კონკურენციის სააგენტო

info-gca@competition.ge
(032) 2 440 770 (EXT 21-74)

სიახლეები

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა სსიპ - კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 4 მარტის N32 ბრძანების შესაბამისად განხორციელებული საქმის მოკვლევის თაობაზე

2015 წლის 4 თებერვალს, სსიპ - კონკურენციის სააგენტოში (შემდგომში - სააგენტო) წარმოდგენილ იქნა შპს „ოპტიმალ გრუპ +“-ის (შემდგომში - განმცხადებელი) განცხადება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე პირთა მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე. კერძოდ, განმცხადებლის ინფორმაციით, საპროექტო/სამშენებლო/საინჟინრო სამუშაოების შესყიდვისას, შემსყიდველი ორგანიზაციების დიდი ნაწილი სატენდერო დოკუმენტაციაში იმპერატიულად უთითებს, რომ წარმოდგენილ უნდა იქნეს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდგომში - ექსპერტიზის ეროვნული ბიურო) მიერ გაცემული დასკვნა.

ხსენებულ განცხადებასთან დაკავშირებით, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის მიერ 2015 წლის 4 მარტს გამოცემული N32 ბრძანების შესაბამისად, დაიწყო საქმის მოკვლევა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე.

როგორც საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, სსიპ - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის (შემდგომში - აკრედიტაციის ცენტი) დირექტორის N317 განკარგულების საფუძველზე, განმცხადებელს 2014 წლის 17 დეკემბერს 4 წლის ვადით აქვს მინიჭებული აკრედიტაცია ნებაყოფლობით სფეროში, როგორც ინსპექტირების ორგანოს (მოწმობის NGAC-IB-0033). აკრედიტაციის მოწმობის შესაბამისად, განმცხადებელს ეძლევა ISO:17025 სტანდარტის დაცვით შემდეგი სახის ინსპექტირების განხორციელების უფლება:

ა) საპროექტო ობიექტის ხარჯთაღრიცხვის პროექტთან შესაბამისობის შეფასება/ინსპექტირება;

ბ) ობიექტზე შესრულებული სამუშაოების (ფორმა N2-ის) შეფასება/ინსპექტირება;

გ) ობიექტის ან მისი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობის, შესრულებული სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო, სადემონტაჟო, სარეკონსტრუქციო, სარესტავრაციო სამუშაოების პროექტთან და მოქმედ დოკუმენტებთან შესაბამისობის შეფასება/ინსპექტირება;

დ) ობიექტების სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა - ინსპექტირება;

აკრედიტაცია არის ოფიციალური საექსპერტო შეფასება, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მის საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრი (შემდგომში - აკრედიტაციის ცენტი) აკრედიტაციის მოწმობის გაცემით ოფიციალურად აღიარებს შესაბამისობის შემფასებელი პირის კომპეტენტურობას კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის.

ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, როგორც კანონის შესაბამისად შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, კანონმდებლობის შესაბამისად აქვს მინიჭებული საპროექტო/სამშენებლო/საინჟინრო სფეროში საექსპერტო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება და იგი ამ ნაწილში აკრედიტაციას არ საჭიროებს.

საქმის მოკვლევის პროცესში, ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ სადავო გახადა განმცხადებლისა და მათი სამოქმედო სფეროს იდენტურობის საკითხი. სახელდობრ, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები აპელირებდნენ იმ გარემოებაზე, რომ ექსპერტიზა და ინსპექტირება სამართლებრივად და შინაარსობრივად წარმოადგენს სხვადასხვა პროცესს.

წინამდებარე პოზიცია არ იქნა გაზიარებული სააგენტოს მიერ. შეფასებისას სააგენტო დაეყრდნო შიდა კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების ანალიზს, ასევე აკრედიტაციის ცენტრის განმარტებას, რომლის მიხედვითაც - ინსპექტირება არის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება ან პროფესიული მსჯელობის შედეგად დასკვნის გაკეთება (ექპერტიზა). ინსპექტირების ორგანოს აკრედიტაციას ანიჭებს სახელმწიფო ორგანო და მას გააჩნია როგორც სისხლისსამართლებრივი, ასევე, სხვა სახის პასუხისმგებლობა, მათ შორის პასუხისმგებლობის დაზღვევაც. ამასთან, ტერმინი ინსპექტირება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია, გამოიყენება ევროკავშირთან დაახლოვების მიზნით და შინაარსობრივად უთანაბრდება ექსპერტის დასკვნას. პროექტის/სამუშაოების ექსპერტიზა შესაძლებელია მიღწეულ იყოს ინსპექტირებითაც.

შესაბამისად, მიუხედავად ექსპერტიზისა და ინსპექტირების ცნებებს შორის არსებული ტერმინოლოგიური განსხვავებისა, სააგენტომ მიიჩნია, რომ შინაარსობრივად და სამართლებრივად ისინი წარმოადგენენ თანაბარი ძალის მქონე დოკუმენტებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, განმცხადებელი და ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, ხსენებული მოკვლევის მიზნებისათვის, მიჩნეულ იქნენ ერთი ბაზრის მონაწილე სუბიექტებად (კონკურენტებად).

საქმის მოკვლევის პროცესში სსიპ - შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის ანალიზისა და სახელმწიფო ტენდერების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ განმცხადებლის მიერ აკრედიტაციის მოწმობის მიღებიდან, კერძოდ 2014 წლის 17 დეკემბრიდან 2015 წლის 20 აპრილამდე გამოცხადებული 169 ტენდერიდან 47 შემთხვევაში შემსყიდველის მიერ იმპერატიულად იყო მოთხოვნილი მხოლოდ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა.

მოკვლევის მთელი პროცესი წარიმართა - „საქმის მოკვლევის წესისა და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 30 სექტემბრის №30/09-5 ბრძანებით დამტკიცებული პროცედურის შესაბამისად. მხარეებს/დაინტერესებულ მხარეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესის გათვალისწინებით, როგორც დოკუმენტაციის წარმოდგენის ეტაპზე, ასევე, სააგენტოში გამართულ სხდომებზე, მიეცათ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის და საკუთარი პოზიციის/არგუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა. ამასთან, შედგა შეხვედრები საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრის, სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებთან.

საბოლოოდ, სააგენტომ დაადგინა, რომ საპროექტო/სამშენებლო/საინჟინრო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში მხოლოდ ერთი კონკრეტული პირის მიერ შედგენილი შესაბამისობის დოკუმენტის წარმოდგენის მოთხოვნით, შემსყიდველი ორგანიზაციების - სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხრიდან ადგილი აქვსკონკურენციის შესახებსაქართველოს კანონის მე-10 მუხლისქვეპუნქტის დარღვევის ფაქტს.

შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე შემსყიდველ ორგანიზაციებს ეცნობათ, რომ სატენდერო დოკუმენტაციაში დაფიქსირებული მოთხოვნა ჩამოაყალიბონ შემდეგი ფორმულირებით: „სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ან სხვა აკრედიტებული პირი“ ან სხვა იმგვარი ფორმით, რომელიც გამორიცხავს პრეტენდენტთა მიერ მხოლოდ ერთი კონკრეტული პირის მიერ გაცემული დასკვნის შეთავაზების პირობას.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს უმთავრეს, მაქსიმაპრიმატულ მიზანს წარმოადგენს - მიღებული გადაწყვეტილებით მომავალში მოახდინოს მსგავსი დარღვევების პრევენცია და ბაზარზე თავისუფალი, ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრება.

ამასთან, კანონდარღვევის სისტემური და მასშტაბური ხასიათის გათვალისწინებით, ეთხოვა სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შესაბამის ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტებისათვის თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნის უზრუნველყოფის მიზნით, განახორციელოს სააგენტოს გადაწყვეტილების თაობაზე შემსყიდველი ორგანიზაციების ინფორმირება.

ამავდროულად, გარდა ზემოაღნიშნულისა, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობას წარედგინა რეკომენდაცია შესაბამის ბაზარზე თანაბარკონკურენტული გარემოს დამკვიდრებისათვის.

ბრძანება

ვიდეორგოლი კონკურენციის სააგენტოს საქმიანობის შესახებ
08/05/2019
საქართველო საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს კონკურენციის პოლიტიკა: ტენდენციები და გამოწვევები
27/09/2018
მეორე საერთაშორისო კონფერენცია - კონკურენციის პოლიტიკა: ტენდენციები და გამოწვევები
04/04/2018
პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია
28/11/2017
კონკურენციის პოლიტიკის 25 წლის იუბილე
28/06/2017
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს სატელეფონო ცნობარი
11/05/2017
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს საკონტაქტო ტელეფონი შეიცვალა,
05/05/2017
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ერთი თვის მუშაობის შედეგები
03/01/2017