მხრიდან, ასევე, შესაბამისი ეკონომიკური აგენტებისგანაც როგორც წერილობითი ფორმით, ასევე ახსნა-განმარტებების სახითაც.

სააგენტოს შეფასება

საქართველოს შავი ზღვის პორტებში ნავთობტერმინალთა საქმიანობის შესწავლა სააგენტოს მიერ განხორციელდა ზოგადად, საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

მოკვლევის დაწყების თაობაზე სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ცნობილი იყო როგორც შესაბამის ბაზარზე მოქმედი ყველა სუბიექტისათვის, ასევე, საზოგადოებისათვისაც. მიუხედავად აღნიშნულისა, სააგენტოსათვის არ მიუმართავს არც ერთ პირს, რომელიც, შესაძლოა, ყოფილიყო დაზარალებული ეკონომიკურ აგენტთა მიერ განხორციელებული არაჯანსაღი კონკურენტული ქმედებების შედეგად.

შესაბამისად, სააგენტომ საკითხის შესწავლა განახორციელა მოკვლევის პროცესში გამოთხოვილ და მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ხსენებული ინფორმაცია არ მოიცავდა იმგვარი სახის მტკიცებულებას, რომელსაც შეეძლო წარმოეშვა ნავთობტერმინალთა მიერ კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებული ქმედების განხორციელების ეჭვი.

ამდენად, მის ხელთარსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, სააგენტომ არ განიხილა საქართველოს შავი ზღვის პორტებში ნავთობტერმინალთა საქმიანობის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლთან შესაბამისობის საკითხი და საკითხის შეფასება განახორციელა მხოლოდ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლთან მიმართებით.

რაც შეეხება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შეფასების ფაქტს, შეფასება განხორციელდა ორი ძირითადი მიმართულებით:

  1. დომინირებული მდგომარეობის განსაზღვრა;
  1. დომინირებული მდგომარეობის დადასტურების შემთხვევაში, განსახილველი ქმედების შესაბამისობის დადგენა ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან.

  1. დომინირებული მდგომარეობის განსაზღვრა

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის განსაზღვრულ მომსახურების ბაზარზე, რომლის გაწევაზე უარის თქმის ფაქტის მოკვლევა მიმდინარეობდა უშუალოდ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს მიმართ, სააგენტოს არ შეუფასებია შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს საბაზრო წილის პროცენტული მაჩვენებელი, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ როგორც თბილისის, ასევე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა შესაბამისი განჩინება იმავე დავის საგანზე, იმავე მხარეთა შორის, რაც სააგენტოს მიერ საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი გახდა.

რაც შეეხება უშუალოდ შავი ზღვის ნავთობტერმინალების საქმიანობის შემოწმების მიზნებისათვის განსაზღვრულ ნავთობპროდუქტების ჩატვირთვა/გადმოტვირთვის სასაქონლო ბაზრებს - ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2012-2014 წლებში დომინირებული მდგომარეობის მქონე სუბიექტს წარმოადგენდა შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“, რადგან მისი საბაზრო წილი კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ კრიტიკულ, ფორმალურ ზღვარზე - 40%-ზე მეტი იყო სამივე წლის განმავლობაში ორივე სასაქობლო ბაზარზე - როგორც ნავთობპროდუქტების გადმოტვირთვის, ასევე ჩატვირთვის სასაქონლო ბაზარზე.

  1. დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება

დომინირებული მდგომარეობის დადასტურების შემდეგ, სააგენტომ შეაფასა განსახილველი ქმედების შესაბამისობა ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამის მოთხოვნებთან. ვინაიდან სააგენტო საქმის განხილვის პროცესში ეყრდნობა როგორც მხარეთა შორის შეჯიბრობითობის, ასევე ადმინისტრაციული წარმოებისთვის დამახასიათებელ ინკვიზიციურობის პრინციპებს, პირველ რიგში შეფასდა სააგენტოს ხელთ არსებული გარემოებები და ქმედებები, ხოლო შემდეგ განხორციელდა გამოკვლევა - ხომ არ ჰქონდა ადგილი სხვა რაიმე სახის დარღვევას.

შესაბამისად, სააგენტომ შეაფასა შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს, როგორც დომინანტი კომპანიის, საბაზრო ქცევა ნავთობპროდუქტების ჩატვრითვა-გადატვირთვის მომსახურების ბაზრებზე მის მიერ სხვადასხვა ეკონომიკური აგენტებისათავის შეთავაზებული მომსახურების ტარიფების ურთიერთშედარების საფუძველზე.

შესასწავლ პერიოდში, შპს "ბათუმის ნავთობტერმინალ"-ში ადგილი ჰქონდა სხვადასხვა ტიპის სატარიფო მომსახურებას, იმისდა მიხედვით, თუ რა სახის პროდუქცია, რა მოცულობით იტვირთებოდა ვაგონიდან გემში და პირიქით. შესაბამისად, მომსახურების დადგენილი ტარიფის საშუალო წლიური სიდიდის ცვლილება 1 ტონაზე გაანგარიშებით დამოკიდებული იყო და არის გადასატვირთი ტვირთის მოცულობაზე და სახეობაზე.

ამდენად, სააგენტოს მიერ სხვადასხვა ეკონომიკური აგენტებისათვის შეთავაზებული ტარიფების ურთიერთშედარების შედეგად არ გამოიკვეთა რაიმე სახის სახის კონკურენციის შემზღუდველი ქმედება, რომელიც შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტს წარმოშობდა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საქმის მოკვლევის პროცესში, სააგენტოს არ მიმართა არც ერთმა ეკონომიკურმა აგენტმა, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო დაზარალებული შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს ქცევის შედეგად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტომ მიიჩნია, რომ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს მიერ წარმოებულ საფასო პოლიტიკაში არ იკვეთება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დარღვევის ნიშნები და წინაპირობები.

რაც შეეხება, ნავთობპროდუქტების გადატვირთვის ბაზარზე ქ. ფოთში მოქმედ ეკონომიკურ აგენტებს შპს ,,არგოტრანს ჯორჯია"-სა და შპს „ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმითედ - საქართველო“-ს - ისინი არ წარმოადგენენ დომინანტ სუბიექტებს, მათი საბაზრო წილის უმნიშვნელო ოდენობის გათვალისწინებით. შესაბამისად, სააგენტოს ხელთარსებული ინფორმაციის ფარგლებში, კონკურენციის სააგენტოს არ უმსჯელია მათი მხრიდან „კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დარღვევის შესაძლო ფაქტთან მიმართებით.

საბოლოოდ, სსიპ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 30 დეკემბერის №202 ბრძანებით დამტკიცებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ იქნა დადასტურებული შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს მხრიდან, ნავთობპროდუქტების გადმოტვირთვის ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი.

ბრძანება

ინფორმაცია საქართველოს ყავის სასაქონლო ბაზარზე განხორციელებული მონიტორინგის თაობაზე

2014 წლის ნოემბრიდან, სსიპ კონკურენციის სააგენტომ, საკუთარი ინიციატივით, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-172 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონკურენციის შეზღუდვისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტების გამოვლენისა და შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, დაიწყო ყავის სასაქონლო ბაზრის შესწავლა (მონიტორინგი), იმის გათვალისწინებით, რომ ყავაზე მოთხოვნა საქართველოში, საზღვარგარეთის სახელმწიფოების ანალოგიურად მაღალია, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით (თითქმის 450 მილიარდი ფინჯანი ყავა ისმევა ყოველ წელს, ხოლო ყოველდღიურად 1.5 მილიარდი) მასზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ნავთობის შემდეგ ის ყველაზე ფართო მოხმარების პროდუქტადაა მიჩნეული. ამასთან, ამერიკის მასშტაბით, საკვები პროდუქტების ბაზარზე, წყლისა და სოდიანი სასმელების შემდეგ, მას უკავია მე-3 პოზიცია (მე-4 ლუდია და მე-5 რძე).

ამასთან, საკითხის აქტუალობის კუთხით გააზრებისას, მხედველობაში იქნა მიღებული ამ ბაზრის ცალკეულ სუბიექტთა მიერ წინა წლებში გაკეთებული განცხადებები, ამ ბაზრიდან გასვლის მიზეზებთან დაკავშირებით (ბიზეს ჯგუფ ,,ლაქშარ გრუპი“-ს წარმომადგენელის (წყარო: ,,netgazeti.ge“) – „საქართველოში ყავის ბაზარზე დემპინგური ფასი და არაჯანსაღი კონკურენციაა, რის გამოც მათ ყავის ბიზნესი შეაჩერეს“).

აღნიშნულიდან გამომდინარე, კონკურენციის სააგენტოს მიერ ყავის სასაქონლო ბაზარზე განხორციელებული მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა ამ ბაზარზე არსებული ზოგადი მდგომარეობის მიმოხილვა, ბაზრების მოცულობის განსაზღვრა, არსებული კონკურენტული გარემოს შეფასება და გასატარებელი ღონისძიებების შემუშავება.

მონიტორინგის პროცესში დამუშავდა ოფიციალური მონაცემები და ინფორმაციები, რომლებიც გამოთხოვილ იქნა ბაზარზე მოქმედი სხვადასხვა ეკონომიკური აგენტებისგან და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებიდან, კერძოდ : საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური; სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო; სსიპ შემოსავლების სამსახური; სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო.

აღნიშნული უწყებებისაგან ასევე მიღებულ იქნა საკონსულტაციო სახის დახმარება. კონსულტაციები მიღებულ იქნა ყავის სასაქონლო ბაზარზე კონკრეტული კვლევების განმახორციელებელი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისაგან და იმ ეკონომიკური აგენტებისაგანაც, რომლებიც სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით საუბრობდნენ შესაბამის ბაზარზე არსებულ პრობლემებზე.

გარდა ამისა, კონკურენციის სააგენტომ, მონიტორინგის პროცესში, პირდაპირი და ელექტრონული ანკეტირების გზით, განახორციელა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ყავის 500-მდე მომხმარებლის და ყავის ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების გამოკითხვა.

მონიტორინგის ფარგლებში ასევე განხორციელდა ყავის მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარების მიმოხილვა, საქართველოს ყავის ბაზრის კონკურენტული გარემოს დახასიათება, ბაზარზე არსებული ძირითადი პრობლემებისა და ტენდენციების გამოკვეთა, კერძოდ: პროდუქციული და გეოგრაფიული ბაზრის იდენტიფიცირება; ბაზარზე მოქმედი სუბიექტების შესახებ ინფორმაციის დამუშავება; ბაზარზე არსებული კონცენტრაციის დონისა და სხვა მაჩვენებლების შეფასება; ბაზრებზე არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება.

შემოსული მასალების ანალიზის, მიღებული კონსულტაციებისა და გამოკითხვების შედეგად გაირკვა, რომ ხსნადი და ნალექიანი ყავის სახეობები არ წარმოადგენენ ურთიერთჩანაცვლებად პროდუქციას. შესაბამისად, კონკურენციის სააგენტომ დაადგინა ყავის ორი ძირითადი ბაზარი - ნალექიანი და ხსნადი ყავის ბაზრები. ამასთან, აღნიშნული ბაზრების გეოგრაფიულ საზღვრად დადგინდა საქართველოს ტერიტორია.

ქვეყანაში ყავის ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების და ძირითადი ტენდენციების გამოკვეთის მიზნით, სააგენტოს ხელთარსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან და შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაცია) შესწავლილ იქნა, ქვეყნის სასაქონლო ბაზარზე 2008 წლიდან 2015 წლის ივნისის თვის ჩათვლით არსებული მდგომარეობა. მოძიებული და დამუშავებული ინფორმაციის ანალიზმა ნათლად წარმოაჩინა, რომ 2008 წლიდან 2015 წლის ივნისის ჩათვლით ქვეყნის ყავის (ხსნადი/ ნალექიანი) სასაქონლო ბაზრებზე დამაკმაყოფილებელი კონკურენტული გარემო იყო და ბაზარიც დაბალ (ნალექიანი), ან ზომიერად (ხსნადი) კონცენტრირებული იყო.

ამასთან, ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს შეფასებისა და მისი მდგომარეობის განმსაზღვრელი ფაქტორების გათვალისწინებით, სააგენტომ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნატის „გ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, სსიპ ,,სურსათის ეროვნულ სააგენტოს“ განსახილველად სავალდებულო რეკომენდაციები წარუდგინა. რეკომენდაციები შეეხება ყავის პროდუქციის ფიტოსანიტარულ კონტროლს, მასში კონცენტრანტების შემცველობის მონიტორინგისა და პროდუქციის ეტიკეტირების წესის დაცვის საკითხებს.

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა სსიპ - კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 6 თებერვლის N19 ბრძანების შესაბამისად განხორციელებული საქმის მოკვლევის თაობაზე

2014 წლის 26 დეკემბერს სსიპ - კონკურენციის სააგენტოში (შემდგომში - „სააგენტო“) წარმოდგენილ იქნა ააიპ „მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოებ“-ის განცხადება საავტომობილო გაზის რეალიზატორი კომპანიების სავარაუდო შეთანხმების საფუძველზე საავტომობილო გაზის საცალო ფასის დადგენისა (ზრდის) და შედეგად „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაძლო დარღვევის ფაქტზე.

წარმოდგენილ მასალებსა და ინფორმაციებზე დაყრდნობით, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 6 თებერვლის N19 ბრძანების საფუძველზე, დასაშვებად იქნა ცნობილი ააიპ ,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ განცხადება და დაიწყო მოკვლევა.

,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,საქმის მოკვლევის წესისა და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს 2014 წლის 30 სექტემბრის N30/09-5 ბრძანებით დამტკიცებულ მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოკვლევის პროცესში, მოკვლევის ჯგუფმა გასწია მნიშვნელოვანი მოცულობის სამუშაო, რომელიც წარიმართა საჯარო დაწესებულებებთან და ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტებთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში. სააგენტომ დაამუშავა როგორც სახელმწიფო ორგანოების მიერ მოწოდებული, ასევე ეკონომიკური აგენტებისგან გამოთხოვილი ინფორმაცია. გარდა ამისა, გაიმართა შეხვედრები შესაბამის ეკონომიკურ აგენტებთან, სათანადო ახსნა-განმარტებების მიღების მიზნით. პარალელურად, განხორციელდა მათგან მიღებული დოკუმენტაციის დამუშავება. კანონმდებლობით დადგენილი წესის გათვალისწინებით, როგორც დოკუმენტაციის წარმოდგენის ეტაპზე, ასევე სააგენტოში გამართულ მოსამზადებელ და შემაჯამებელ სხდომებზე, დაინტერესებულ მხარეებს მიეცათ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის და საკუთარი პოზიციის/არგუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა.

მოკვლევის ფარგლებში წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით, სააგენტომ შეისწავლა როგორც უშუალოდ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ ფაქტები, ასევე, საავტომობილო დანიშნულების ბუნებრივი აირის ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო. განისაზღვრა შესაბამისი ბაზრის პროდუქციული, გეოგრაფიული საზღვრები, არსებული ინსტიტუციუნალური, ტექნიკური თუ ფინანსური ბარიერები, ბაზარზე მოქმედი სუბიექტების წილები და ბაზრის კონცენტრაციის დონე.

მოკვლევის პროცესში, შესაბამისი ბაზრის პროდუქციული საზღვრების დადგენისას, გათვალისწინებულ იქნა, რომ ბუნებრივ აირთან ერთად, საავტომობილო საწვავად გამოიყენება ბენზინის და დიზელის საწვავი. თუმცა, შედარებით დაბალი ფასის, ეკონომიურობისა და შესაბამისად, მომხმარებელთა საკმაოდ დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, ხსენებული პროდუქტები არ იქნა განხილული საავტომობილო გაზის ჩამნაცვლებლად. საკითხის გადაწყვეტისას ასევე ყურადღება იქნა გამახვილებული, რომ სააგენტოს მიერ განხორციელებული ნავთობპროდუქტების სასაქონლო ბაზრის მოკვლევისას, ავტოტრანსპორტის საწვავის ბაზარზე ურთიერთჩანაცვლებად საქონლად მიჩნეულ იქნა მხოლოდ ბენზინი და დიზელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაშიც, ბაზრის პროდუქციულ საზღვრად სააგენტოს მიერ განისაზღვრა - საავტომობილო დანიშნულების ბუნებრივი აირი.

რაც შეეხება გეოგრაფიულ ბაზარს, მოკვლევის ჯგუფის მიერ, შესაბამის ბაზრად ჩაითვალა საქართველოს მთელი ტერიტორია, ვინაიდან საავტომობილო დანიშნულების ბუნებრივი აირის შეძენა საქართველოს თითქმის მთელს ტერიტორიაზეა შესაძლებელი.

შპს ,,გაზის ტრანსპორტირების კომპანი“-იდან და მეწარმე სუბიექტებისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, დადგინდა, რომ ქვეყანის მასშტაბით ფუნქციონირებს დაახლოებით 100-მდე საავტომობილო გაზის რეალიზატორი კომპანია, 160-მდე გაზგასამართი სადგურით. ავტოგაზგასამართი სადგურების ნაწილი მიერთებულია მაღალი წნევის მაგისტრალურ მილსადენზე, ხოლო ნაწილი დაბალი წნევის ლოკალურ ქსელებზე.

სააგენტოში შემოსული განცხადების შინაარსიდან გამომდინარე, მოსაკვლევი პერიოდი მოიცავს 2014 წლის აგვისტოსა და დეკემბრის თვეებს. შესაბამისად, წილებისა და ბაზრის კონცენტრაციის დასადგენად განსაზღვრულ იქნა 2014 წლის მეორე ნახევარი, ანუ ივლის-დეკემბრის მონაკვეთი. სააგენტომ მოახდინა მის ხელთარსებული ყველა მონაცემის შეჯერება და სათანადო ანალიზის შედეგად, დადგინდა, რომ 2014 წლის მეორე ნახევარში, ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი (HHI) შეადგენდა 1665,6 ერთეულს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზარი იყო ზომიერად კონცენტრირებული.

მოკვლევის შედეგად სააგენტომ მიიჩნია, რომ განცხადებაში მოყვანილი ფაქტების მიუხედავად, საქმეში არ არსებობს მყარი ეკონომიკური და სამართლებრივი არგუმენტი იმის დასადასტურებლად, რომ 2014 წლის აგვისტოში და მითუმეტეს დეკემბერში, კომპანიების მხრიდან საავტომობილო გაზზე ფასების ზრდა განპირობებული იყო ბაზარზე მოქმედი სუბიექტების შეთანხმების შედეგად, კერძოდ:

ჩატარებული ანალიზი ცხადყოფს, რომ 2014 წლის აგვისტოს და დეკემბრის თვეებში ბაზრის სუბიექტების მხრიდან, პარალელურ რეჟიმში ფასების ერთგვაროვანი ოდენობით - 5 თეთრით გაზრდის მიუხედავად, ეს ფაქტი არ შეიძლება ცალსახად შეფასდეს, როგორც კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმება. მითუმეტეს, რომ ფასების ზრდის დღეები ზოგ შემთხვევაში განსხვავებულია. ზოგიერთ კომპანიას საერთოდ არ გაუზრდია ფასები და განსხვავებული იყო მათი სარეალიზაციო ფასებიც. უფრო მეტიც, ცალკეული კომპანიები გაზს სხვადასხვა ადგილებში (მათ შორის ერთსა და იმავე ქალაქში) განსხვავებულ ფასადაც კი ჰყიდდნენ, რაც ბაზარზე კონკურენციის არსებობის ერთ-ერთი მიმანიშნებელი ფაქტორია. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ფასწარმოქმნაზე ზეგავლენას ახდენს კონკურენტის ქმედება, ეროვნული ვალუტის გაუფასურება და სხვა.

საბოლოოდ, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 30 ოქტომბრის N162 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული გადაწყვეტილების მიხედვით, არ დადასტურდა საავტომობილო გაზის რეალიზატორი ეკონომიკური აგენტების მხრიდან ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევის ფაქტი.

მიუხედავად აღნიშნულისა, ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს შეფასებისა და მისი მდგომარეობის განმსაზღვრელი ფაქტორების გათვალისწინებით, სააგენტომ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნატის „გ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით, რეკომენდაციები წარუდგინა საქართველოს მთავრობას, სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობისა და სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოებს; ასევე, კომპანია ,,სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ და ააიპ ,,საქართველოში ბუნებრივი აირით მოსარგებლეთა გაერთიანება“-ს.

წარდგენილი რეკომენდაციები შეეხება ბუნებრივი აირის საბითუმო მიწოდების ფასებს, გაზგასამართი სადგურების უსაფრთხოების დადგენილი სტანდარტებით მშენებლობის, ტექნიკურ აღჭურვილობის, მათ საქმიანობაში უსაფრთხოების ნორმების განუხრელად დაცვის უზრუნველყოფაზე სისტემატიურ კონტროლს და ბუნებრივი გაზის მოწოდების ალტერნატიული წყაროების ხელმისაწვდომობას.

ბრძანება

ინფორმაცია სსიპ - კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 24 დეკემბრის №29 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული საქმის მოკვლევის თაობაზე

2014 წლის 25 ნოემბერს სსიპ - კონკურენციის სააგენტოში (შემდგომში - სააგენტო) წარმოდგენილ იქნა შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია“-ს საჩივარი, შპს „ტრანს კაუკასუს ტერმინალსი“-ს მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით.

საჩივრის თანახმად, სს „საქართველოს რკინიგზ“-ის შვილობილი კომპანია - შპს „ტრანს კაუკასუს ტერმინალსი“ ფლობს ტერმინალს, რომელიც ერთადერთია თბილისსა და მის შემოგარენში. ამასთან, აღნიშნული კომპანია ახორციელებს საექსპედიტორო მომსახურებასაც, რომლისთვისაც გამოცხადებული ჰქონდა კომბინირებული ტარიფი (სხვადასხვა სერვისი). აღნიშნული ტარიფი მოიცავს საქართველოს რკინიგზის მომსახურებასაც (რაც სს „საქართველოს რკინიგზის“ სატარიფო პოლიტიკის თანახმად, ყველა ეკონომიკური აგენტისთვის ერთი და იგივე უნდა იყოს) და სატერმინალო მომსახურების ღირებულებასაც. მომჩივანი გამოთქვამს ეჭვს, რომ შპს „ტრანს კაუკასუს ტერმინალსი“-ს მიერ გამოცხადებული კომბინირებული ტარიფები ფაქტობრივად არ მოიცავს საექსპედიტორო მომსახურების ტარიფს. ამასთან, მომჩივანი განმარტავს, რომ „თუ ეკონომიკურ აგენტს არ სურს კომბინირებული ტარიფით სარგებლობა და კონტეინერების გადაზიდვას შეუკვეთავს სს „საქართველოს რკინიგზა“-ს, კონტეინერები აუცილებლად უნდა მოხვდეს ტერმინალში, შესაბამისად, მან სატერმინალო მომსახურება აუცილებლად უნდა მიიღოს შპს „ტრანს კაუკასუს ტერმინალსი“-სგან. რკინიგზის მომსახურების ღირებულების და სატერმინალო მომსახურების ღირებულების ჯამი არის უფრო მეტი, ვიდრე შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალსი“-ს მიერ გამოცხადებული კომბინირებული ტარიფის ღირებულება.“

მოკვლევის პროცესში, მოკვლევის ჯგუფმა გასწია მნიშვნელოვანი მოცულობის სამუშაო, რომელიც წარიმართა საჯარო დაწესებულებებთან და ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტებთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში. სააგენტომ დაამუშავა როგორც სახელმწიფო ორგანოების მიერ მოწოდებული, ასევე ეკონომიკური აგენტებისგან გამოთხოვილი ინფორმაცია. მოკვლევის პროცესისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საკონტეინერო გადაზიდვების ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტებისგან მიღებულ იქნა ახსნა-განმარტებები და კონსულტაციები.

მოკვლევის ფარგლებში, შესაბამის სასაქონლო ბაზრად განსაზღვრულ იქნა კონტეინერების გადაზიდვის ბაზარი. აღნიშნული საქმიანობა ხორცილდება როგორც რკინიგზის, ასევე საავტომობილო ტრანსპორტის მეშვეობით. მიუხედავად აღნიშნულისა, სააგენტოს მიერ განხორციელდა შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალსი“-ს წილის გამოთვლა, როგორც კონტეინერების გადაზიდვის ბაზარზე, ასევე კონტეინერების სარკინიგზო გადაზიდვის ბაზარზე.

მოკვლევის შედეგად, სახელმწიფო უწყებებისა და ეკონომიკური აგენტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, დადგინდა 2012-2015 წლებში ქ. ფოთისა და ქ. ბათუმის პორტების მეშვეობით საქართველოში იმპორტირებული, ექსპორტირებული და ტრანზიტულად გადაადგილებული კონტეინერების მოცულობა. ამასთან, როგორც ირკვევა, საქართველოში კონტეინერების გადაზიდვის ბაზარზე (სარკინიზგო და საავტომობილო გადაზიდვა) სარკინიგზო გადაზიდვის წილი 2012, 2014-2015 წლებში, შესაბამისად, შეადგენს -15,67%-ს, 11,1%-ს, 10,36%.

აღნიშნულიდან გამომდინარე, იკვეთება, რომ კონტეინერების გადაზიდვის სასაქონლო ბაზარზე სარკინიგზო გადაზიდვას არ უკავია დომინირებული მდგომარეობა. კონტეინერების გადაზიდვის შესაბამის ბაზარზე უმეტესი წილი ეკუთვნის საავტომობილო გადაზიდვას, რადგან საქართველოში სამდინარო ტრანსპორტით ტვირთის გადატანა არ არის განვითარებული. ამასთან, როგორც გადაზიდვის დინამიკიდან ჩანს, ბოლო წლებში მცირდება სს „საქართველოს რკინიგზ“-ის მეშვეობით კონტეინერების გადაზიდვის წილი გადაზიდვების საერთო მოცულობაში, რაც შეიძლება სხვა ფაქტორებთან ერთად დაკავშირებული იყოს სს „საქართველოს რკინიგზის“ სატარიფო პოლიტიკასთან, რომლის გაანგარიშება წარმოებს აშშ დოლარზე გათვლით (ექვივალენტი ლარებში).

ამასთან, სააგენტოს ხელთარსებული ინფორმაციიით, შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალს“-ს ასევე არ უჭირავს დიდი წილი თავად კონტეინერების სარკინიგზო გადაზიდვების ბაზარზე (2012 წელი - 16.2%, 2013 წელი - 19.9%, 2014 წელი _ 16.8%, 2015 წელი - 20.1%).

შესაბამისად, სააგენტომ მიიჩნია, რომ შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალს“-ს არ უკავია დომინირებული მდგომარეობა, არც საერთო ბაზრის გაგებით (კონტეინერების გადაზიდვის სასაქონლო ბაზარი) და არც კონტეინერების სარკინიგზო გადაზიდვის ბაზრის გაგებით.

მიუხედავად იმისა, რომ შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალს“-ს არ დაუდგინდა შესაბამის ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის ქონა, სააგენტომ მაინც განახორციელა საჩივარში მოყვანილი ქმედებების შეფასება და ანალიზი.

კონკურენციის სააგენტოში წარმოდგენილ საჩივარში შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია“ შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალსი“-ს მიერ კონკურენციის სამართლიანი პრინციპების დარღვევად და კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედებად არსებითად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალსი“ სს „საქართველოს რკინიგზ”-ის მიერ ჩაყენებულია უპირატეს მდგომარეობაში და თავად კომპანია აწარმოებს მომსახურებას სს „საქართველოს რკინიგზა“-სთან შედარებით შეღავათიანი ტარიფით. შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია“-ს საჩივრის თანახმად, შპს ,,ტრანს კავკასუს ტერმინალსი“-ს მიერ შემოთავაზებულ კომბინირებულ ტარიფებში არ შედის საექსპედიციო საქმიანობის ღირებულება და მიზნად ისახავს შპს ,,ტრანს კავკასუს ტერმინალსი“-ს მიერ ბაზარზე უპირატესობის მოპოვებას. აღნიშნული სახის საქმიანობას მომჩივანი კომპანია განიხილავს დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად.

მოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით, სააგენტომ მიიჩნია, რომ მომსახურების გაწევისას შპს „ტრანს კაუკასუს ტერმინალს“-ს და სს „საქართველოს რკინიგზა“-ს სხვა ეკონომიკური აგენტებისათვის არ შეუქმნიათ დისკრიმინაციული პირობები (ფოთი-თბილისი და პირიქით, ბათუმი-თბილისი და პირიქით ხაზზე ე.წ. „ბლოკ-მატარებლით“ საკონტეინერო გადაზიდვა). კერძოდ, კომპანიების მიერ მიღებულ გადაწყვეტილების შედეგად, სხვა თანაბარი პირობების პრინციპის დაცვით, ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლო ესარგებლა ხსენებული მარშრუტებისათვის დადგენილი მომსახურების შეღავათიანი ტარიფით. ეს პროექტი განხორციელდა ნებისმიერი პირისათვის, მათ შორის საექსპედიტორო საქმიანობის განმახორციელებლისათვის და უკლებლივ იქნა ასახული კომბინირებულ ტარიფში, რომელიც თავისი არსით და განხორციელების ფორმით წარმოადგენს სარკინიგზო გადაზიდვის საქმიანობის ტარიფს და არ შეიძლება განხილულ იქნეს საექსპედიტორო საქმიანობის ტარიფად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ტრანს კაუკასუს ტერმინალსი“-ს ხსენებული სატარიფო პოლიტიკა სააგენტოს მიერ არ იქნა მიჩნეული, როგორც კონკურენტი ეკონომიკური აგენტების საზიანოდ განხორციელებული მიზანმიმართული ქმედება და შესაბამისად, არ დაკვალიფიცირდა დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შემთხვევად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 21 ოქტომბრის N155 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული გადაწყვეტილების მიხედვით, არ დადასტურდა შპს ,,ტრანს კავკასუს ტერმინალსი“-ს მიერ საკონტეინერო გადაზიდვების ბაზარზე „კონკურენციის შესხებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დარღვევის ფაქტი. ამასთან, მოკვლევის ფარგლებში, შპს ,,ტრანს კავკასუს ტერმინალს“-ს და საქართველოს მთავრობას წარედგინათ რეკომენდაციები შესაბამის მომსახურების ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღებისათვის.

ბრძანება

ინფორმაცია სსიპ - კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 12 დეკემბრის N27 ბრძანების შესაბამისად განხორციელებული საქმის მოკვლევის თაობაზე

2014 წლის 6 ნოემბერს სსიპ - კონკურენციის სააგენტოში (შემდგომში - სააგენტო) წარმოდგენილ იქნა საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „გლობალაგრო“-ს (შემდგომში - ასოციაცია გლობალაგრო) განცხადება აზერბაიჯანული კომპანიის "კარატ ჰოლდინგი“-ს მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე.

განმცხადებლის ინფორმაციით - 2009 წლიდან აზერბაიჯანულმა კომპანიამ "კარატ ჰოლდინგ“-მა დაიკავა ბაზარზე პრივილეგირებული მდგომარეობა. საქართველოში შემოსვლის შემდეგ „კარატ ჰოლდინგი“-ს მფლობელობაში გადავიდა:

1) შპს "აგროსისტემები" - მარნეულის წისქვილკომბინატი (სიმძლავრე 600 ტ/დღეში; შემნახველი სიმძლავრე - 80 000 ტონა); ყოფილი „მზეკაბანი“ (200 ტ/დღეში; შემნახველი სიმძლავრე - 50 000 ტ.);

2) შპს "კარმენი" - გორის წისქვილკომბინატი „ფორტე“ (სიმძლავრე 350 ტ/დღეში; შემნახველი სიმძლავრე 42 000 ტ.);

3) შპს "კარმენი - K" -კაჭრეთის წისქვილკომბინატი (სიმძლავრე 200 ტ/დღეში; შემნახველი სიმძლავრე - 120 000 ტ.);

ასევე, დამატებით იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰოლდინგი ბაზარზე ოპერირებდა პერიოდულად არასამართლიანი ფასით. შესაბამისად, განმცხადებლის ინფორმაციით, ირღვეოდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი და იქმნებოდა ხორბლის სტრატეგიული მარაგების ერთი კომპანიის ხელში თავმოყრის საფრთხე, რაც მათი მოსაზრებით აისახებოდა ფქვილის ფასზეც (არასამართლიანად დაბალ ფასად გამოაქვს ფქვილი ბაზარზე გასაყიდად).

სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 12 დეკემბრის N27 ბრძანების შესაბამისად, კონკურენციის სააგენტომ დაიიწყო მოკვლევა შპს „აგროსისტემები“-ს, შპს „კარმენი -k”-სა და შპს „კარმენი“-ს მიერ „კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის (დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) დარღვევის ფაქტზე. ამასთან, შესაბამისი ეკონომიკური აგენტები, მოკვლევის მიზნებისათვის, მიჩნეულ იქნენ ურთიერთდამოკიდებულ პირებად და სააგენტომ საბაზრო წილისა და საბაზრო ძალაუფლების განმსაზღვრელი კრიტერიუმების შეფასება განახორციელა, მათი ერთ სუბიექტად მიჩნევის საფუძველზე.

სააგენტოს მიერ განისაზღვრა შესაბამისი ბაზარი და დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტის მოკვლევა განხორციელდა ხორბლის ფქვილის შესაბამის ბაზარზე 2012-2015 წლებში. მიუხედავად ამისა, დომინირებული მდგომარეობის შეფასებისას სააგენტომ გაითვალისწინა ფქვილის ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტთა პოზიციები ხორბლის შესაბამის ბაზარზე, ვინაიდან აღნიშნული ბაზრები წარმოადგენენ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ ზედა და ქვედა დონის ბაზარს, სადაც ერთი ბაზარი (ხორბლის ბაზარი) მეორე ბაზრისთვის (ფქვილის ბაზარი) რესურსების მიწოდების არეალს წარმოადგენს და შესაბამისად, ,,მიმწოდებელ“ ბაზარზე არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მეორე (ხორბლის ფქვილის) ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების პოზიციაზე. ამასთან, სააგენტოს მიერ შესაბამის გეოგრაფიულ ბაზრად მიჩნეულ იქნა საქართველოს ტერიტორია.

მოკვლევის პროცესში, მოკვლევის ჯგუფმა გასწია მნიშვნელოვანი მოცულობის სამუშაო, რომელიც წარიმართა საჯარო დაწესებულებებთან და ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტებთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში. სააგენტომ დაამუშავა, როგორც ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები, ასევე, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული და ეკონომიკური აგენტებისგან გამოთხოვილი ინფორმაცია. მოკვლევის პროცესისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ფქვილის/ხორბლის ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტებისგან მიღებულ იქნა ახსნა-განმარტებები და კონსულტაციები.

შპს „აგროსისტემები“-ს, შპს „კარემენი -k”-ისა და შპს „კარმენი“-ს დომინირებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, სააგენტოს მიერ შეფასებულ იქნა:

1) ხორბლის იმპორტი და ადგილობრივი წარმოება საქართველოში;

2) ფქვილის იმპორტი საქართველოში;

3) ფქვილის რეალიზაციის წილობრივი მაჩვენებლები;

4) ხორბლის ფქვილის მწარმოებელი მნიშვნელოვანი წილის მქონე ეკონომიკური აგენტების სარეალიზაციო ფასების შედარებითი ანალიზი;

5) წისქვილკომბინატების და ელევატორების სიმძლავრეები ადგილობრივ ბაზარზე და ეკომონოკურ აგენტთა ელევატორების და საწარმოოს სიმძლავრეების შედარებითი ანალიზი;

მოკვლევის შედეგად, დადგინდა, რომ 2013-2014 წლებში მოპასუხე ურთერთდამოკიდებული ეკონომიკური აგენტების (შპს ,,აგროსისტემები“, შპს ,,კარმენი“ და შპს ,,კარმენ K”) საბაზრო წილი შესაბამის (ფქვილის) ბაზარზე უახლოვდებოდა 40%-ს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ ეს გარემოება ვერ იქნებოდა საკმარისი დომინირებული მდგომარეობის დასადასტურებლად - სააგენტომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ეკონომიკურ აგენტის მიერ გაკონტროლებული, ბაზარზე მკვეთრად გამოხატული წილი (თუნდაც 40%-ზე ნაკლები) სხვა მაჩვენებლებთან ერთბლიობაში, კერძოდ, საწარმოო სიმძლავრეებთან და ელევატორების სიმძლავრეებთან ერთად წარმოადგენს საკმარისი საბაზრო ძალის წარმომქმნელ ეკონომიკურ მახასიათებელს იმისათვის, რომ „შესაბამის ეკონომიკურ აგენტს საშუალებას მისცეს, იმოქმედოს კონკურენტი ეკონომიკური აგენტების, მიმწოდებლების, კლიენტებისა და საბოლოო მომხმარებლებისაგან დამოუკიდებლად, არსებითი გავლენა მოახდინოს ბაზარზე საქონლის მიმოქცევის საერთო პირობებზე და შეზღუდოს/შეზღუდონ კონკურენცია“. შესაბამისად, სააგენტომ მიიჩნია, რომ სახეზეა მოპასუხე ეკონომიკური აგენტის, კერძოდ შპს ,,აგროსისტემები“-ს, შპს ,,კარმენი“-სა და შპს ,,კარმენ K”-ს, როგორც ურთიერდამოკიდებული პირების, დომინირებული მდგომარეობა საქართველოს ხორბლის ფქვილის სასაქონლო ბაზარზე.

დომინირებული მდგომარეობის დადასტურების შემდეგ, სააგენტომ შეაფასა დომინანტი კომპანიების საბაზრო ქმედებების ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობა და საქმეში არსებული გარემოებების ანალიზის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მხრიდან დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას უარყოფენ იგივე გარემოებები, რომლებიც ადასტურებენ აღნიშნული ეკონომიკური აგენტის დომინირებულ მდგომარეობას. კერძოდ, თუ წარმოებაში არსებული უპირატესობა, ეკონომიკური აგენტის უკან მდგარი ფინანსური კაპიტალი, ფქვილის შესაბამის ბაზართან მჭიდროდ დაკავშირებულ ხორბლის ბაზარზე არსებული უპირატესობები (ელევატორების სიმძავრეები) წარმოადგენენ იმ მახასიათებლებს, რომელთა შეფასების საფუძველზე სააგენტომ მიუთითა 40%-ზე ნაკლები საბაზრო წილის მქონე ურთიერთდამოკიდებული პირების დომინირებულ მდგომარეობაზე, იგივე გარემოებები მიუთითებენ იმაზე, რომ აღნიშნულ ეკონომიკურ აგენტს შესწევდა საბაზრო ძალა და გააჩნდა ბიზნეს შესაძლებლობა, ეწარმოებინა ფქვილი ბაზარზე მოქმედ დანარჩენ ეკონომიკურ აგენტებზე უფრო ნაკლები დანახარჯებით (ერთეულზე) და შესაბამისად, გაეყიდა იგი შედარებით დაბალ ფასად, რაც წინააღმდეგობაში არ მოდის მოგების მაქსიმიზაციის პრინციპთან, რომელიც შეიძლება სხვადასხვა პირობებში მიღწეულ იქნას როგორც მცირე მარჟითა და დიდი ბრუნვით, ასავე მაღალი მარჟითა და მცირე ბრუნვით, ხოლო არჩევანი ბიზნეს სუბიექტის მიერ არის გასაკეთებელი.

მოკვლევის ჯგუფის მიერ განხორციელებული ანალიზის შესაბამისად, არ გამოიკვეთა მოპასუხე ეკონომიკური აგენტების (შპს „აგროსისტემები“, შპს “კარმენი“, შპს „კარმენ K”) ცალსახა კონკურენტული უპირატესობა სხვა ძირითად კონკურენტ ეკონომიკურ აგენტებთან მიმართებაში, არც ხორბლის იმპორტის ფასის და არც ფქვილის სარეალიზაციო ფასის მიხედვით, ვინაიდან ბაზარზე მოქმედ სხვა კომპანიებს რიგ შემთხვევებში უფიქსირდებათ უფრო დაბალი ფასები ხორბლის იმპორტსა და ფქვილის რეალიზაციაში.

სააგენტოს დასკვნაში ასევე ყურადღებაა გამახვილებული იმ გარემოებაზეც, რომ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, ანუ კონკურენციის პრინციპების დარღვევის ძირითად მიზანს, როგორც წესი, წარმოადგენს დანარჩენი ეკონომიკური აგენტების ბაზრიდან განდევნის გზით საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესება და საბაზრო წილის ზრდა, ხოლო საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ ფქვილის ბაზარზე მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს 2013-2014 წლებში პრაქტიკულად არ გაზრდია საბაზრო წილი, ხოლო 2015 წელს (7 თვის მონაცემებით) პირიქით, მისი წილი განიცდის მნიშნელოვან ვარდნას და, დაახლოებით, უტოლდება ბაზრის საერთო მოცულობის 30%-ს. აღნიშნული კიდევ უფრო ასუსტებს ვარაუდს იმის თაობაზე, რომ რიგ შემთხვევებში, კონკურენტებთან შედარებით დაბალი ფასით ოპერირება პირდაპირ იყო მიმართული ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის გამყარებისა და ბაზრის კონცენტრაციის გამსხვილებისაკენ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მხრიდან წარმოებულ საფასო პოლიტიკაში არ იკვეთება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დარღვევის ნიშნები და წინაპირობები. შესაბამისად, არ დადასტურდა შპს „აგროსისტემები“-ს, შპს „კარმენი“-სა და შპს „კარმენი-K”-ს, როგორც ურთიერთდამოკიდებული ეკონომიკური აგენტების მიერ ერთობლივი ქცევის გაგებით, საქართველოს ხორბლის ფქვილის ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი.

ამასთან, საქართველოს მთავრობას წარედგინა რეკომენდაცია ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღებისათვის.

ბრძანება

ინფორმაცია საავიაციო ნავთის სასაქონლო ბაზრის მოკვლევის შედეგების შესახებ

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 12 ნოემბრის №14 ბრძანების საფუძველზე, სააგენტომ საკუთარი ინიციატივით დაიწყო საქართველოს ნავთობპროდუქტების სასაქონლო ბაზრის (ბენზინი, დიზელი, ნავთი) მოკვლევა. მოკვლევის პროცესში ნავთობპროდუქტების ბაზრიდან გამოიყო ორი შესაბამისი ბაზარი - საავტომობილო საწვავისა (ბენზინი/დიზელი) და საავიაციო ნავთის სასაქონლო ბაზრების სახით. კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის მ/წ. 11 სექტემბრის №131 ბრძანებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საავიაციო ნავთის სასაქონლო ბაზრის მოკვლევის დასრულების შესახებ.

მოკვლევის განმავლობაში მოკვლევის ჯგუფმა გასწია მნიშვნელოვანი მოცულობის სამუშაო, რომელიც წარიმართა საჯარო დაწესებულებებთან და ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტებთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში. სააგენტომ დაამუშავა, როგორც ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები, ასევე, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურები და ეკონომიკური აგენტებისგან გამოთხოვილი ინფორმაცია. მოკვლევის პროცესისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საავიაციო ნავთის სასაქონლო ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტებისგან მიღებულ იქნა ახსნა-განმარტებები.

მოკვლევის ჯგუფმა შესაბამისი ბაზრის კვლევა განახორციელა 2008-2015 წლების პერიოდის მონაცემების შესწავლის გზით. აღნიშნული პერიოდი შესწავლილ იქნა იმ მიზნით, რომ სააგენტოს შექმნოდა სრულყოფილი წარმოდგენა ხსენებულ სასაქონლო ბაზარზე წლების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებსა და ტენდენციებზე.

როგორც მოკვლევის შედეგად დადგინდა, საქართველოს საავიაციო ნავთის სასაქონლო ბაზარი შედგება სამი ტიპის სასაქონლო ბაზრისგან, კერძოდ: 1) საქონლის იმპორტის სასაქონლო ბაზარი; 2) იმპორტირებული საქონლის საბითუმო გაყიდვის სასაქონლო ბაზარი; 3) საქონლის აეროპორტის ტერიტორიაზე საჰაერო ხომალდზე მიწოდების სასაქონლო ბაზარი.

აღნიშნული სასაქონლო ბაზრები წარმოადგენენ საქმიანობის განვითარების საფეხურებს, კერძოდ, საავიაციო ნავთის მოხმარება წარმოებს სამოქალაქო ავიაციის მიერ და საქონლის მიწოდება წარმოებს აეროპორტის ტერიტორიაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეს სასაქონლო ბაზრები საქონლის საბოლოო მომხმარებლებზე მიწოდების რგოლებს წარმოადგენენ. შესაბამისად, თუ რომელიმე რგოლის სასაქონლო ბაზარზე ირღვევა კონკურენციის პირობები, ეს აუცილებლად ახდენს ზემოქმედებას საბოლოო სასაქონლო ბაზრის ეკონომიკურ ეფექტიანობაზე, რაც, თავის მხრივ, კონკრეტულ სასაქონლო ბაზარზე კონკურენციის შეფერხების ერთ-ერთი წინაპირობას წარმოადგენს.

ამასთან, კონკურენციის სააგენტომ ცალკეული აეროპორტების მიხედვით განსაზღვრა სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ბორტზე საავიაციო ნავთის მიწოდების შესაბამისი ბაზარი. ამდენად, ქვეყნის მასშტაბით გვაქვს 5 კონკრეტული სასაქონლო ბაზარი, რომელიც მოიცავს:

1) თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიას;

2) დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიას;

3) ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიას;

4) მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტის ტერიტორიას;

5) ნატახტარის აეროდრომის ტერიტორიას.

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, დღეის მდგომარეობით (2013-2016 წწ.) საავიაციო საწვავის მიღების, შენახვის და სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საავიაციო საწვავით გამართვის უფლების მქონე კომპანიები არიან:

- სს "ვისოლ ჯორჯია პეტროლიუმი" (თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და მესტიის აეროპორტები);

- შპს "ჯორჯიან პეტროლიუმი" (თბილისის და ქუთაისის აეროპორტები);

- სპს "საითაძე და კახაბრელი" (ბათუმის, ნატახტარის და მესტიის აეროპორტები);

- შპს „ჯორჯიან ეარვეისი“ (თბილისის აეროპორტი).

კონკურენციის სააგენტოს მოსაზრებით, აუცილებელია, რომ საავიაციო ნავთის სასაქონლო ბაზარის ყველა დონეზე იყოს დაცული და განვითარებული ჯანსაღი კონკურენციის პირობები. შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო კონვენციების, საერთაშორისო ორგანიზაციების სტანდარტული მოთხოვნებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემუშავებული სავიაციო ნავთის ხომალდის ბორტზე მიწოდების წესები ცალსახად მომეტებული რისკის შემცირების (შესაძლო აღკვეთის) მიზნით შემუშავებულ დოკუმენტებს წარმოადგენს, სადაც ნაკლები ყურადღება ეთმობა სასაქონლო ბაზრის ეფექტიანობის განვითარების საკითხს, მაშინ, როდესაც მომეტებული საფრთხის რეგულირების მიზნებისა და ამოცანების პარალელურად, გათვალისწინებული უნდა იქნეს სასაქონლო ბაზრის ეფექტიანობის განვითარების აუცილებელი მიზანიც. შესაბამისად, რეგულაციები დადგენილი უნდა იქნეს იმგვარად, რომ არ წარმოადგენდეს განსაკუთრებული ტიპის, ტექნიკურ ბარიერს ბაზარზე შესვლისათვის და არ უქმნიდეს საფრთხეს კონკურენტული გარემოს განვითარებას.

ამასთან, სააგენტოს პოზიციით, საავიაციო ნავთის ბაზარზე მოქმედმა ეკონომიკურმა აგენტებმა, რომლებსაც გააჩნიათ საწვავგამმართველი საწარმოს სერტიფიკატი, სასურველია განავითარონ კონკურენცია საავიაციო ნავთის ბორტზე მიწოდების ბაზარზე საქართველოს მზარდი განვითარების საერთაშორისო აეროპორტებში - ქუთაისსა და ბათუმში, რაც სამომავლოდ ამ ბაზარზე კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

საბოლოოდ, მოკვლევის შედეგად, არ დადასტურდა საქართველოს საავიაციო ნავთის სასაქონლო ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი, თუმცა საქართველოს საავიაციო ნავთის სასაქონლო ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით, საქართველოს მთავრობას, სსიპ - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტებს წარედგინოთ შესაბამისი რეკომენდაციები.

ბრძანება

შპს „ლიტექსი-სერვისი“-ს საჩივარზე დაწყებული მოკვლევის შეწყვეტის შესახებ

სსიპ კონკურენციის სააგენტოში მ/წ 3 ივნისს შემოვიდა შპს „ლიტექსი-სერვისი“-ს (ს/კ 404972026) საჩივარი, შპს „თბილსერვის ჯგუფი“-ს (მესაკუთრე 100%-იანი წილით ქ. თბილისი მერია) მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაძლო დარღვევის ფაქტზე.

კონკურენციის სააგენტომ თავმჯდომარის 2015 წლის 24 ივნისის N75 ბრძანების შესაბამისად დაიწყო მოკვლევა შპს „ლიტექსი-სერვისი“-ს მიერ წარმოდგენილ საჩივარში დასმული საკითხის კონკურენციის კანონმდებლობასთან შეუსაბამობის დადგენის მიზნით.

წარმოდგენილი საჩივრის თანახმად, შპს „თბილსერვის ჯგუფმა” არ მისცა შპს “ლიტექსი-სერვის“-ს ქ. თბილისში მდებარე, მის მმართველობაში არსებული ნაგავსაყრელის გამოყენების უფლება, იმ მიზეზით, რომ შპს “ლიტექსი-სერვის“-ს არ ჰქონდა გავლილი შესაბამისი რეგისტრაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “ლიტექსი-სერვისი“ ნარჩენების განთავსებას ამ ეტაპზე ახორციელებს კასპის ნაგავსაყრელზე შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“-სთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

როგორც მოკვლევის პროცესში გაირკვა, ნარჩენების მართვის სფეროში მომუშავე კომპანიებისათვის რეგისტრაცია სავალდებულო ხასიათის ნორმას არ წამოადგენს, რადგანაც ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისი მუხლები ამ ეტაპზე ძალაში შესული არ არის. ნარჩენების მართვის კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომელიც ამავე კანონის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მიღებულ უნდა იქნეს 2016 წლის 1 თებერვლამდე. კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი 26-ე მუხლი ამოქმედდება 2016 წლის 1 სექტემბრიდან.

მოკვლევის პროცესში, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ანალიზმა წარმოაჩინა რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის N667 დადგენილების მიხედვით, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რეგულირებად სფეროდ განისაზღვრა საქართველოს დედაქალაქის - თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში დაგვა-დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მომსახურება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-31 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ სააგენტოს წარედგინა საჩივარი ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის შესაძლო დარღვევის თაობაზე, იგი ამ საჩივარს გადაუგზავნის შესაბამისი ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებაა - მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობა და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, პარკების, სკვერებისა და სხვა საჯარო ადგილების დასუფთავება, ტერიტორიის გამწვანება, გარე განათების უზრუნველყოფა და მუნიციპალური ნარჩენების მართვა.

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-66 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ნარჩენების მართვის მონიტორინგის განყოფილების ერთ-ერთი ფუნქციაა დედაქალაქში დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების სფეროში კონტროლის განხორცილება.

თავის მხრივ, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური წარმოადგენს, ქალაქ თბილისის მერიის ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-58 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „გ.ო“ ქვეპუქტის მოთხოვნათა დაცვით.

შესაბამისად, საქართველოს დედაქალაქის - თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში დაგვა-დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მომსახურებაზე კონტროლის განმახორციელებელ მარეგულირებელ ორგანოს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მერია.

ყოველივე ზემო თქმულიდან გამომდინარე, დედაქალაქში ნარჩენების მართვის საკითხი განეკუთვნება რეგულირებად ეკონომიკურ სფეროს და მასზე გადაწყვეტილების მიღება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სცილდება სსიპ -კონკურენციის სააგენტოს კომპეტენციას. შესაბამისად, სააგენტოს თავმჯდომარის 31 აგვისტოს N125 ბრძანების საფუძველზე მოხდა საქმის წარმოების შეწყვეტა, ხოლო საჩივარი განსახილველად გადაეგზვანა ქ. თბილისის მერიას, როგორც უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა შპს ,,ინტერტექნიკსი“-ს განცხადების საფუძველზე დაწყებული მოკვლევის შედეგების შესახებ

2015 წლის 4 მარტს სსიპ - კონკურენციის სააგენტოში წარმოდგენილი განცხადების შესაბამისად, შპს „ინტერტექნიკსი“ (ს/ნ 206211348) (შემდგომში - განმცხადებელი) მიუთითებდა სახელმწიფო ტენდერებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე.

კერძოდ, განმცხადებლის ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2015 წლის 3 თებერვალს გამოცხადებული ტენდერი (SPA 150003523), აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2015 წლის 6 თებერვალს გამოცხადებული ტენდერი (SPA 150004029) და ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2015 წლის 11 თებერვალს გამოცხადებული ტენდერი (SPA 150004504) ითვალისწინებდა მიწის სათხრელი და სახაპავი მანქანების შეძენას. აღნიშნული ტენდერების პირობების თანახმად, ტექნიკის მწარმოებელი ასევე უნდა ყოფილიყო ტექნიკის ძრავისა და გადაცემათა კოლოფის მწარმოებელიც. განმცხადებლის აზრით, აღნიშნული პირობა არაკონკურენტულ გარემოს უქმნის ტენდერში მონაწილე სხვა ეკონომიკურ აგენტებს.

ამასთან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან სააგენტოში გადმოიგზავნა მოქალაქე თეიმურაზ შარვაშიძის წერილი, რომელიც ასევე შეეხებოდა სპეცტექნიკის სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ პრობლემატურ საკითხებს. გარდა ზემოხსენებული ტენდერებისა, წერილში ასევე ყურადღება გამახვილებულია, ააიპ „თერჯოლის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალური სამსახური“-ს მიერ გამოცხადებულ ტენდერზე (SPA 150004121).

გარდა ძრავასთან და გადაცემათა კოლოფთან დაკავშირებული სატენდერო პირობისა, სააგენტომ დამატებით გამოკვეთა რამდენიმე პრობლემური საკითხი, რომელიც თავს იჩენდა აღნიშნულ სატენდერო პირობებში. კერძოდ, ეს პირობები ეხებოდა პრეტენდეტთათვის სავალდებულო გამოცდილებას აღნიშნულ სფეროში (10-დან 20 ერთეულამდე მსგავსი ტექნიკის მიწოდების გამოცდილება სხვა და სხვა ტენდერში), სერვისცენტრების რაოდენობასთან დაკავშირებულ პირობებს და კვალიფიკაციის დასადასტურებლად მოთხოვნილ ბრუნვის მოცულობას (3 მლნ. ლარი).

მოკვლევის პროცესში, შესაბამის ბაზარზე არსებული ვითარების შესწავლის მიზნით, სააგენტომ დაამუშავა სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან მიღებული მონაცემები სპეცტექნიკის იმპორტიორი კომპანიების, მათ მიერ იმპორტირებული ტექნიკის ოდენობისა და ფასების შესახებ. შესაბამისად, გამოკვეთა ამ ბაზარზე მოქმედ პირთა წრე, რომელთაგანაც გამოთხოვილ იქნა მოკვლევისათვის აუცილებელი ინფორმაცია, ასევე, მოსაზრებები მუნიციპალიტეტების გამგეობების მიერ დადგენილი სატენდერო პირობების რელევანტურობასთან მიმართებაში. განხორციელდა მიმოწერა და შედგა საკონსულტაციო შეხვედრები დარგის ექსპერტებთან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.

მოკვლევის ჯგუფმა საქმეში არსებული მასალები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები განიხილა ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტთან მიმართებით, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევს სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ კონკურენციის შეზღუდვას, რაც შეიძლება გამოიხატოს ისეთი გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც იწვევს ეკონომიკური აგენტისათვის მონოპოლიური მდგომარეობის შექმნას, რაც არსებითად ზღუდავს თავისუფალ ფასწარმოქმნას და კონკურენციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

შესაბამისი ბაზარი

სააგენტოს განმარტებით, ,,სახელმწიფო შესყიდვების“ შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებული ყოველი ტენდერის შემთხვევაში იქმნება ცალკე შესაბამისი ბაზარი, რომელსაც გააჩნია შესვლის ცალკე ბარიერები, მასზე მოქმედი და პოტენციური სუბიექტები და მოცულობა (რომელიც განისაზღვრება შესასყიდი ობიექტის შესაბამისად). აღნიშნულის გათვალისწინებით სააგენტო განიხილავს განმცხადებლის მხრიდან სადავოდ გამხდარ თითოეულ ტენდერს ცალ-ცალკე.

დარღვევა

მოკვლევის პერიოდში დამუშავებული ინფორმაციის და მიღებული კონსულტაციების საფუძველზე, კონკურენციის სააგენტო მიიჩნევს, რომ შემსყიდველი ორგანიზაციების წინაშე მდგარი საჭიროებებისა და მიზნების მისაღწევად (ხარისხიანი და გამძლე პროდუქციის შესყიდვა) არარელევანტურია ძრავისა ან/და გადაცემათა კოლოფის მწარმოებელთან დაკავშირებული მოთხოვნა. ასევე, გონივრულობის ფარგლებში და კონკურენციის დაცვის პრინციპებთან თანხვედრაში არ არის გამოცდილებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ბარიერი 20 ერთეული ტექნიკის მიწოდების გამოცდილებისა და 3 000 000 (სამი მილიონი) ლარის ოდენობის ბრუნვის მოთხოვნის შესახებ. აღნიშნულმა გამოიწვია კონკურენციისა და თავისუფალი ფასწარმოქმნის შეზღუდვა შესაბამის ბაზარზე.

სააგენტო მიუთითებს, რომ აშკარაა თავისუფალი ფასწარმოქმნის შეზღუდვა, რაზეც მეტყველებს ის გარემოება, რომ როგორც აბაშის, ასევე ხაშურისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გაიმარჯვა ერთმა და იმავე კომპანიამ, გამოცხადებული სავარაუდო შესყიდვის ფასით, ერთ შემთხვევაში - 156 000, მეორე შემთხვევაში - 170 000, ხოლო მესამე შემთხვევაში - 180 000 ლარით. მაშინ როცა ვაჭრობის სამივე რაუნდის განმავლობაში გამარჯვებულ კომპანიაზე ნაკლები შეთავაზებები ჰქონდა გაკეთებული სხვა პრეტენდენტებს, გამარჯვებულ კომპანიას არ დაუფიქსირებია არცერთი ბიჯით ნაკლები შეთავაზება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული კომპანიისთვის პრაქტიკულად არ არსებობდა კონკურენციული წნეხი, ვინაიდან იგი წარმოადგენდა პრეტენდენტთა იმ უმცირეს ნაწილს, რომელიც სრულად აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციას. რაც შეეხება ა(ა)იპ ,,თერჯოლის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური“-ს მიერ გამოცხადებულ ტენდერს გზის გრეიდერის შესყიდვასთან დაკავშირებით, იგივე შედეგი ამ შეთხვევაშიც დადგა, რაზეც მიუთითებს ერთადერთი კომპანიის მონაწილეობა ტენდერში, რომელიც გახდა გამარჯვებულიც.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტო მიიჩნევს, რომ განხილულ ტენდერებში შემსყიდველი ორგანიზაციების, კერძოდ - აბაშის, ასპინძის და ხაშურის მუნიციპალიტეტების გამგეობების მხრიდან ადგილი ჰქონდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის დარღვევას.

რაც შეეხება ა(ა)იპ ,,თერჯოლის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური“-ს მიერ გამოცხადებულ ტენდერს, სააგენტო ამ შემთხვევაშიც მიიჩნევს, რომ არ არის დაცული კონკურენციის კანონმდებლობის პრინციპები, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული უწყება არ წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, მის მიმართ ვერ იქნება გამოყენებული „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აბაშის, ასპინძის და ხაშურის მუნიციპალიტეტების გამგეობებს დაევალათ მიწის სათხრელი და სახაპავი მანქანების, ასევე სხვა მსგავსი ტექნიკის სახელმწიფო შესყიდვის დროს კონკურენციის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა და შესაბამისი ინფორმაციის სააგენტოსათვის მიწოდება. ხოლო თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეთხოვა, რომ განახორციელოს კანონით ნებადართული ღონისძიებები, რათა სააგენტოს გადაწყვეტილების აღსრულება უზრუნველყონ ასევე მის მიერ დაფუძნებულმა კერძო სამართლის იურიდიულმა პირებმაც, რომლებიც ხელმძღვანელობენ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

ამასთან, სააგენტომ, კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს მთავრობას, სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და შემსყიდველ ორგანიზაციებს წარუდგინა განსახილველად სავალდებულო რეკომენდაციები შესაბამის ბაზარზე თანაბარკონკურენტული გარემოს დამკვიდრების მიზნით.

ბრძანება

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“-ს მიერ შპს „გნ კო“-ს წილთა 50%-ის შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ

2015 წლის 8 ივნისის წერილით, სსიპ - კონკურენციის სააგენტოში სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“-ს მიერ წარმოდგენილ იქნა შეტყობინება ეკონომიკურ აგენტთა კონცენტრაციის შესახებ, რაც გულისხმობს აღნიშნული კომპანიის მიერ ფიზიკური პირების - გიორგი ინგოროყვასა და ნინო დარახველიძისგან შპს „გნ კო“-ს (მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა) წილთა 50%-ის შეძენას.

სააგენტოს მიერ თბილისის მასშტაბით ფუნქციონირებადი 400-მდე სამედიცინო დაწესებულებებიდან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან, სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოდან, სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან გამოთხოვილ იქნა დასკვნის მომზადებისათვის აუცილებელი ყველა ინფორმაცია.

მიღებული დოკუმენტაციის, საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის, შესაბამის დაწესებულებათა წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად, სააგენტოს მხრიდან განისაზღვრა შესაბამისი ბაზრის პროდუქციული, გეოგრაფიული საზღვრები და დროითი ჩარჩოები. დაზუსტდა ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების რაოდენობა და მათი წილობრივი მონაცემებიც. კერძოდ, გამოკვეთილ იქნა ორი ძირითადი ბაზარი - ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების ბაზრები. ამასთან, სტაციონარული მიმართულების შიგნით მოხდა სამედიცინო მომსახურების სახეობების დაჯგუფება (15 ჯგუფი), საიდანაც მოსალოდენლი კონცენტრაციის ფარგლებში შესაბამის ბაზრებად განისაზღვრა შემდეგი 5 ძირითადი პროფილური მომსახურება (ბაზარი) - თერაპიული, ქირურგიული, მეანობა-გინეკოლოგია, ნეიროქირურგია და რეანიმაცია.

ამბულატორიულ ნაწილში ბაზარზე წილები და კონცენტრაციის დონე გამოთვლილ იქნა დაწესებულებათა წლიური ბრუნვების, ხოლო სტაციონალურ ნაწილში - საწოლთა რაოდენობის (ე.წ. საწოლ-ფონდების) მიხედვით.

სააგენტოს ხელთარსებული მონაცემების შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ამბულატორიული მომსახურების ბაზარი დაბალკონცენტრირებულია და შესაბამისად, კონცენტრაციაში მონაწილე კომპანიათა წილებიც მცირეა. რაც შეეხება სტაციონალური მომსახურების ბაზარს, აქ მხოლოდ ერთი, ნეიროქირურგიული პროფილის ბაზარია მაღალკონცენტრირებული, ხოლო დანარჩენი ოთხი ბაზარი დაბალკონცენტრირებულია.

ამ შემთხვევაში, „ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებები“-ს მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წილობრივი და ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებლების შესწავლის გარდა, იმის დასადგენად, შერწყმა ზღუდავს თუ არა ეფექტიან კონკურენციას, სააგენტო აფასებს ბაზრის შედეგიანობას, როგორც საბაზრო სტრუქტურისა და ეკონომიკურ აგენტთა საბაზრო ქცევის შედეგს სხვადასხვა სახის ინდიკატორების საფუძველზე: პროდუქციის ფასები; მოგების სიდიდე; მიღებული პროდუქციის ხარისხი; წარმოებისა და გაყიდვის ხარჯები; ტექნიკური პროგრესი.

შეტყობინების წარმომდგენი მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, კონცენტრაციის შედეგად, ფასების ზრდა დაგეგმილი არ არის და რიგ სერვისებში შესაძლოა მიღწეულ იქნას საფასო პოლიტიკის გადახედვა შემცირების მიმართულებით. ამასთან, ჩატარებული კვლევის მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ შესაბამის მომსახურების ბაზარზე ფასები კონკურენტულია და წარმოდგენილი კონცენტრაციის განხორციელებამაც არ უნდა გამოიწვიოს შესაბამისი მომსახურეობის ფასების მნიშვნელოვანი ზრდა (თუ ბაზარზე რაიმე გაუთვალისწინებელ გარემოებებას არ ექნა ადგილი).

დღეისათვის, კონცენტრაციაში მონაწილე ეკონომიკური აგენტების მომსახურების ხარისხი არის სტანდარტების შესაბამისი. შერწყმის შემდეგ, იგეგმება მრავალმილიონიანი ინვესტიცია, მათ შორის დაწესებულების მოდერნიზაცია და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რამაც უნდა განაპირობოს პაციენტთა მომსახურების არსებული სერვისების მაღალი ხარისხის შენარჩუნება და შემდგომი გაუმჯობესება.

სს ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსი“-ს ინფორმაციით, კონცენტრაციის შედეგად დაგეგმილია მისი ქსელის, საუნივერსიტეტო კლინიკის საქმიანობისა და ბიზნეს-პროცესების იმგვარი სინერგია, რომ მაქსიმალურად იქნას მიღწეული შემოსავლების ზრდა და ხარჯების შემცირებაც.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 28 ივლისის N95 ბრძანებით, სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“-ს მიერ შპს „გნ კო“-ს წილთა 50%-ის შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაცია მიჩნეულ იქნა კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად.

გარდა ამისა, ვინაიდან კონცენტრაციის შემდეგ სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ მოიპოვებს დომინირებულ მდგომარეობას ნეიროქირურგიული მომსახურების ბაზარზე, მას დაევალა ყოველი მომდევნო წლის იანვრის თვის ბოლომდე, სსიპ კონკურენციის სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია იმ გარიგებების თაობაზე, რომლებმაც შესაძლოა მნიშვნელოვნად შეზღუდონ კონკურენცია აღნიშნულ ბაზარზე.

ბრძანება

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) სასაქონლო ბაზრის მოკვლევის შედეგებთან დაკავშირებით

2014 წლის 12 ნოემბერს კონკურენციის სააგენტომ საკუთარი ინიციატივით დაიწყო ნავთობპროდუქტების (ბენზინი, დიზელი, ნავთი) სასაქონლო ბაზრის მოკვლევა. მოკვლევის პროცესში ნავთობპროდუქტების ბაზრიდან გამოიყო ორი შესაბამისი ბაზარი - საავტომობილო საწვავისა და საავიაციო ნავთის შესაბამისი ბაზრის სახით.კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის მ/წ 14 ივლისის N81 ბრძანებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საავტომობილო საწვავის შესაბამისი ბაზრის მოკვლევის დასრულების შესახებ.

მოკვლევის შედეგად გამოვლინდა "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის "ა", "ბ" და "გ" ქვეპუნქტების დარღვევის ფაქტი, რაზეც შესაბამის ეკონომიკურ აგენტებს - შპს "ლუკოილ ჯორჯია"-ს, სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია"-ს, შპს "რომპეტროლ საქართველო"-ს, შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმ"-ს, შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯია"-ს, შპს "ბინული 1"-ს, შპს "ი თი აი"-ს და შპს "L ოილ"-ს ხსენებული კანონის 33-ე მუხლის გათვალისწინებით, დაეკისრათ ჯარიმა - ჯამში 55 მილონამდე ლარის ოდენობით.

ამასთან, "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის დარღვევისთვის 200 ლარიანი ჯარიმები დაეკისრათ შპს "ლუკოილ ჯორჯია"-სა და შპს "რომპეტროლ საქართველო"-სთან ფრენშაიზინგის/ქველიცენზიის ხელშეკრულებების შესაბამისად მომუშავე 23 ეკონომიკურ აგენტს.

ვრცლად

ბრძანება

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა შპს „ჰაიდელბერგბეტონ ჯორჯია“-ს მიერ შპს „თბილცემენტ გრუპი“-ს სასაქონლო ბეტონის წარმოებასთან დაკავშირებული ძირითადი საშუალებების (საოპერაციო აქტივების) შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ

2015 წლის 16 აპრილს შპს „ჰაიდელბერგბეტონ ჯორჯია“-ს მიერ სსიპ - კონკურენციის სააგენტოში (შემდგომში - სააგენტო) წარმოდგენილ იქნა - შეტყობინება ეკონომიკურ აგენტთა კონცენტრაციის შესახებ, რაც გულისხმობს აღნიშნული კომპანიის მიერ შპს „თბილცემენტ გრუპი“-ს სასაქონლო ბეტონის წარმოებასთან დაკავშირებული ძირითადი საშუალებების (საოპერაციო აქტივების) შეძენას.

სააგენტოს მიერ სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან და სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა შესაბამისი ბაზრის სრულყოფილად შესწავლისა და დასკვნის მომზადებისთვის აუცილებელი ინფორმაცია. გარდა ამისა, სასაქონლო ბეტონის ბაზარზე მოქმედ 150-მდე ეკონომიკურ აგენტს ეთხოვა, წარმოედგინა მოსაზრება კონცენტრაციის პროექტთან დაკავშირებით. წარმოდგენილი პოზიციების მიხედვით, კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედება ზეგავლენას არ მოახდენს თავისუფალ კონკურენციაზე და არ გამოიწვევს უარყოფით შედეგებს.

მიღებული ინფორმაციების შესწავლის შედეგად, სააგენტოს მხრიდან განისაზღვრა შესაბამისი ბაზრის პროდუქციული, გეოგრაფიული საზღვრები და დროითი ჩარჩოები. ასევე, დაზუსტდა ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების რაოდენობა და მათი წილობრივი მონაცემები. ჩატარებული ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ 2014 წელს და 2015 წლის მაისის თვის ჩათვლით, სასაქონლო ბეტონის ბაზარი ზომიერად კონცენტრირებული იყო. შერწყმის შედეგად, ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი იზრდება, თუმცა იგი ინარჩუნებს ზომიერ სიდიდეს. ამ შემთხვევაში, „ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებების“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წილობრივი და ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებლების გარდა, იმის დასადგენად, შერწყმა ზღუდავს თუ არა ეფექტიან კონკურენციას, სააგენტო აფასებს ბაზრის შედეგიანობას, როგორც საბაზრო სტრუქტურისა და ეკონომიკურ აგენტთა საბაზრო ქცევის შედეგს, შემდეგი სახის ინდიკატორების საფუძველზე: პროდუქციის ფასები; მოგების სიდიდე; მიღებული პროდუქციის ხარისხი; წარმოებისა და გაყიდვის ხარჯები; ტექნიკური პროგრესი.

ჩატარებული კვლევის მიხედვით, სასაქონლო ბეტონის ბაზარზე ფასები კონკურენტულია და კონცენტრაციის განხორციელებამაც არ უნდა გამოიწვიოს პროდუქციის ფასების ზრდა.

დღეისათვის, კონცენტრაციაში მონაწილე ორივე ეკონომიკური აგენტის, შპს ,,თბილცემენტ გრუპისა“ და შპს ,,ჰაიდელბერგბეტონ ჯორჯიას“ პროდუქციის ხარისხი არის სტანდარტების შესაბამისი. შერწყმის შემდეგ, ორივე კომპანიაში იგეგმება წარმოების მოდერნიზაცია და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რამაც უნდა განაპირობოს არსებული ხარისხის გაუმჯობესება. მნიშნელოვნად გაუმჯობესდება მიწოდების სერვისის ხარისხიც.

წარმოდგენილი მასალების შესაბამისად, კონცენტრაცია ზეგავლენას მოახდენს შპს ,,ჰაიდელბერგბეტონ ჯორჯიას“ პროდუქციის ერთეულის ხარჯებზეც. კერძოდ, შემცირდება ტრანსპორტირების ხარჯები, შესაბამისი ბაზრის უკეთესი დაფარვისა და საშუალო მიწოდების მანძილის შემცირების გამო; ფიქსირებული ხარჯები, საწარმოს უფრო ეფექტური ფუნქციონირებისა და პროდუქტიულობის ზრდიდან გამომდინარე და შეკეთების ხარჯები, ქარხნის მოდერნიზაციის შედეგად.

რაც შეეხება ტექნოლოგიურ მხარეს, შერწყმის შემდეგ შპს ,,ჰაიდელბერგბეტონ ჯორჯია“ გეგმავს სასაქონლო ბეტონის წარმოების გადაიარაღებას ევროსტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად. გარდა ამისა, შპს ,,თბილცემენტ გრუპში“ დაგეგმილია ქარხანაში ბეტონის წარმოების ევროპული სტანდარტის EN206-1 დანერგვა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ გაყიდული აქტივებიდან მიღებული სახსრების მეშვეობით უნდა შეიქმნას თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილი ასაწყობი სამშენებლო კონსტრუქციების წარმოება, რომელიც სულ უფრო ანაცვლებს მონოლითურ მშენებლობას წამყვან ევროპულ ქვეყნებში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, შპს ,,ჰაიდელბერგბეტონ ჯორჯია“-ს მიერ შპს ,,თბილცემენტ გრუპი“-ს სასაქონლო ბეტონის წარმოებასთან დაკავშირებული ძირითადი საშუალებების (საოპერაციო აქტივების) შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაცია მიჩნეულ იქნა კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად. აღნიშნული გადაწყვეტილება დამტკიცდა სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 9 ივნისის N67 ბრძანებით.

ბრძანება

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა სსიპ - კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 4 მარტის N32 ბრძანების შესაბამისად განხორციელებული საქმის მოკვლევის თაობაზე

2015 წლის 4 თებერვალს, სსიპ - კონკურენციის სააგენტოში (შემდგომში - სააგენტო) წარმოდგენილ იქნა შპს „ოპტიმალ გრუპ +“-ის (შემდგომში - განმცხადებელი) განცხადება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე პირთა მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე. კერძოდ, განმცხადებლის ინფორმაციით, საპროექტო/სამშენებლო/საინჟინრო სამუშაოების შესყიდვისას, შემსყიდველი ორგანიზაციების დიდი ნაწილი სატენდერო დოკუმენტაციაში იმპერატიულად უთითებს, რომ წარმოდგენილ უნდა იქნეს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდგომში - ექსპერტიზის ეროვნული ბიურო) მიერ გაცემული დასკვნა.

ხსენებულ განცხადებასთან დაკავშირებით, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის მიერ 2015 წლის 4 მარტს გამოცემული N32 ბრძანების შესაბამისად, დაიწყო საქმის მოკვლევა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე.

როგორც საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, სსიპ - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის (შემდგომში - აკრედიტაციის ცენტი) დირექტორის N317 განკარგულების საფუძველზე, განმცხადებელს 2014 წლის 17 დეკემბერს 4 წლის ვადით აქვს მინიჭებული აკრედიტაცია ნებაყოფლობით სფეროში, როგორც ინსპექტირების ორგანოს (მოწმობის NGAC-IB-0033). აკრედიტაციის მოწმობის შესაბამისად, განმცხადებელს ეძლევა ISO:17025 სტანდარტის დაცვით შემდეგი სახის ინსპექტირების განხორციელების უფლება:

ა) საპროექტო ობიექტის ხარჯთაღრიცხვის პროექტთან შესაბამისობის შეფასება/ინსპექტირება;

ბ) ობიექტზე შესრულებული სამუშაოების (ფორმა N2-ის) შეფასება/ინსპექტირება;

გ) ობიექტის ან მისი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობის, შესრულებული სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო, სადემონტაჟო, სარეკონსტრუქციო, სარესტავრაციო სამუშაოების პროექტთან და მოქმედ დოკუმენტებთან შესაბამისობის შეფასება/ინსპექტირება;

დ) ობიექტების სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა - ინსპექტირება;

აკრედიტაცია არის ოფიციალური საექსპერტო შეფასება, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მის საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრი (შემდგომში - აკრედიტაციის ცენტი) აკრედიტაციის მოწმობის გაცემით ოფიციალურად აღიარებს შესაბამისობის შემფასებელი პირის კომპეტენტურობას კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის.

ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, როგორც კანონის შესაბამისად შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, კანონმდებლობის შესაბამისად აქვს მინიჭებული საპროექტო/სამშენებლო/საინჟინრო სფეროში საექსპერტო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება და იგი ამ ნაწილში აკრედიტაციას არ საჭიროებს.

საქმის მოკვლევის პროცესში, ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ სადავო გახადა განმცხადებლისა და მათი სამოქმედო სფეროს იდენტურობის საკითხი. სახელდობრ, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები აპელირებდნენ იმ გარემოებაზე, რომ ექსპერტიზა და ინსპექტირება სამართლებრივად და შინაარსობრივად წარმოადგენს სხვადასხვა პროცესს.

წინამდებარე პოზიცია არ იქნა გაზიარებული სააგენტოს მიერ. შეფასებისას სააგენტო დაეყრდნო შიდა კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების ანალიზს, ასევე აკრედიტაციის ცენტრის განმარტებას, რომლის მიხედვითაც - ინსპექტირება არის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება ან პროფესიული მსჯელობის შედეგად დასკვნის გაკეთება (ექპერტიზა). ინსპექტირების ორგანოს აკრედიტაციას ანიჭებს სახელმწიფო ორგანო და მას გააჩნია როგორც სისხლისსამართლებრივი, ასევე, სხვა სახის პასუხისმგებლობა, მათ შორის პასუხისმგებლობის დაზღვევაც. ამასთან, ტერმინი ინსპექტირება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია, გამოიყენება ევროკავშირთან დაახლოვების მიზნით და შინაარსობრივად უთანაბრდება ექსპერტის დასკვნას. პროექტის/სამუშაოების ექსპერტიზა შესაძლებელია მიღწეულ იყოს ინსპექტირებითაც.

შესაბამისად, მიუხედავად ექსპერტიზისა და ინსპექტირების ცნებებს შორის არსებული ტერმინოლოგიური განსხვავებისა, სააგენტომ მიიჩნია, რომ შინაარსობრივად და სამართლებრივად ისინი წარმოადგენენ თანაბარი ძალის მქონე დოკუმენტებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, განმცხადებელი და ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, ხსენებული მოკვლევის მიზნებისათვის, მიჩნეულ იქნენ ერთი ბაზრის მონაწილე სუბიექტებად (კონკურენტებად).

საქმის მოკვლევის პროცესში სსიპ - შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის ანალიზისა და სახელმწიფო ტენდერების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ განმცხადებლის მიერ აკრედიტაციის მოწმობის მიღებიდან, კერძოდ 2014 წლის 17 დეკემბრიდან 2015 წლის 20 აპრილამდე გამოცხადებული 169 ტენდერიდან 47 შემთხვევაში შემსყიდველის მიერ იმპერატიულად იყო მოთხოვნილი მხოლოდ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა.

მოკვლევის მთელი პროცესი წარიმართა - „საქმის მოკვლევის წესისა და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 30 სექტემბრის №30/09-5 ბრძანებით დამტკიცებული პროცედურის შესაბამისად. მხარეებს/დაინტერესებულ მხარეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესის გათვალისწინებით, როგორც დოკუმენტაციის წარმოდგენის ეტაპზე, ასევე, სააგენტოში გამართულ სხდომებზე, მიეცათ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის და საკუთარი პოზიციის/არგუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა. ამასთან, შედგა შეხვედრები საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრის, სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებთან.

საბოლოოდ, სააგენტომ დაადგინა, რომ საპროექტო/სამშენებლო/საინჟინრო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულტენდერებში მხოლოდ ერთი კონკრეტული პირის მიერ შედგენილი შესაბამისობის დოკუმენტის წარმოდგენის მოთხოვნით, შემსყიდველი ორგანიზაციების - სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა დაადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხრიდან ადგილი აქვს კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონისმე-10 მუხლის ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტს.

შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე შემსყიდველ ორგანიზაციებს ეცნობათ, რომ სატენდერო დოკუმენტაციაში დაფიქსირებული მოთხოვნა ჩამოაყალიბონ შემდეგი ფორმულირებით: „სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ან სხვა აკრედიტებული პირი“ ან სხვა იმგვარი ფორმით, რომელიც გამორიცხავს პრეტენდენტთა მიერ მხოლოდ ერთი კონკრეტული პირის მიერ გაცემული დასკვნის შეთავაზების პირობას.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს უმთავრეს, მაქსიმაპრიმატულ მიზანს წარმოადგენს - მიღებული გადაწყვეტილებით მომავალში მოახდინოს მსგავსი დარღვევების პრევენცია და ბაზარზე თავისუფალი, ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრება.

ამასთან, კანონდარღვევის სისტემური და მასშტაბური ხასიათის გათვალისწინებით, ეთხოვა სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შესაბამის ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტებისათვის თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნის უზრუნველყოფის მიზნით, განახორციელოს სააგენტოს გადაწყვეტილების თაობაზე შემსყიდველი ორგანიზაციების ინფორმირება.

ამავდროულად, გარდა ზემოაღნიშნულისა, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობას წარედგინა რეკომენდაცია შესაბამის ბაზარზე თანაბარკონკურენტული გარემოს დამკვიდრებისათვის.

ბრძანება

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა სსიპ - კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 29 დეკემბრის N30 ბრძანების შესაბამისად განხორციელებული საქმის მოკვლევის თაობაზე 

ბრძანება

2014 წლის 3 დეკემბერს, სსიპ - კონკურენციის სააგენტოში (შემდგომში - სააგენტო) წარმოდგენილ იქნა შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია-ფოთი“-ს განცხადება - ქ. ფოთში საავტომობილო-საკონტეინერო ტვირთების სატერმინალო მომსახურების ბაზარზე „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე. განმცხადებლის პოზიციით, დარღვევა გამოიხატებოდა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მხრიდან შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია-ფოთი“-ს კონკურენტი კომპანიის - შპს „ინლენდ კონტეინერ ტერმინალი“-ს მიერ ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობის დაკავებისთვის ხელშეწყობაში.

წარმოდგენილი ინფორმაციით, 2011 წლიდან მოყოლებული, საბაჟო ორგანოები უარს აცხადებენ მათ ტერიტორიაზე მყოფი იმ კონტეინერების განბაჟებაზე, რომლებშიც განთავსებულია ავტომანქანები, თუ ეს კონტეინერები, საბაჟო პროცედურების განსახორციელებლად, არ იქნება შეყვანილი შპს „ინლენდ კონტეინერ ტერმინალი“-ს საწყობში.

ხსენებულ განცხადებასთან დაკავშირებით, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 29 დეკემბერს გამოცემული N30 ბრძანების შესაბამისად, დაიწყო საქმის მოკვლევა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე, რაც გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ კონკურენციის შეზღუდვის დაუშვებლობას.

როგორც საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, შპს „ინლენდ კონტეინერ ტერმინალს“ გააჩნია სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ისეთივე სანებართვო მოწმობა, როგორც შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია-ფოთს“. მიუხედავად ამისა, ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში შეყვანილი ავტომობილებით დატვირთული კონტეინერების განბაჟების მიზნით, გამოიყენება შპს „ინლენდ კონტეინერ ტერმინალი“-ს საწყობის ნაწილი, რაც შემოსავლების სამსახურის განმარტებით, საბაჟო პროცედურების გამარტივებისა და მომხმარებელთათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნის უმთავრეს მიზანს ემსახურება. აღნიშნულს შედეგად მოყვება ყველა საჭირო პროცედურის ერთ სივრცეში განხორციელება, ასევე, დროისა და ფინანსური რესურსის დაზოგვა.

მოკვლევის მთელი პროცესი წარიმართა - „საქმის მოკვლევის წესისა და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 30 სექტემბრის №30/09-5 ბრძანებით დამტკიცებული პროცედურის შესაბამისად. მხარეებს/დაინტერესებულ მხარეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესის გათვალისწინებით, როგორც დოკუმენტაციის წარმოდგენის ეტაპზე, ასევე, სააგენტოში გამართულ სხდომებზე, მიეცათ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის და საკუთარი პოზიციის/არგუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა. ამასთან, შედგა შეხვედრები როგორც სსიპ - შემოსავლების სამსახურის, ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილ პირებთან.

საკითხის შეფასების შედეგად მიღებულ დასკვნაში, სააგენტო უთითებს, რომ მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ეფექტურად ხორციელდება საბაჟო პროცედურები ამა თუ იმ ტერმინალში, შემოსავლების სამსახურმა შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია - ფოთისთვის“ საბაჟო საწყობის სანებართვო მოწმობის გაცემით, ამ უკანაკნელს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მისცა სასაწყობო საქმიანობის განხორციელების უფლება და საბაჟო საწყობის ნებართვის გაცემით იქნა გამოხატული მისი თანხმობა, დაუშვას ეკონომიკური აგენტის მხრიდან საავტომობილო-საკონტეინერო ტვირთების სატერმინალო მომსახურების განხორციელების შესაძლებლობა. შესაბამისად, თუ ნებართვის მფლობელი რომელიმე სუბიექტი არ ასრულებს კანონმდებლობით მასზე დაკისრებულ მოვალეობას, შემოსავლების სამსახურის, როგორც ნებართვის გამცემი ორგანოს სამართლებრივ ბერკეტს წარმოადგენს პირის დაჯარიმება ან მისთვის ნებართვის გაუქმება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით.

საბოლოოდ, განსახილველი ფაქტის ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის ,,გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტების მიმართ ანალიზის შედეგად, დადგინდა ეკონომიკური აგენტის მიმართ შემოსავლების სამსახურის მხრიდან კონკურენციის შემზღუდველი ქმედების განხორციელების ფაქტი. უფრო კონკრეტულად, დადგინდა, რომ ადგილი აქვს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტს, რაც გამოიხატება შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია - ფოთი“-ს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ხელისშეშლაში.

ამასთან, დადგინდა, რომ ადგილი აქვს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევასაც, რადგან სსიპ - შემოსავლების სამსახურის ქმედებაში გამოხატული გადაწყვეტილებით, უპირატესობა ენიჭება და საავტომობილო-საკონტეინერო ტვირთების სატერმინალო მომსახურების ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობა ექმნება შპს „ინლენდ კონტეინერ ტერმინალ “-ს.

დარღვევის ფაქტის დადასტურებასთან ერთად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, შემოსავლების სამსახურს დაევალა ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის დარღვევის ფაქტის აღმოფხვრა და საავტომობილო-საკონტეინერო ტვირთების სატერმინალო მომსახურების ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების თანაბარ კონკურენტულ გარემოში ჩაყენების უზრუნველყოფა. ასევე, გატარებული ღონისძიებების შესახებ გონივრულ ვადაში ინფორმაციის მიწოდება კონკურენციის სააგენტოსათვის.

ამასთან, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს წარედგინა განსახილველად სავალდებულო რეკომენდაციები ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღებისათვის.

სახელდობრ, სააგენტოს მიერ შემუშავებულ იქნა 4 რეკომენდაცია, რომლებიც მიმართულია ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის ,,გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დარღვევის გონივრულ ვადაში აღმოფხვრისა და ბაზარზე თანაბარკონკურენტული გარემოს უზრუნველყოფისკენ. ასევე, აღნიშნული ბაზრის მომწესრიგებელი შესაბამისი ნორმატიული აქტების სრულყოფისკენ, რითაც შესაძლებელი უნდა გახდეს ერთი მხრივ, ბაზარზე შეთავაზებული მომსახურების ეფექტიანობისა და პროცესების სიმარტივის შენარჩუნება და მეორე მხრივ, კონკურენციის კანონმდებლობის დაცვა და მომავალში კონკურენციის შეზღუდვის პრევენცია.

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა სსიპ - კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 12 დეკემბრის N26 ბრძანების შესაბამისად განხორციელებული საქმის მოკვლევის თაობაზე

2014 წლის 7 და 12 ნოემბერს სსიპ - კონკურენციის სააგენტოში (შემდგომში - სააგენტო) წარმოდგენილ იქნა სს „ჯანმრთელობა“-ს განცხადებები, სს „ბალნეოსერვისი“-ს მიერ წყალტუბოს თერმულ-მინერალური წყლების სავარაუდო მონოპოლიზაციის ფაქტზე. განმცხადებლის პოზიციით, კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა გამოიხატება სს „ბალნეოსერვისი“-ს (როგორც წყალტუბოს თერმულ-მინერალური წყლების მოპოვებაზე ლიცენზიის მქონე ერთადერთი კომპანიის) მიერ კონკურენტი კომპანიისათვის სამკურნალო წყლის გადაცემაზე უარის თქმაში, იმ პირობებში, როდესაც თავად სს „ბალნეოსერვისი“ სრულად ვერ ითვისებს აღნიშნულ წყალს და იგი იღვრება. ხსენებულ განცხადებებთან დაკავშირებით, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 12 დეკემბრის N26 ბრძანების შესაბამისად, დაიწყო საქმის მოკვლევა სს „ბალნეოსერვისი“-ს მიერ „კონკურენციის შესახებ“ მე-6 მუხლის (დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) შესაძლო დარღვევის ფაქტზე. მოკვლევის ფარგლებში წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით, სააგენტომ შეისწავლა როგორც უშუალოდ კონკრეტული ფაქტი, რომელზეც განმცხადებელი აპელირებდა, ასევე, ლიცენზიანტის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების მდგომარეობა და ზოგადად - წყალტუბოს თერმულ-მინერალური წყლების ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო. მოკვლევის პროცესში, სალიცენზიო კანონმდებლობისა და დამკვიდრებული პრაქტიკის სიღრმისეულად გაცნობის, ლიცენზიანტის უფლება-მოვალეობების გარკვევისა და კონკრეტული ლიცენზიის თავისებურებების შესწავლის მიზნით, შედგა არაერთი შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი სტრუქტურების - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსა და საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ პირებთან. მოკვლევის ფარგლებში, უშუალოდ წყალტუბოს ბალნეოლოგიური კურორტის მახასიათებლებისა და თავისებურებების დასადგენად, სააგენტოს მიერ, შესაბამისი დარგის პროფესიონალთაგან, მიღებულ იქნა კონსულტაციები და ექსპერტული შეფასებები. მოკვლევის მთელი პროცესი განხორციელდა „საქმის მოკვლევის წესისა და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 30 სექტემბრის №30/09-5 ბრძანებით დამტკიცებული პროცედურის შესაბამისად. მხარეებს/დაინტერესებულ მხარეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესის გათვალისწინებით, როგორც დოკუმენტაციის წარმოდგენის ეტაპზე, ასევე სააგენტოში გამართულ მოსამზადებელ და შემაჯამებელ სხდომებზე, მიეცათ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის და საკუთარი პოზიციის/არგუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა. საბოლოოდ, განსახილველი ფაქტის ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების მიმართ ანალიზის შედეგად, არ დადასტურდა წყალტუბოს თერმულ-მინერალური წყლების ბაზარზე სს „ბალნეოსერვისი“-ს მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი. მიუხედავად აღნიშნულისა, ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს შეფასებისა და მისი მდგომარეობის განმსაზღვრელი ფაქტორების გათვალისწინებით, სააგენტომ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნატის „გ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების გათვალისწინებით, განსახილველად სავალდებულო რეკომენდაციები წარუდგინა ლიცენზიის მფლობელ ეკონომიკურ აგენტს - სს „ბალნეოსერვის“-ს და სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს. კერძოდ, სააგნეტოს მიერ შემუშავდა 8 რეკომენდაცია, რომელთაგანაც - 5 მიმართულია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოებისადმი, ერთი - ლიცენზიის მფლობელი ეკონომიკური აგენტისადმი, ხოლო დანარჩენი ორი გულისხმობს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიზანშეწონილობას. წარდგენილი რეკომენდაციები, ძირითადად ეხება შესაბამისი სტრუქტურების მიერ ბუნებრივი რესურსების ათვისებისა/გამოყენების ეფექტიანი მონიტორინგის განხორციელების და სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლის გამკაცრების აუცილებლობას. ამასთან, სააგენტოს დასკვნაში ყურადღებაა გამახვილებული იმ საკანონმდებლო ხარვეზებზე, რომელიც, გარკვეულწილად აფერხებს უფლებამოსილი სტრუქტურების საქმიანობის ეფექტურობას და საჭიროებს შესაბამის ცვლილებებს.

ბრძანება